პროტესტანტებმა დედაქალაქის ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს, დაკავებულია თექვსმეტი ადამიანი" />

ერევნის ცენტრში კაფეების დემონტაჟმა მწვავე პროტესტი გამოიწვია

პროტესტანტებმა დედაქალაქის ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს, დაკავებულია თექვსმეტი ადამიანი

ერევნის ცენტრში, ზედ საოპერო თეატრთან მდებარე კაფეების დემონტაჟი პოლიციას, კაფეების მფლობელებსა და თანამშრომლებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. სომხეთის დედაქალაქში, უკვე მეორე დღეა, სპენდიარიანის სახელობის ეროვნული აკადემიური თეატრის გვერდით მდებარე კაფეებისა და რესტორნების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული დავა არ წყდება. შეტაკებების შედეგად უკვე დაკავებულია თექვსმეტი პროტესტანტი.

ერევანში უკანონო მშენებლობებსა და ტერიტორიებს დაპყრობას ომი გამოუცხადეს

როგორ გადავიდნენ ჰოლანდიელები საცხოვრებლად სომხეთში

როგორ მოხდა ყველაფერი

ქალაქის ხელისუფლებამ ოპერის თეატრის გვერდით მდებარე კაფეების დემონტაჟი 13 მარტს დაიწყო. დილიდანვე თავისუფლების მოედანზე, სადაც ეს კაფეები მდებარეობს, შეიკრიბა ათობით პროტესტანტი, რომლებიც დაწესებულებების დემონტაჟის შეწყვეტას მოითხოვდნენ.

კაფეს მფლობელებმა და მენეჯერებმა განაცხადეს, რომ იქ მთლიანობაში 300 ადამიანი მუშაობს. ყველა მათგანი დაწესებულებების დემონტაჟის შემდეგ სამუშაოს გარეშე დარჩება.

 „ჯერ სამუშაო ადგილები შექმნან და შემდეგ დაანგრიონ“, – თქვა კაფეს ერთ-ერთმა მფლობელმა.

ამ განცხადების საპასუხოდ ერევნის მერიის პრეს-მდივანმა აკოპ კარაპეტიანმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა:

„ის მოსაზრება, რომ კაფეს დემონტაჟის შედეგად სამუშაოს 300 ადამიანი დაკარგავს, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია“.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც კაფეს თანამშრომლებმა ელექტრო-გადამცემი ხაზები გადაჭრეს, რათა ტექნიკის ჩართვისა და შენობების დანგრევისთვის ხელი შეეშალათ.

პროტესტანტები სკანდირებდნენ „სირცხვილია!“, და კაფეს დემონტაჟის გარკვეული დროით გადადებას მოითხოვდნენ.

შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა დედაქალაქის ცენტრალური ადმინისტრაციული რაიონის  ხელმძღვანელი ვიქტორ მნაცკანიანი.

მან განაცხადა, რომ მერია დემონტირებული კაფეების მფლობელებისთვის კომპენსაციის გადახდას აპირებს. მან თქვა, რომ ამ კაფეებიდან ერთ-ერთს 100 კვადრატული მეტრის ტერიტორია თვეში სულ რაღაც 90 ათას დრამად (200$ ნაკლები) აქვს იჯარით აღებული:

 „გესმით, ეს რამდენად მწირი თანხაა ქალაქის ცენტრისთვის?! დიახ, ვიცი, რომ მათ ერევნის ყოფილმა ხელისუფლებამ დართო ამ პირობებით მუშაობის ნება. მაგრამ ჩვენ მათ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე პასუხს არ ვაგებთ“.

მნაცკანიანის თქმით, ამ კაფეების ლიკვიდაცია მხოლოდ და მხოლოდ ოპერის თეატრის შენობის მიმდებარე ტერიტორიის პირველადი სახის აღდგენის აუცილებლობით არის გამოწვეული:

„ჩვენ ზონირების საკითხს განვიხილავთ, ვაპირებთ სარეკლამო ბანერების დემონტირებას. დედაქალაქში არის გარკვეული ადგილები, რომლებსაც სიწმინდეებივით უნდა გავუფრთხილდეთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ კეთილმოწყობაა, აქ პოლიტიკური და პირადული საკითხები არ დგას“.

ოთხშაბათს საღამოს დემონტაჟის პროცესი შეჩერდა. ქალაქის მერიის წარმომადგენლები კაფეების მფლობელებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. თუმცა, კომპრომისის მიღწევის მცდელობა არ შედგა.

