უკვე 40 დღეა, რაც რუსეთის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი შიმშილობს" />

“ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ადამიანი კვდება!” – ვინ არის ოლეგ სენცოვი?

უკვე 40 დღეა, რაც რუსეთის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი შიმშილობს

22 ივნისს გახდება 40 დღე, რაც უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი შიმშილობს.

სენცოვს რუსეთის მართლმსაჯულებამ 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ყირიმში ტერაქტების ორგანიზება. საერთაშორისო ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ სენცოვი პოლიტპატიმარია.

სენცოვმა შიმშილობა 14 მაისს გამოცხადა. ის ითხოვს რუსულ ციხეებში მყოფი 64 უკრაინელი პოლიტპატიმრის გათავისუფლებას.

საქმის მასალებით სენცოვის ბრალეულობა არ მტკიცდება. საქმეში არ ფიგურირებს არ არც ერთი ადამიანი, რომელსაც სენცოვის ქმედებების გამო ზიანი მიადგა. უფლებადამცველები განგაშის ზარს სცემენ –  სენცოვის ორგანიზმი მალე ვერ გაუძლებს მკაცრ შიმშილობას, მისი სიცოცხლე საფრთხეშია.

უკრაინის ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ზუსტი ცნობები სენცოვის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს არ აქვს. მისი თქმით,  არსებობს ეჭვი, რომ სენცოვს ციხეში არაადამიანურად ეპყრობიან და იძულებით კვებავენ.

ვინ არის ოლეგ სენცოვი?

ოლეგ სენცოვი სასამართლო პროცესზე. ფოტო: REUTERS/სერგეი პივოვაროვი

ოლეგ სენცოვი უკრაინელი რეჟისორია. დაიბადა სიმფეროპოლში 1976 წელს. ჰყავს ორი შვილი. მისი დოკუმენტური ფილმი “Gamer” არაერთი კინოფესტივალის გამარჯვებულია. ის “ავტომაიდანის” აქტივისტი იყო. არასოდეს აქამდე შემჩნეული არ ყოფილა ძალადობრივ ქმედებებში.

როდის და რატომ დააკავეს ის?

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ოლეგ სენცოვი 2014 წლის გაზაფხულზე დააკავა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული მიიერთა.

2015 წლის აგვისტოში მას ტერორიზმის ბრალდებით 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. რუსული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს წლები სენცოვმა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა გაატაროს.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ვერსიით, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ სენცოვი სიმფეროპოლში, სევასტოპოლსა და იალტაში ტერორისტულ აქტებს გეგმავდა და ახორციელებდა.

კერძოდ, მას რუსეთის მმართველი პარტიის, “ედინაია როსიას” ყირიმის ოფისის და ასევე “ყირიმის რუსული სათვისტომოს” ოფისების დაწვა ბრალდება. ასევე, ფე-ეს-ბე-ს ინფორმაციით, სენცოვი და მისი ჯგუფის წევრები ხელნაკეთი ყუმბარით სიმფეროპოლში ლენინის ძეგლის აფეთქებას გეგმავდნენ.

სენცოვი არ აღიარებს დანაშაულს და ამბობს, რომ ციხეში მას სასტიკად აწამებდნენ, რომ აღიარებითი ჩვენება მიეღოთ.

იმ დროს, როდესაც მოსამართლე ამ გადაწყვეტილებას კითხულობდა, სენცოვმა სასამართლო დარბაზში უკრაინის ჰიმნი იმღერა. ახლა სენცოვი იამალას კოლონიაშია.

რა მტკიცებულებები არსებობს სენცოვის წინააღმდეგ?

საქმეც მაგაშია, რომ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს. დანაშაული, რომელიც სენცოვს ბრალდება (ედინაია როსიას და ყირიმის რუსული სათვისტომოს ოფისების დაწვა), რეალურად სხვებმა – ალექსეი ჩირნიიმ და გენადი აფანასიევმა ჩაიდინეს.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ბრიტანელ მუსიკოსს, ელტონ ჯონს გადასცემს მაისურს, რომელზეც ოლეგ სენცოვის ფოტოა გამოსახული. 2015 წლის სექტემბერი, კიევი. ფოტო: REUTERS

ამას მოწმობს საქმის მასალებიც. თუმცა, ამ ორმა ადამიანმა სასამართლოს უთხრა, რომ მათი ლიდერი სენცოვი იყო და ისინი სენცოვის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ. ამ ორი მოწმის ჩვენების გარდა, სხვა არანაირი მტკიცებულება სენცოვის წინააღმდეგ საქმეში არ დევს. ამასთან, ერთ-ერთმა მოწმემ – აფანასიევმა სასამართლოზე უკან წაიღო თავის სიტყვები და თქვა, რომ გამოძიებას სენცოვის წინააღმდეგ ჩვენება მას შემდეგ მისცა, რაც აწამეს.

სამართალდამცავებმა ვერავითარი კომპრომატი ვერ იპოვეს სენცოვის სახლის ჩხრეკის დროსაც. სენცოვისთვის ბრალის დასამტკიცებლად გამოძიება ისეთ აბსურდამდეც კი მივიდა, რომ ცდილობდა კომპრომატად ექცია რეჟისორის ბინაში, DVD დისკზე ნაპოვნი ფილმი – “ჩვეულებრივი ფაშიზმი”. გამოძიება ამტკიცებდა, რომ მიხაილ რომის ეს სურათი მეტყველებდა იმაზე, რომ სენცოვი ფაშისტების და ფაშიზმის მიმართ სიმპათიითაა გამსჭვალული.

მსოფლიო ჩემპიონატი და შიმშილობა

შიმშილობა ოლეგ სენცოვმა 14 მაისს გამოაცხადა. ის ითხოვს რუსეთის ციხეებში მყოფი უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. შიმშილობის დრო საგანგებოდ იყო შერჩეული. უკრაინელი რეჟისორი ცდილობს დაანახოს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება ქვეყანაში, სადაც ირღვევა ადამიანების უფლებები, ციხეებში გამომწყვდეულები არიან პოლიტპატიმრები და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები.

სენცოვის მხარდასაჭერი აქცია კიევში, რუსეთის საელჩოსთან. ფოტო: REUTERS/ ვალენტინ ოგირენკო

“ვლადიმირ ვლადიმირის ძევ! ადამიანი კვდება”

რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რამდენჯერმე მოუწია პასუხის გაცემა სენცოვთან დაკავშირებულ კითხვებზე. 7 ივნისს, როდესაც მას დიდი პრესკონფერენცია ჰქონდა, პუტინს კითხეს, ხომ არ იყო შესაძლებელი სენცოვის შეწყალება ან მისი გაცვლა უკრაინული მხარის მიერ დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებზე. პუტინმა თქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ამ თემაზე ჯერ არ უფიქრია.

მათ შორის, ვინც სენცოვის მხარდასაჭერი წერილით მიმართა პუტინს და მისი გათავისუფლება მოითხოვა, არიან – ანჟეი ვაიდა, კეით ბლანშეტი, ჯონი დეპი, მერილ სტრიპი, აკი კაურისმიაკი, ჯონათან ფრანზენი და სხვები. ასევე რუსი კინემატოგრაფისტები: ალექსანდ სოკუროვი, ანდრეი ზვიაგინცევი, ნიკიტა მიხალკოვი.

“ძვირფასო ვლადიმირ ვლადიმირის ძევ! ადამიანი კვდება. ჩვენ არ გვგონია, რომ მისი ბრალეულობა იმდენად დიდია, რომ მისთვის 20 წელი უნდა მიესაჯათ. ის გულწრფელი და მართალია თავის შეხედულებებში – მისი უვადო შიმშილობა ამის დასტურია. აუცილებელია გამოიჩინოთ გულისხმიერება, რომ გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე,” – წერია წერილში, რომელიც რუსეთის კულტურის მუშაკებმა პუტინს გაუგზავნეს.

ამ წერილს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა უპასუხა. მან თქვა, რომ საერთაშორისო რეზონანსი ვერანაირად ვერ შეცვლის რუსეთის ფედერაციის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. “შეწყალების პროცედურის დასაწყებად თავად მსჯავრდებულისგან უნდა წამოვიდეს ინიციატივა ,” – თქვა პესკოვმა.


ასევე წაიკითხეთ