უხარისხო მუსიკა "ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს" - ამბობს სერგი გვარჯალაძე" />

თბილისში ქუჩის მუსიკოსებს ქუჩაში დაკვრისთვის, შესაძლოა, საბუთი მოსთხოვონ

უხარისხო მუსიკა "ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს" - ამბობს სერგი გვარჯალაძე

თბილისის მერიამ ქუჩის მუსიკოსებისთვის, შესაძლოა, ახალი რეგულაციები შემოიღოს – მუსიკოსებს, რომლებიც თბილისის ქუჩებში უკრავენ, შესაძლოა, სპეციალური დოკუმენტი მოსთხოვონ.

ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსს” თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ უთხრა.

გვარჯალაძე ამბობს, რომ ზოგი მუსიკოსი, რომელიც ქუჩაში უკრავს, თავის შემოქმედებით „ვნებს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ყურს, არამედ ტურისტებზე არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს“.

ამიტომაც, გვარჯალაძის თქმით, ქუჩის მუსიკოსებს დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს.

ვინ გასცემს ამ დოკუმენტს ან ვინ და რა კრიტერიუმებით გადაწყვეტს, რომელმა მუსიკოსმა იმღეროს ქუჩაში და რომელმა – არა, ამას ღამის ეკონომიკის პროექტის ხელმძღვანელი ინტერვიუში არ აკონკრეტებს.

ამავე ინტერვიუში გვარჯალაძის ამბობს, რომ ლიცენზიის აღება მოუწევთ ქართულ რესტორნებსაც, სადაც ცოცხალი მუსიკა უკრავს.

ლიცენზირების აუცილებლობას გვარჯალაძე იმით ხსნის, რომ ქალაქის ისტორიულ უბნებში არის რამდენიმე რესტორანი, საიდანაც ხმამაღალი მუსიკა ისმის და ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის სტუმრებს აწუხებს.  ლიცენზიას მიიღებს მხოლოდ ის რესტორანი, რომელსაც შესაბამისი აკუსტიკური იზოლაცია ექნება.

“ბევრ ქვეყანაში არსებობს ცოცხალი მუსიკის ლიცენზია ანუ ყველა რესტორანი ვერ იღებს ამ ლიცენზიას თუ  აკუსტიკურად შესაბამისად იზოლირებული არ არის. ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს”, – ამბობს გვარჯალაძე.

მისი თქმით, დაახლოებით, ერთი თვის წინ თბილისში ჩამოსული იყო “აკუსტიკის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი”.

“მასთან ერთად დავაკვირდით კრიტიკულ ადგილებს სამი ღამის განმავლობაში. პირველი რეკომენდაციაა, რომ რესტორნებმა მუსიკის ხმას უნდა ჩაუწიონ. ხმამაღალი მუსიკა აფრთხობს კლიენტებს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში,” – ამბობს გვარჯალაძე.

ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივაა.

როგორც კალაძე აცხადებს, ღამის ეკონომიკის პროექტის მთავარი მიზანია თბილისის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება და ქალაქის საგადასახადო შემოსავლების გაზრდა.

მარტში ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად კალაძემ ქართველი მუსიკოსი და ტელეპროდიუსერი სერგი გვარჯალაძე დანიშნა.

თბილისელები სკეპტიკურად უყურებენ ამ ინიციატივას. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში ანტინარკოტიკული რეიდი მოაწყვეს და საკმაოდ უხეში ფორმებით კლუბებიდან გამოიყვანეს იქ გასართობად მისული ადამიანები.

“კალაძე სად ხარ? დაგენგრა ღამის ეკონომიკა თავზე!” – წერდნენ მაშინ ფეისბუკმომხმარებლები.

“ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში გვარჯალაძე ამბობს, რომ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია “მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საკლუბო სცენისთვისაც”.

“კადრი, რომელზეც „რეივერები“ ცეკვავენ პარლამენტის შენობის წინ, იხილა მილიონობით ადამიანმა მსოფლიოში. ამ თვალსაზრისით, ამ ამბავს პოზიტიურად ვუყურებ. მეორე მხრივ, ჩვენ დავინახეთ, რომ გვაქვს ბევრი მოსაგვარებელი პრობლემა,” – აღნიშნა გვარჯალაძემ.

•  ღამის ეკონომიკა შედარებით ახალი ტერმინია და აღნიშნავს ისეთ ეკონომიკურ აქტივობებს, რომლებიც ხდება საღამოს (არა მხოლოდ ღამე), მას შემდეგ რაც ადამიანები ასრულებენ თავიან ძირითად საქმიანობას  – სამსახურს, სწავლას და ა.შ.

•  ღამის ეკონომიკის მთავარი კომპონენტია ღამის კლუბები, თუმცა არა მხოლოდ ისინი. ღამის ეკონომიკის ნაწილია გვიანობამდე მომუშავე კაფე-რესტორნები, მუზეუმები, ცოცხალი მუსიკა, ბოულინგ-კლუბები თუ სხვა გასართობი და არა მარტო გასართობი დაწესებულებები. ასევე ტრანსპორტი, რომელიც ადამიანებს ღამის საათებში ემსახურება ან აფთიაქი, რომელიც ღამის საათებშიც ღიაა.

• ფოტო: ვლადიმერ ვალიშვილი

ასევე წაიკითხეთ