ალკოჰოლი, სიჩქარე, კორუფცია - აფხაზეთის გზებზე ავარიების საშიში სტატისტიკის მიზეზები
აფხაზეთის გზებზე ავარიების საშიში სტატისტიკის მიზეზები
აფხაზეთში ავტოსატრანსპორტო შემთხვევები ტრაგიკული შედეგებით იმდენად რეგულარულად ხდება, რომ გზებზე შექმნილ სიტუაციასა და ავარიის შედეგად დაღუპულთა და ტრავმირებულთა რიცხვს უკვე ბევრი ადარებს ომის პერიოდს.
ვინ არის დამნაშავე და რა უნდა გაკეთდეს? ეს ორი კითხვა დავუსვით ჩინოვნიკებსა და მძღოლებს.
• 2018 წლის 5 მთავარი მოვლენა აფხაზეთში
• რამ დააფრთხო რუსი ტურისტები აფხაზური კურორტების მიმართ?
უახლესი სტატისტიკა – 2018 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით:
• 120 ავტოსატრანსპორტო შემთხვევა,
• 42 ადამიანი დაიღუპა,
• 174-მა ადამიანმა მძიმე ტრავმა მიიღო,
• 44 379 საჯარიმო ოქმი დაიწერა ავტომობილის წესების დარღვევით მართვის გამო.
უფრო ხანგრძლივი დროის სტატისტიკა – 1994 წლიდან:
• ავარიების შედეგად დაიღუპა 1 437 ადამიანი,
• ტრავმა მიიღო 5 537-მა ადამიანმა.
ეს ციფრები კიდევ უფრო ტრაგიკულად გამოჩნდება, თუკი მას მოსახლეობის რაოდენობას შევადარებთ. ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში, მთლიანობაში, დაახლოებით, 250 000 ადამიანი ცხოვრობს, თუმცა, თეორიულადაც კი ავტომობილის საჭესთან დაჯდომა, დაახლოებით, მხოლოდ 130 ათასს შეუძლია.
ბოლო პერიოდის ყველაზე ხმაურიანი ავარია, 2018 წლის 8 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრ გენადი გაგულიას დაღუპვა გახდა. მანქანა, რომელშიც ის იჯდა, ვაზ-ის მარკის ავტომობილს შეეჯახა, რომელსაც 22 წლის ხაჯარატ ტარსმანი მართავდა.
თემურ ჩანბა 26 წლისაა, ის განათლებით ფსიქოლოგია, სამ ადგილას მუშაობს – და ინვალიდის სავარძლით გადაადგილდება.
„მანქანა დამეჯახა, როდესაც ჯერ კიდევ 11 წლის ვიყავი. სკოლიდან სახლში ვბრუნდებოდი. ნასვამი მძღოლი დიდი სისწრაფით მოდიოდა და დამეჯახა“, – ამბობს თემური.
ის 21 დღე კომაში იყო, რის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ლაპარაკობდა.
ყოველ ნახევარ წელიწადში მას ქვეყნიდან გასვლა და რუსეთში მკურნალობის კურსის გავლა სჭირდება.
რატომ არ ხერხდება ავარიების რიცხვის შემცირება
ისევ სტატისტიკა – ამჯერად შედარებითი:
• შვედეთში გზებზე ყოველი 100 ათასი მოსახლიდან 2,8 ადამიანი იღუპება,
• დიდ ბრიტანეთში – 2,9,
• აშშ-ში – 10,6,
• რუსეთში – 100 ათას მოსახლეზე 19 ადამიანი,
• აფხაზეთში – 27-დან 33 ადამიანამდე.
კრიტიკული სიტუაციის ახსნა-განმარტებისთვის ხანგრძლივი ძიება არაა საჭირო – ხელისუფლებაც, მილიციაც და საზოგადოებაც ერთსა და იმავეს ამბობს: მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა საგზაო მოძრაობის წესებს იგნორირებას უკეთებს და მათი უმეტესობა დაუსჯელი რჩება.
ჩვენი რესპონდენტი, აფხაზეთის საგზაო ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომელი, მიიჩნევს, რომ შექმნილი სიტუაციის სამი მიზეზი არსებობს: ალკოჰოლი, სიჩქარე და კორუფცია.
