თბილისის მერი წინასაარჩევნო პირობას ასრულებს - "გამოცოცხლდეს თბილისის კულტურული ცხოვრება"" />

თბილისში ღამის ავტობუსები ივლიან

თბილისის მერი წინასაარჩევნო პირობას ასრულებს - "გამოცოცხლდეს თბილისის კულტურული ცხოვრება"

REUTERS/დავით მძინარიშვილი

დღეიდან თბილისის ქუჩებში ღამის ავტობუსები ივლიან. ამის შესახებ დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურში განაცხადეს.

ხელისუფლების ახალი ინიციატივა თბილისის „ღამის ეკონომიკის“ განვითარების მიზანს ისახავს. ახლა მუნიციპალური ავტობუსები მოქალაქეებს პარასკევსა და შაბათს ღამითაც მოემსახურება, – წერს „ახალი ამბები-საქართველო“.

პირველ ეტაპზე №222 ავტობუსი შუაღამიდან ადგილობრივი დროით დილის 06:00-მდე ივლის. მისი მარშრუტი მეტროსადგურ „ახმეტელის თეტრიდან“ ვარკეთილამდეა.

„ეს საპილოტე პროექტია, და თუ გაამართლებს, ერთ თვეში აუცილებლად სხვა რეისებს დავამატებთ. ღამის ავტობუსი მნიშვნელოვანი და მოსახერხებელი იქნება არამხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ღამის საათებში უწევს  მუშაობა და გადაადგილება“, – განაცხადა მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ.

„ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის ხელმძღვანელის სერგი გვარჯალაძის თქმით, №222 მარშრუტი ღამის საათებში ქალაქის ყველაზე აქტიურ ლოკაციებს მოიცავს.

„მითითებული ავტობუსით ერთმანეთს დაუკავშირდება ქალაქის ორი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი – გლდანი და ვარკეთილი. მარშრუტი ქალაქის იმ კულტურულ ცენტრებს მოიცავს, სადაც პარასკეობით და შაბათობით ყველაზე მეტი აქტიურობაა. ეს არის ასევე აბანოთუბანი და აღმაშენებელის განახლებული პროსპექტი“, – აღნიშნა მან.

გვარჯალაძის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე მერია ზუსტად განსაზღვრავს, თუ რომელი ტიპის ტრანსპორტია ღამის საათებში ქალაქისთვის აუცილებელი.

ასევე წაიკითხეთ : თბილისს ღამის ეკონომიკა ექნება. რა არის ეს?

პილოტური მარშრუტით MAN-ის მარკის ავტობუსები ერთი საათის ინტერვალით ივლიან. ტარიფი სტანდარტული იქნება -50 თეთრი (დაახლოებით  0,19 დოლარი). ასევე იმოქმედებს შეღავათიანი ტარიფებიც.

ახალი ავტობუსის პირველ მგზავრებს სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ – ავტობუსში მათ ქართველი და უცხოელი ავტორების წიგნებს გადასცემენ.

ღამის თბილისის განვითარება – კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა. მერს მიაჩნია, რომ ღამის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება დედაქალაქის შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.


ასევე წაიკითხეთ