კორუფციასა და კრიმინალთან ბრძოლა, ასევე რეფორმები - როგორც ჩანს, სამი მთავარი ამოცანაა მომავალი პრეზიდენტისთვის " />

ვის ირჩევენ პრეზიდენტად აფხაზეთში? ყველაფერი კანდიდატების შესახებ

კორუფციასა და კრიმინალთან ბრძოლა, ასევე რეფორმები - როგორც ჩანს, სამი მთავარი ამოცანაა მომავალი პრეზიდენტისთვის

აფხაზეთში ცხელი სეზონია და ეს ტურისტულ სეზონს არ ეხება, საუბარია – საპრეზიდენტო არჩევნებზე. 

არჩევნები 25 აგვისტოსაა დანიშნული, მაგრამ ექსპერტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს მხოლოდ პირველი ტური იქნება.

26 ივნისს, კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი გაიხსნა. მაგრამ წამყვანმა კანდიდატებმა უკვე დიდი ხანია გააკეთეს განაცხადი. განვიხილოთ – რას წარმოადგენენ ისინი, ვინც აფხაზეთის პრეზიდენტობას უმიზნებენ.

რა თქმა უნდა, მთავარი ბრძოლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორისაა 

მოქმედმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ არაერთხელ ცხადად აგრძნობინა ყველას, რომ მეორე ვადით აპირებს ამ თანამდებობის დაკავებას.

ოპოზიციონერმა ასლან ბჟანიამ ოპოზიციური ძალების ბლოკის მხარდაჭერა მიიღო და ასევე მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში – თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუწყობს ხელს. ის რბოლის ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ 2019 წლის აპრილიდან საავადმყოფოშია მოთავსებული და ახლა მკურნალობას ერთ-ერთ გერმანულ კლინიკაში აგრძელებს. ოპოზიცია და საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ის მოწამლეს.

თუმცა, ოპოზიციას, სავარაუდოდ, ჰყავს სათადარიგო კანდიდატურა იმ შემთხვევისთვის, თუკი ბჟანია არჩევნებამდე ვერ მომჯობინდება. ოფიციალურად, ეს „ამცახარას“, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ყრილობაზე გადაწყდება, რომელიც ომის ვეტერანებს აერთიანებს. მაგრამ სოციალურ ქსელებში უკვე ახლა ასახელებენ პარტიის თავმჯდომარის – ალხას კვიცინიას სახელს, როგორც პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატის. არ არის გამორიცხული, რომ არჩევნებზე წარადგინონ როგორც ბჟანია, ისე კვიცინია.

შეიძლება ველოდოთ ოპოზიციის კიდევ ერთი კანდიდატის გამოჩენას. იმდენად, რამდენადაც ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია საკუთარი შეხედულებები აფხაზური პოლიტიკის მძიმეწონოსანს, ყოფილ პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს.

მისი ბევრი მომხრე ახლა ბჟანიას კანდიდატურას უჭერს მხარს. მაგრამ შესაძლოა, რომ ანქვაბმაც წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა – და მაშინ, სავარაუდოდ, ბჟანია ანქვაბის მომხრეების მხარდაჭერას დაკარგავს. 

ნაკლებად ცნობილი, მაგრამ პერსპექტიული ფიგურები 

ყველაზე პირველმა არჩევნებში მონაწილეობის სურვილზე, ჯერ კიდევ 2019 წლის მარტის ბოლოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ასტამურ ტარბამ განაცხადა. ის საზოგადოებრივ-პოლიტიკური საქმიანობიდან 2004 წლის შემდეგ იყო ჩამოშორებული.

დამოუკიდებელ კანდიდატს უწოდებს საკუთარ თავს ამჟამად პარლამენტის დეპუტატი, ალმას ჯოპუა. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ის ძალიან აქტიური იყო პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ერთადერთია პოტენციურ კანდიდატებს შორის, რომელსაც არასოდეს დაუკავებია სახელმწიფო თანამდებობა.

მედიაში საუბარია იმის შესახებაც, რომ კანდიდატი შეიძლება გახდეს სოხუმის ამჟამინდელი მერი, ადგურ ხარაზია.

სავარაუდო კანდიდატთა შორის, საზოგადოებაში ყოფილი ვიცე-პრემიერის, შამილ აძინბას სახელიც ფიგურირებს.

ასევე, მეორედ (პირველად ეს 2014 წელს მოხდა) საკუთარ კანდიდატურას წარადგენს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლეონიდ ძაბშბა.

საპრეზიდენტო რბოლაში ახალი პერსონა შეიძლება გახდეს ასტამურ ოტირბა, კომპანია „აბხაზჩაის“ ყოფილი დირექტორი. ასევე, ასტამურ კაკალია, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაეროს მე-20 მუხლის გატანისთვის შექმნილ საინიციატივო ჯგუფს ხელმძღვანელობს.

აფხაზეთის პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით ირჩევენ. ერთსა და იმავე ადამიანს ამ პოსტის დაკავება ზედიზედ ორ ვადაზე მეტხანს არ შეუძლია. ეს აფხაზეთში მეშვიდე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება. მეექვსე, რიგგარეშე არჩევნები, 2014 წლის აგვისტოში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ გაიმართა, რომლის გამოც, მაშინდელი პრეზიდენტი, ალექსანდრ ანქვაბი იძულებული გახდა, თანამდეობობა ვადაზე ადრე დაეტოვებინა.

• ეს მაინც გადატრიალება იყო აფხაზეთში

კორუფციის აღმოფხვრა, კრიმინალის დამარცხება, რეფორმების გატარება 

სამი პუნქტი – კორუფციასა და კრიმინალთან ბრძოლა, ასევე რეფორმების საჭიროება – როგორც ჩანს, მოხვდება ყველა იმ ადამიანის პროგრამაში, ვინც აფხაზეთის ხელისუფლებაში მოსვლას გადაწყვეტს. 

როგორ გეგმავენ ამ სამ ამოცანასთან გამკლავებას პრეზიდენტობის ყველაზე გამოკვეთილი კანდიდატები. 

მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა 

 აფხაზეთის პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა

კორუფცია

რაულ ხაჯიმბა 61 წლისაა. აფხაზეთის სათავეში 2014 წელს, მეოთხე მცდელობით მოვიდა. სხვადასხვა დროს ის იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობებს. ყველას დაამახსოვრდა, როგორც ვლადისლავ არძინბას მემკვიდრე და ოპოზიციის მუდმივი ლიდერი.

„კორუფცია არ გამქრალა და ვფიქრობ, არც არასოდეს გაქრება. საჭიროა, შესაძლებლობების ფარგლებში მისი მინიმიზირება“, – განაცხადა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ხაჯიმბამ.

კონკრეტული პროგრამა პრეზიდენტს არ წარმოუდგენია. თუმცა, ბოლოს და ბოლოს პარლამენტს შემოსავლების დეკლარირების კანონის მიღება შესთავაზა და პირობა დადო, რომ მაშინვე მოაწერს ხელს.

• არც ლიანდაგები, და არც ფული

კრიმინალი

2014-2015 წლებში, როგორც კი რაულ ხაჯიმბამ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, კრიმინალის დამარცხება სცადა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. კერძოდ, გაანადგურეს ბანდები, რომლებიც გალის რაიონის (იქ ძირითადად ქართველები ცხოვრობენ – JAMnews) მოსახლეობას ატერორებდნენ.

თუმცა, ყველაფერი ამაზე შეჩერდა, რადგან პროცესს კლანური ტრადიციების მომხრეებისგან აქტიური წინააღმდეგობა შეხვდა.

შემობრუნების წერტილი გახდა 2016 წელი, როდესაც ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ადგილობრივ ციხეში წესრიგის დამყარება. პროტესტმა, რომელიც ძალადობრივ აქციებს მოჰყვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმი მოიტანა.

„მცირე დროის განმავლობაში კრიმინალური „ავტორიტეტებისა“ და ე.წ. მაყურებლების რაოდენობა აფხაზეთში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხშირად, თავად ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები მიმართავენ მათ დახმარებისთვის, როდესაც დანაშაული ხდება. კრიმინალი მასზე „მოთხოვნილებას“ გრძნობს და ცდილობს, გავლენა მოახდინოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე რაულ ხაჯიმბამ.

მან პრობლემად გამოაცხადა ის, რომ შსს ეყრდნობა კადრებს, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მოამზადეს – ანუ 30 წელზე მეტი ხნის წინ.

კონკრეტული პროგრამა პრეზიდენტს არ წარმოუდგენია.

 რამ დააფრთხო რუსი ტურისტები აფხაზური კურორტების მიმართ?

საკონსტიტუციო რეფორმა 

პოლიტიკური რეფორმის მოთხოვნა იყო რაულ ხაჯიმბას ერთ-ერთი მთავარი პირობა, როდესაც 2014 წელს ხელისუფლებაში მოდიოდა.

უკვე 2015 წლის იანვარში, ხაჯიმბას ბრძანებით შეიქმნა საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისია.

პროცესი სამ ეტაპად გაყვეს – საარჩევნო სისტემის რეფორმა; ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის რეფორმა; აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ბალანსის შეცვლა.

მაგრამ პრეზიდენტობის ოთხი წლის განმავლობაში, რაულ ხაჯიმბას მთავარი ლოზუნგი, რომელმაც მისი გუნდი ხელისუფლებაში მოიყვანა, ისევ განზრახვის კატეგორიაში დარჩა.

ოპოზიციის ლიდერი 

 ასლან ბჟანია

56 წლის ასლან ბჟანია აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატია. ისევე, როგორც მოქმედი პრეზიდენტი, გარკვეული დროის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბჟანიამ ამომრჩეველთა ხმების 35,91 პროცენტი მიიღო. ახალი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ინაუგურაციისთანავე, 2014 წლის 29 სექტემბერს, ბჟანია გაათავისუფლეს ყველა სახელმწიფო თანამდებობიდან.

მაშინ ბჟანია პოლიტიკური ოპოზიციის რიგებს შეუერთდა.

 აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის ავადმყოფობა: უბედური შემთხვევა თუ მოწამვლა?

კორუფცია 

ასლან ბჟანიას არაერთხელ უთქვამს, რომ მიმართა უშიშროების საბჭოს, მინისტრთა კაბინეტს, გენერალურ პროკურატურასა და პარლამენტის სპიკერს ანტიკორუფციული ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობის საკითხზე.

„პასუხები არ მიმიღია. ვფიქრობ, რომ ასეთი სამუშაო არ ჩატარებულა“, – განაცხადა ბჟანიამ.

კორუფციასთან ბრძოლის საკუთარი პროგრამა ასლან ბჟანიას არ გამოუქვეყნებია.

კრიმინალი 

ოპოზიციაში გატარებული 5 წლის განმავლობაში, ასლან ბჟანიას ბევრჯერ უსაუბრია კრიმინალთან დაკავშირებული პრობლემის შესახებ.

„თუკი ოფიციალური სტატისტიკით ვიხელმძღვანელებთ, ყველაფერი არც ისე ცუდადაა. დარეგისტრირებული და გახსნილი დანაშაულის თანაფარდობა – საკმაოდ ნორმალურია. მაგრამ… ბევრი მძიმე დანაშაული საერთოდ არ რეგისტრირდება, სწორედ ამიტომ ობიექტური და შეულამაზებელი სურათის შესახებ ჩვენ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია“, – ამბობდა ბჟანია ერთ-ერთ ინტერვიუში.

დანაშაულთან ბრძოლის პროგრამა მას არასოდეს წარმოუდგენია.

 ალკოჰოლი, სიჩქარე, კორუფცია – აფხაზეთის გზებზე ავარიების საშიში სტატისტიკის მიზეზები

საკონსტიტუციო რეფორმა 

რამდენიმე თვის წინ, ასლან ბჟანიამ გამოაქვეყნა სახელმწიფო მმართველობის, სამართალდამცავი და სასამართლოს სისტემის რეფორმის საკუთარი კონცეფცია.

შემოთავაზებული კონცეფცია მოკლედ ასე გამოიყურება.

• როდესაც საზოგადოება კარგავს სახელმწიფოს რწმენას, დამოუკიდებლად იწყებს პრობლემების გადაწყვეტას. ასე იქმნება კლანები და შეიარაღებული დაჯგუფებები. სწორედ ამიტომ საჭიროა ისეთი მმართველობითი სტრუქტურის შექმნა, რომელიც კომპაქტური და ეფექტური იქნება. 

• კორუფციასთან, ჩრდილოვან ეკონომიკასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა უნდა გახდეს აფხაზეთისთვის სტრატეგიული პრიორიტეტი და, პირველ რიგში, სასამართლო სისტემა უნდა გახდეს ღია და დამოუკიდებელი. ამისათვის საჭიროა სასამართლო სისტემაში სასწრაფოდ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა

მესამე ძალა

 ალმას ჯაპუა

40 წლის ალმას ჯოპუა აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატია. ის პრეზიდენტობის კანდიდატად საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „საერთო საქმემ“ წარადგინა. ის ცნობილია ორი ინიციატივით: უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვაზე მორატორიუმის გამოცხადებისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების აკრძალვის (ორივე პროექტს მხარს უჭერს ოფიციალური მოსკოვი).

2016 წელს, სოხუმის ცენტრში, ჯოპუას ავტომობილი აფეთქდა. ვისი გაკეთებული იყო ეს, ოფიციალურად ამ დრომდე უცნობია.

ალმას ჯოპუას აქვს კონკრეტული წინადადებები სამივე მთავარ თემასთან დაკავშირებით.