ალკოჰოლი, სიჩქარე, წესების დარღვევა
„მახსოვს, დაახლოებით, ღამის 2 საათი იყო, მანქანაში მუსიკა უკრავდა, გაგრიდან მოვდიოდი, დილით ადრე უკვე სოხუმში უნდა ვყოფილიყავი. არ მახსოვს, ეს როგორ მოხდა, მაგრამ დამეძინა. უბრალოდ, საჭესთან დამეძინა. მართვა დავკარგე და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შევეჯახე. ეს ყველაფერი უკვე საავადმყოფოში გავიგე. მახსოვს, მამაჩემს ვუთხარი, რომ თუ ვინმე მოვკალი, სიცოცხლე აღარ მინდოდა. მამამ მაშინ არ მითხრა, რომ იმ მანქანაში მძღოლი დაიღუპა“, – გვიყვება ალანი.
კოლონიაში შვიდი წლის გატარების შემდეგ, ის თავისუფლებაზე 2018 წელს გამოვიდა. მომავალში როგორ იცხოვროს, ამის შესახებ ალანი ჯერჯერობით არ ფიქრობს. ყველაფერი, რაც მას აქვს – ერთგული მეგობრები და ცხოვრებისადმი ძალიან შეცვლილი შეხედულებებია.
„ვიტყოდი, რომ მძღოლები, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებს იცავენ, ჩვენ უბრალოდ არ გვყავს და მათი უმრავლესობა წესებს ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში არღვევს“, – განუცხადა JAMnews-ს გაი-ს თანამშრომელმა (გვთხოვა, რომ მისი სახელი არ დაგვესახელებინა). – „ავტოსკოლებში სწავლების დონე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 2018 წლის 6 თვის განმავლობაში, გამოცდაზე გასული 1 020 მსურველიდან, მხოლოდ 356-მა ჩააბარა“.
კორუფცია
აფხაზეთის გზებზე საგზაო მოძრაობისა და კორუფციის კავშირი – ცალკე თემაა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე კომპონენტისგან შედგება.
ერთ-ერთი მათგანია – ფულის სანაცვლოდ მართვის მოწმობის ყიდვის შესაძლებლობა. და ხშირად, მართვის მოწმობის უფასოდ მიღების საშუალების არარსებობა.
ამინე (სახელი შეცვლილია) 29 წლისაა. ორი წლის წინ გოგონამ მართვის მოწმობის აღება გადაწყვიტა. როგორც წესია, ავტოსკოლაში კურსი გაიარა, მაგრამ მძღოლისთვის ყველაზე მთავარი, გამოცდის პრაქტიკული ნაწილი, აშკარად ჩააფლავა.
„გადავწყვიტე, არ დავნებებულიყავი და კიდევ ერთხელ მივედი. ინსტრუქტორმა ისევ ჩამომიყვანა და ასე ზედიზედ კიდევ ორჯერ განმეორდა. ვკითხე, რაში იყო საქმე და რატომ მიშლიდა ასე აშკარად გამოცდის ჩაბარებას. მან მაშინვე დამისახელა თანხა. სხვათა შორის, არ გადავიხადე და აი, ამ დრომდე არ მაქვს მართვის მოწმობა“, – ამბობს გოგონა.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც კორუფციულ მიდგომას უკავშირდება – აფხაზეთში ძალიან იშვიათად იმართება მსხვერპლითა და დაშავებულებით დასრულებულ ავარიებში დამნაშავე პირების სასამართლო პროცესები.
ამის ნაცვლად, მხარეები, როგორც წესი, უბრალოდ ერთმანეთს შორის ახერხებენ მოლაპარაკებას. დაშავებულების ან დაღუპულების ახლობლებს გარკვეულ თანხას უხდიან, სისხლის სამართლის საქმე კი არ აღიძვრება ხოლმე. თუკი განცხადება არ არის – ე.ი. მსხვერპლიც არ არის.
