არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ივანიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ სცენაზე გამოდის" />

ივანიშვილმა ჟურნალისტები ინტერვიუზე დაპატიჟა. თუმცა, მათ ამ შეთავაზებაზე უარი თქვეს

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ივანიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ სცენაზე გამოდის

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საჯარო განცხადებას აკეთებს და მზადაა ვრცელი ინტერვიუსთვის.

ივანიშვილმა თავად დაასახელა ის ჟურნალისტები, ვისთანაც მზად არის ხვალ, 22 ოქტომბერს ისაუბროს.

ეს არის გიორგი გაბუნია რუსთავი 2-იდან, ინგა გრიგოლია ტვ პირველიდან და ირაკლი ჩიხლაძე ტვ იმედიდან. როგორც „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში აცხადებენ, ესენი არიან “ყველაზე რეიტინგული თოქ-შოუების წამყვანები” და ამიტომ შეირჩნენ ივანიშვილთან ინტერვიუსთვის.

ივანიშვილთან ინტერვიუზე დაპატიჟებული სამი ჟურნალისტიდან მხოლოდ ირაკლი ჩიხლაძემ მიიღო მიწვევა.

ინგა გრიგოლიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ გადაცემა აქვს და ამიტომ ვერ წავა ინტერვიუზე. მისი თქმით, არხი გადაწყვეტს, ვის მიავლენს ივანიშვილთან შეხვედრაზე. გრიგოლია წერს, რომ სხვა ნებისმიერ დროს იგი მზად არის ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუსთვის.

გიორგი გაბუნიას პოზიცია ჯერ უცნობია, თუმცა, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ასევე ფეისბუკზე დაწერა, რომ არხისთვის მიუღებელია ინტერვიუებზე ჟურნალისტების პერსონალური მიპატიჟება:

ჩამონათვალში ვერ მოხვდა საზოგადოებრივი მაუწყებელი. ეს ფაქტი “ქართულ ოცნებაში” იმით ახსნეს, რომ ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ უკვე ჰქონდა ვრცელი ინტერვიუ ამ არხთან.

ინტერვიუ, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” ოფისში შედგება და საღამოს 22.00 საათზე დაიწყება. ინტერვიუს პარტიული კამერები ჩაიწერენ და სიგნალს ყველა დაინტერესებულ მედიასაშუალებას გადასცემენ.

“ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი მომავალში უფრო აქტიურად აღადგენს ჟურნალისტებთან ურთიერთობის პრაქტიკას და მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც გეგმავს.

განცხადება პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, აპრილში გააკეთე. ის მმართველი გუნდის – “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეობას დაუბრუნდა.

იმდროინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ  პოლიტიკაში დაბრუნება მან მთელი გუნდის სახელით პირადად სთხოვა ივანიშვილს. ამ განცხადებიდან რამდენიმე თვეში კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა და მიზეზად ივანიშვილთან პოზიციების შეუთანხმებლობა დაასახელა. 

ბიძინა ივანიშვილი უკვე ოთხი წელია აღარ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2012 წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, თუმცა 2013 წლის შემოდგომაზე  მან პრემიერ-მინისტრის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა და როგორც თავად აცხადებდა, სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში ივანიშვილს არავითარი ოფიციალური თანამდებობა არ ეკავა, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ საქართველოს რეალური მმართველი სწორედ ის არის. 

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ივანიშვილს მონაწილეობა არ მიუღია – ის არც საარჩევნო კლიპებში ჩნდებოდა, როგორც ამჯერად, და არც საჯარო გამოსვლები ჰქონდა.

ის ფაქტი, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ივანიშვილი პოლიტიკურ სცენაზე გამოჩნდა,  ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის მყიფე მდგომარეობაზე მიანიშნებს, მიიჩნევენ პოლიტიკური დამკვირვებლები. 

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერსაა. საქართველო რიგით მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს. 


ასევე წაიკითხეთ