კორუფცია

ჯოპუა არაერთხელ ყოფილა ბრალდების მხარე ხმაურიან კორუფციულ საქმეებში. რამდენიმე თვის წინ, მან ექსპრეზიდენტი ანქვაბი დაადანაშაულა ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებებში არსებულ კორუფციულ სქემებში.

„საჭიროა სისტემური ბრძოლა კორუფციასთან ერთდროულად სამი მიმართულებით: სამართლებრივ, ინსტიტუციონალურსა და საინფორმაციო ველზე“, – განუცხადა ჯოპუამ JAMnews-ს.

პროგრამა ასე გამოიყურება: 

შეიქმნას სრულფასოვანი ანტიკორუფციული კანონი და სისხლის სამართლის კოდექსში შევიდეს ისეთი ცნებები, როგორიცაა „უკანონო გამდიდრება“ და „ინტერესთა კონფლიქტი“. 

•სავალდებულო გახდეს ქონების დეკლარაცია. 

•შეიქმნას ანტიკორუფციული კომიტეტი, რომელიც პრეზიდენტს დაემორჩილება, რათა პირადად ის იყოს პასუხისმგებელი კორუფციასთან ბრძოლაზე. და უნდა მიეცეს ამ კომიტეტს უფლება, დამოუკიდებლად აწარმოოს მთელი პროცესი: ეჭვის აღება, ოპერაციები, გამოძიება და სასამართლოში ბრალის წარდგენა. 

•პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერის სისტემის შექმნა, კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პროპაგანდა.

• მოსაზრება: რატომ ვერ შეცვლის ვერცერთი ახალი პრეზიდენტი აფხაზეთში ვერაფერს

კრიმინალი 

ალმას ჯოპუამ JAMnews-ს განუცხადა, რომ დანაშაულთან ბრძოლა სამართალდამცავი სისტემიდან უნდა დაიწყოს. 

ამისათვის საჭიროა მისი სრული რეფორმირება. უნდა დარჩეს მხოლოდ ორი განყოფილება – საპატრულო სამსახური, რომელიც საგზაო პოლიციის ფუნქციებს შეითავსებს და მომენტალურ რეაგირებას მოახდენს მოქალაქეების მიმართვებზე, ასევე, საგამოძიებო-ოპერატიული სტრუქტურა.

ამის პარალელურად, მისი აზრით, აუცილებელია პროკურატურისა და სასამართლოს რეფორმა.

საკონსტიტუციო რეფორმა 

ალმას ჯოპუას მიაჩნია, რომ რეფორმა პარლამენტიდან უნდა დაიწყოს და შეიქმნას პოლიტიკური სისტემა, რომელიც განვითარებული ქვეყნების მსგავსი იქნება. 

„პარლამენტის ქვედა პალატა უნდა შედგეს პარტიული სიებით გამართული არჩევნების შედეგად. ზედა პალატა – რეგიონების წარმომადგენლებისგან ანუ ადგილობრივი დეპუტატებისგან“, – უთხრა JAMnews-ს ჯოპუამ.

ამასთან, აუცილებელია, რომ ქვედა პალატას მიეცეს უფრო მეტი ფუნქცია აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის მხრივ. 

რას ფიქრობენ ამომრჩევლები – გამოკითხვა 

  სოხუმი. ფოტო JAMnews

იმისათვის, რომ მივიღოთ ამომრჩეველთა განწყობის დაახლოებითი სურათი, შევქმენით პირობითი ფოკუსჯგუფი. მასში შევიდა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი 10 ადამიანი. ამასთან, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ასაკითა და ეროვნებითაც. 

ფოკუსჯგუფს შევთავაზეთ, პასუხი გაეცათ ორ კითხვაზე. 

კვლევის შედეგების შეჯამება. 

რა არის აფხაზეთის მცხოვრებლების მთავარი პრობლემები? 

„ინფრასტრუქტურა – არ არის გზები, არასტაბილურია წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგება. არეულობაა სამართალდამცავ სისტემაში – ადვილია სასჯელისთვის თავის არიდება“.

„უმუშევრობა და დაბალი ხელფასები“. 

„კრიმინალი და გზებზე მძღოლების უკანონო ქცევა“. 

„კორუფცია და ტყუილი ხელისუფლების ყველა სტრუქტურაში“. 

თქვენი აზრით, როგორი ადამიანი უნდა ხელმძღვანელობდეს აფხაზეთს? 

„საჭიროა ახალი ლიდერი“.

„განათლებული, პატიოსანი, საკუთარი სამშობლოს მოყვარული“.

„მოწესრიგებული ადამიანი“.

„ახალგაზრდა ლიდერი“.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