და კორუფციასთან დაკავშირებული მესამე პრობლემა, რომელიც საგზაო მოძრაობას შეეხება – „ხელშეუხებელი ადამიანები“. ესენი არიან ყველა რანგის ჩინოვნიკები და დეპუტატები – და საზოგადოების მენტალიტეტიდან გამომდინარე, მათი ოჯახის წევრები. ასევე, უბრალოდ „კავშირების მქონე“ ადამიანები.
ყველა მათგანს ადვილად გამოსდის სასჯელისთვის თავის არიდება.
კორუმპირებული მიდგომის ამ და სხვა კომპონენტებმა საზოგადოებაში ნორმად დაამკვიდრა დაუსჯელობა და ყველაფრის უფლების ქონა.
„ჩვენთან მუშაობდა ერთი ბიჭი, რომელმაც სასიკვდილოდ სცემა ადამიანს, მაგრამ გამოძიება არც კი დაუწყიათ – მან მოახერხა და ყველაფრის შესახებ როგორღაც მოელაპარაკა დაღუპულის ნათესავებს. ის ყველას სიამაყით უყვებოდა ამ ისტორიას. მეჩვენება, რომ სანამ თითოეული დამნაშავე არ დაისჯება, თავისი დიპლომატიური თუ ფინანსური შესაძლებლობის მიუხედავად – ადამიანის სიცოცხლე გზებზე არაფრად არ ღირს და პოტენციურ მკვლელებს ეს ესმით“, – ამბობს 30 წლის სტაჟის მქონე მძღოლი, ადგური.
რა უნდა გაკეთდეს?
საგზაო ინსპექციის თანამშრომლებს ამ დაავადების მორჩენის საკუთარი წამალი აქვთ. ისინი იმედს თანამედროვე ტექნოლოგიებზე ამყარებენ.
„თუკი მძღოლებზე კონტროლს განახორციელებს გზებზე დამონტაჟებული კამერები და ავტომატური სისტემები – მძღოლებისთვის სასჯელი გარდაუვალი გახდება და კორუფცია გაი-ში თავისთავად შეწყდება“, – ცხადებს გაი-ს თანამშრომელი.
ავტომატიზაციის დახმარებით შესაძლებელი იქნება „ხელშეუხებლებთან“ გამკლავება, აცხადებს ის:
„ყველანი, მათ შორის ჩინოვნიკები და გავლენიანი ადამიანები, მოხვდებიან კამერის ჩანაწერებში და ყველა იძულებული გახდება ჯარიმა გადაიხადოს ან სასამართლოში წავიდეს, რადგანაც რობოტთან მოლაპარაკება არ შეიძლება“.
გაი-ს იმ თანამშრომლების აზრით, რომლებთანაც JAMnews-მა ისაუბრა, აუცილებელია კამერების დამონტაჟება, თუნდაც ძირითად ავტომაგისტრალზე – რუსეთიდან საქართველოს საზღვრამდე, მდინარე ენგურზე არსებულ გამშვებ პუნქტამდე (ოფიციალური თბილისის ტერმინოლოგიით, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი – JAMnews).
მაშინ, გამოთავისუფლებული გაი-ს თანამშრომლები უფრო ხარისხიანად გააკონტროლებენ გზებს ქალაქებსა და რაიონებში.
„გზებზე გატარებული 30 წლის განმავლობაში, არც ერთხელ არ მოვხვედრივარ ავარიაში. ეს გამართლება არ მგონია, ეს დიდი და მძიმე სამუშაოა“, – ამბობს მძღოლი ადგური.
„საერთოდ, აფხაზეთში ავარიაში არმოყოლა ფაქტობრივად შეუძლებელია. თუ შენ არა – ისინი დაგეჯახებიან. შესაძლოა მთავარი, რაც დავივიწყეთ, ის არის, რომ ჩვენ ცოტანი ვართ. ფეხით მოსიარულის ან მძღოლის ადგილზე შესაძლოა ნებისმიერი ჩვენგანი ან ჩვენი შვილი აღმოჩნდეს. ხანდახან მგონია, რომ ჩვენი საგზაო უყურადღებობა მოურჩენელი დაავადებაა, მაგრამ შემდეგ მახსენდება, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ყოველთვის ვახერხებდით გონების მოკრებას. ახლა სწორედ ეს სიტუაციაა“.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო