ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში - ჟურნალისტის რეაბილიტირების დროა" />

თაღლითობაა თუ არა რკინიგზის აღსადგენად აფხაზეთისთვის გამოყოფილი რუსული კრედიტი?

ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში - ჟურნალისტის რეაბილიტირების დროა

ორი თვის წინათ მოსკოვმა და სოხუმმა ხელის მოაწერეს საბუთს იმ ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ, რომელიც რკინიგზის აღსადგენად რუსეთისგან ორი მილიარდის ოდენობის კრედიტის აღებას შეეხება.

ამ შეთანხმებების თანახმად, ახლა კრედიტის დაფარვა კიდევ ექვსი წლით გაგრძელდა, ანუ 2019 წლამდე. გარდა ამისა, გაუქმდა საპროცენტო გადასახადი, და შესაბამისად, წლიურად გადასახადი თანხაც, რომელიც მძიმედ აწვებოდა აფხაზეთის ბიუჯეტს, 316-დან 109 მილიონ რუბლამდე შემცირდა (დაახლოებით $ 2,5 მილიონი).

მაგრამ დოკუმენტი ძალაში რომ შესულიყო, საჭირო იყო მისი რატიფიცირება. და აი, ახლა აფხაზეთის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი (სხვა ვარიანტის მოლოდინი უცნაურიც იქნებოდა) და ეს გარიგება საბოლოოდ გააფორმა. 

სოხუმის ცნობილი ყავახანის „ბრეხალოვკას“ მუდმივ ბინადრებს შვებით აღმოხდათ „უფფფფ“, და მარტივი გამოთვლებით დაიწყეს დაზოგილი თანხების თავიანთ საპენსიო ბარათებზე გადანაწილება. გამოთავისუფლებული სახსრებით პენსიების გაზრდა მათ ყველაზე გონივრულ გადაწყვეტილებად მიაჩნიათ.

ადგილობრივი პოლიტიკოსები კი თვითტკბობას მიეცნენ, ეს მოვლენა ალბათ მეგობრულ წრეში კარგი ღვინითაც დაასველეს, და თან ხოტბას ასხამდნენ კრემლისთვის გულის აჩუყების თავიანთ უნარს, რომელიც აფხაზეთის წარმომადგენელთა მრავალგზის მუდარის შემდეგ, როგორც იქნა, გამოიჩინეს. რას არ გაგაკეთებინებს სამშობლოს სიყვარული!

ეს ავბედითი კრედიტიც ხომ, თავის დროზე, ბუნებრივია, მხოლოდ „სამშობლოს სიყვარულმა“ ააღებინათ. აფხაზეთის მთავრობას სხვა მოტივაცია არც არასდროს ჰქონია, როდესაც საქმე ფულს ეხება. ორი მილიარდი რუბლი (დაახლოებით $ 35 მილიონი) ყოველგვარი გათვლითი დოკუმენტაციის გარეშე, და ამ ოპერაციით მიღებული რეალური ეკონომიკური სარგებლის გაუანალიზებლად აიღეს.

უნდა ვაღიაროთ, რომ იმ მომენტისთვის სამშობლოსადმი ცალმხრივი სიყვარული ქვეყანაში ისე ჭარბობდა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ გარიგების პარლამენტში რატიფიცირებაც კი ზედმეტ ფორმალობად და დროის ფუჭ ფლანგვად მიიჩნიეს.

საბოლოოდ მოსკოვში ყალბი დოკუმენტი გაიგზავნა. სალაროში კი ფული ჩაირიცხა და კარგადაც დაიხარჯა. მათ შორის, თანხა ეყო იმ ჩიხის მცირედ შეკეთებასაც, რასაც სინამდვილეში აფხაზური რკინიგზა წარმოადგენდა. თუმცა, ჩატარებული სამუშაოს ჩაბარების აქტისთვის ხელი აქამდე არ მოუწერიათ. მაგრამ, ეს წვრილმანებია.

როდესაც გადახდის დრო დადგა, და დეპუტატების კორპუსის ერთ ნაწილს უცბად ეჭვები გაუჩნდა – პარლამენტმა გენერალურ პროკურატურას საკრედიტო გარიგების სამართლებრივი შეფასების თხოვნით მიმართა. იქ კი ლამის დედა დაიფიცეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, და სამშობლოზე დარდიც გულიდან საბოლოოდ მოეშვათ. „ესენი ნამდვილად არ გაყიდიან“, – იფიქრებდი მაშინ.

მაგრამ შეუძლებელია, რომ მთელ, თუნდაც საკმაოდ პატარა ქვეყანაში, ერთი არაპატრიოტი არ იყოს. ვინმე გზააბნეული ცხვარი მაინც გამოჩნდება. ასეთია ჟანრის კანონები. დასაკლავად განწირული „ცხვარი“ რომც არ არსებობდეს – ამ როლზე ვინმე აუცილებლად უნდა დაინიშნოს. სხვაგვარად ხალხს ვერ აუხსნი, თუ ერთი მხრივ, რატომ ვერ დაისადგურა აფხაზეთში ამდენ ხანს კომუნიზმმა, და მეორე მხრივ – რატომ გრძელდება ისევ მისკენ სწრაფვა.

საბოლოოდ დაბალი ღობე თავად გამოჩნდა. ჟურნალისტმა ანტონ კრივენიუკმა გაბედა და სარკინიგზო კრედიტთან დაკავშირებით დადებულ ახლათახალ გარიგებას თაღლითობა უწოდა. პატრიოტებმა გენპროკურატურიდან მაშინვე სისხლის სამრთლის საქმე წამოიწყეს, ხოლო აფხაზეთის არანაკლებ პატრიოტულმა სასამართლომ კრივენიუკს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა – პირობითად.

მან სამშობლო მალევე დატოვა, და მიტოვებულ სამშობლოში პატრიოტების რიცხვი ასპროცენტიან ნიშნულამდე აიყვანა.

თუმცა, მოსალოდნელმა ბედნიერებამ მაინც არ დაისადგურა. სამწუხაროდ, აფხაზეთი აქამდე იხდის  გადასახადებს, და – არამარტო სარკინიგზო კრედიტისთვის. და გადაიხდის კიდეც, ვიდრე სამიზნედ კითხვების დამსმელი ჟურნალისტები ეყოლებათ და არა ის ჩინოსნები, რომლებმაც პატრიოტული სიმღერებით ქვეყანა სისტემურ კაბალაში ჩააგდეს.

დროა, ანტონ კრივენიუკის რეაბილიტირება მოხდეს. ეს მასზე მეტად ჩვენ გვჭირდება, რომ მომავლის იმედი მაინც გაგვიჩნდეს.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ავტორის ტერმინოლოგია მის პოზიციას გადმოსცემს და, შესაძლოა, რედაქციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს

ასევე წაიკითხეთ