რა დაეხმარება და რა შეუშლის ხელს?" />

კრიპტო-ვალუტას აფხაზეთში შესვლა სურს

რა დაეხმარება და რა შეუშლის ხელს?

ფოტო: სერგეი  დემიანოვი, JAMnews

აფხაზეთში ბოლო კვირების განმავლობაში გამალებით განიხილავენ ფულის ახალი სახეობის – ეროვნული კრიპტო-ვალუტის  შესაძლო გაჩენის საკითხს.

„აფხაზეთი, შესაძლოა, მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც ეროვნულ კრიპტო-ვალუტას გამოუშვებს, და ამას რამდენიმე კვირა მოუნდება“, – განაცხადა აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა ადგურ არძინბამ.

დაახლოებით ერთი თვის წინ, აფხაზეთმა მოსკოვში კონფერენციაზე თავისი ერთ მილიარდ დოლარად ღირებული ბლოკჩეინი-სტარტაპის პრეზენტაცია მოაწყო. კონფერენცია კომპანია  BCSG-ის მიერ იყო ორგანიზებული, სიმბოლური სახელით „Blockchain: უკან დასახევი გზა არ არსებობს“.

 აფხაზური პრეზენტაცია იუწყებოდა, რომ ყველა აუცილებელი ხარჯისთვის რესპუბლიკას მილიარდი დოლარი სჭირდება. ამ თანხის მიღება იგეგმება შეზღუდული რაოდენობის ტოკენების გამოშვებით, სახელწოდებით ARC, რაც ნიშნავს „Abkhazian Republic Coin“. ვარაუდობენ არაუმეტეს რვა მილიარდი ვირტუალური მონეტის გამოშვებას.

პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ აფხაზური კრიპტო-ვალუტის შექმნა ადგილობრივ ეკონომიკას საინტერესოს გახდის უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც არსებული საერთაშორისო სანქციების გამო, აფხაზეთში ფულის ჩადებას ჯერ ვერ წყვეტენ. მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ჩვეულებრივი ფულისგან განსხვავებით, კირიპტო-ვალუტის მიმოქცევისთვის თვალ-ყურის დევნება ჯერჯერობით შეუძლებელია. შესაბამისად, ჰიპოთეტური ინვესტორი შესაძლო დევნისგან დაზღვეული იქნება.

“უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა და შეზღუდვები, – ამბობს აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა, – ჩვენ ფართო პოლიტიკური აღიარება არ გვაქვს და მუდმივად ვიმყოფებით ისეთი არასტანდარტული გადაწყვეტილებების ძიებაში, რაც განვითარების მისაღები დონის მიღწევის საშუალებას მოგვცემდა. სტანდარტული სქემები ასევე აუცულებელია, თუმცა მკვეთრი გარღვევაც შეიძლება გაკეთდეს, ოღონდ არატრივიალური რაღაცების გამოყენებით”.

 „გარღვევა შეიძლება გაკეთდეს, ოღონდ არატრივიალური რაღაცების გამოყენებით“.

პოტენციური ინვესტორებისთვის მასტიმულირებელ ფაქტორად იაფი ელექტროენერგია უნდა იქცეს. ადგილობრივი ტარიფი იურიდიული პირებისთვის კილოვატ/საათში სულ 80 კაპიკს (15 ცენტს) შეადგენს. გარდა ამისა, ინვესტორებს სამი წლით ყველა სახის გადასახადისგან გათავისუფლებას ჰპირდებიან.

პოტენციური სიძნელეები, რაც შეიძლება კრიპტო-ვალუტამ აფხაზეთს შეუქმნას

ერთი კილოვატი ელქტროენერგიის საფასური – 80 კაპიკი აფხაზეთს ხელსაყრელ ვარიანტად აქცევს. თუმცა, კრიპტოვალუტის შესაქმნელად საჭიროა ელექტროენერგიის უზარმაზარი მოცულობა – ამასთან დაკავშირებით კი რესპუბლიკას ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს.

ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა, დაბალი ძაბვა ქსელში – აფხაზეთის ცხოვრების ეს თავისებურებები საეჭვოს ხდის, რომ უზარმაზარი რაოდენობის ვირტუალური ვალუტის შექმნის შეუფერხებელი პროცესის უზრუნველყოფა შესაძლებელია.

პროექტის მინუსებს შორისაა – აფხაზეთში საკუთარი ვალუტის არარსებობაც. აქ საბანკო ბარათების ნორმალური სისტემა არ მუშაობს – თუნდაც ჩინეთისგან განსხვავებით, სადაც სახელმწიფო კრიპტო-ვალუტის გაჩენას 2018 წლის შუაში ელოდებიან, და იმედოვნებენ, რომ ის იუანის სტაბილიზაციას გამოიწვევს  და მთლიანობაში ფინანსურ სისტემას  გაამყარებს.

„ვალუტის შექმნა და მისთვის  სახელის დარქმევა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება – მაგრამ მთავარი ისაა, ექნება თუ არა მას რაიმე ღირებულება?“ – უთხრა JAMnews-ს რუსმა ბიზნესმენმა იგორ ვაროვმა, რომელიც აფახზეთში აქტიურად მუშაობს.

„ვენესუელაში ვალუტის ფასი თვეში ასობით პროცენტით ეცემა. ყვლამ ვიცით ბევრი ისეთი შემთხვევაც, როდესაც სახელმწიფო ვალუტა უზარმაზარი სისწრაფით ეცემოდა, დევალვირდებოდა და ა. შ. აქ კი ყველაფერი გაბერილი და არაბუნებრივია. ეს ბიტკოინები არაფრით არ არის უზრუნველყოფილი“.

ვაროვის აზრით, ეს პროექტი თავიდანვე ძალიან რთულია და ოდნავ გაუგებარია, „რა საჭიროა მისი წამოწყება, როდესაც ქვეყანაში დაულაგებელი ფინანსური სისტემაა“.

მისივე თქმით, კიდევ უფრო მეტი უაზრობაა ინვესტორებისთვის „დაუბეგრავი სამოთხის“  შექმნა.

აფხაზეთს გადასახადები ძალიან ესაჭიროება. ეს ქვეყანა სწორედ მათი წყალობით არსებობს და ვითარდება. სახელმწიფოს სახელით ისეთი პროექტის შექმნა, რომლითაც ადამიანების „კონკრეტული ჯგუფი“ გამდიდრდება, არასწორია“, – თქვა ვაროვმა.

და დასძინა: „სხვათა შორის, მეეჭვება, რომ ეს პროექტი განხორციელდეს“.

აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ამგვარ მიდგომას კატეგორიულად არ ეთანხმება.

„გარანტიას ვიძლევით, რომ მოზიდული სახსრები მთლიანად აფხაზეთის ეკონომიკის განვითრებას, ინფრასრუქტურის მოდერნიზებას მოხმარდება. ეს კი თავის მხრივ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრებზე აფხაზური კრიპტო-ვალუტის ღირებულების ზრდასაც“, – ამბობს ადგურ არძინბა.

აფხაზი ჟურნალისტი ანტონ კრივენიუკი ამბობს, რომ  პირადად ის მინისტრმა ვერ დაარწმუნა:

„ჯერ საჭიროა მძიმე შრომა, ეკონომიკის განვითარება. საკუთარი კრიპტო-ვალუტის შექმნა – რასაკვირველია, თაღლითობა არ არის, თუმცა „დიდი ფულის მოხსნის“  ერთგვარი გულუბყვრილო მცდელობაა, სანამ ამის საშუალება აქვთ“.  

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