ვიქტორ მნაცკანიანის თქმით, კაფეების მფლობელებმა კაფეების დემონტაჟის ხუთი წლით გადავადება შესთავაზეს, მაგრამ მერიამ საკუთარი გადაწყვეტილება არ შეცვალა:

 „თავისუფლების მოედნის მიმდებარედ მდებარე კაფეების დემონტაჟის გადაწყვეტილებაზე უარის თქმაზე საუბარი არ არის“,  – განაცხადა მნაცკანიანმა

4 მარტს პოლიციელებსა და კაფეების თანამშრომლებს შორის შეტაკებები გამწვავდა. პროტესტანტები დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის გადაკეტვას შეეცადნენ. მომიტინგეთა ნაწილი ასფალტზე დაჯდა, დანარჩენებმა კი მათ ალყა შემოარტყეს. მათ ასევე სცადეს, რომ ქუჩა ნაგვის ურნებით გადაეკეტათ, თუმცა პოლიციელებმა მათ ამის ნება არ მისცეს. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები დიდხანს ცდილობდნენ, რომ ადამიანები ქუჩის სავალი ნაწილიდან გაეყვანათ. ერთ-ერთი პროტესტანტი ცუდად გახდა.

 „ნუ დაანგრევთ ჩვენს სამუშაო ადგილებს! სამუშაოს გარეშე ნუ დაგვტოვებთ!“, – სკანდირებდნენ კაფეების თანამშრომლები.

რატომ გადაწყვიტეს კაფეების აღება

თავისუფლების მოედანზე მდებარე კაფეებისა და რესტორნების აღების გადაწყვეტილება ერევნის მერიაში ქალაქის გამწვანების პროექტის ფარგლებში იქნა მიღებული. ქალაქის ადმინისტრაცია იქ „მწვანე ზონის“ აღდგენას გეგმავს.

 „ალექსანდრ სპენდიარიანის სახელობის, ტამანიანის პროექტით [ერევნის გენერალური გეგმის ავტორი- JAMnews] აგებული ეროვნული ოპერის და ბალეტის თეატრის შენობის გარშემო 80 წლის წინათ გაშენებული იყო პარკი, სადაც მაყურებლები ანტრაქტის დროს უნდა გამოსულიყვნენ და ხეივნებში ესეირნათ. წლების შემდეგ საოპერო თეატრი, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა, კაფეების გარემოცვაში აღმოჩნდა. წლის დასაწყისიდან მერიამ ერევნის მწვანე ტერიტორიების აღდგენისა და განვითარების პროცესი დაიწყო“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მერიის გადაწყვეტილებისადმი თავიანთი უკმაყოფილება კაფეების მეპატრონეებმა ჯერ კიდევ იანვარში გამოთქვეს. მაშინ ერევნის მერმა აიკ მურატიანმა მათ უპასუხა, რომ კაფეების დემონტაჟის პროცესი მკაცრად კანონის შესაბამისად მოხდება:

 „ამ კაფეების მფლობელებს, რასაკვირველია, პრეტენზია აქვთ ოპერის თეატრის  შენობის მახლობლად მდებარე დაწესებულებების დემონტაჟთან დაკავშირებით, თუმცა მიღებული გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება“.

14 მარტს კი ქალაქის მერმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:

 „ძვირფასო ერევნელებო, დღეს ჩვენ მრავალწლიან ოცნებას ვახორციელებთ: საოპერო თეატრის მიმდებარე ტერიტორიას ვათავისუფლებთ და მას კულტური კერის ატმოსფეროს ვუბრუნებთ. ყველაფერი ჯერ მხოლოდ იწყება, ეს პროცესი გაგრძელდება. მადლობას ვუხდი ყველა ერევნელს, რომ მხარი დაგვიჭირეს. მოდით, ერევანს თავისი კულტურული იერი დავუბრუნოთ“.

როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ ყველაფრის მიმართ ქალაქის მაცხოვრებლებს

ერევნის ყოფილი მთავარი არქიტექტორი მკრტიჩ მინასიანი ახლანდელის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს:

 „ვფიქრობ, მთავარმა არქიტექტორმა არტურ მესჩიანმა და ერევნის მერიამ კაფეების აღებასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღეს“.

მოქანდაკე ტიგრან არზუმიანს მიაჩნია, რომ ზაფხულის სეზონზე, როდესაც დედაქალაქში ბევრი ტურისტია, ამ ტერიტორიაზე ასაწყობი კონსტრუქციის კაფეების გახსნა შეიძლება. ეს არის მისი პასუხი იმაზე, რომ ქალაქის ეს ნაწილი არამხოლოდ ერევნელებისთვის იქცა დასვენების საყვარელ ადგილად, არამედ – ტურისტებისთვისაც.

დედაქალაქის მაცხოვრებელთა უმეტესობა მერიის გადაწყვეტილებას ემხრობა. აი, რას წერენ ისინი სოციალურ ქსელ Facebook-ში:

 „დიახ, მეც მიყვარს ოპერის გვერდით მდებარე კაფეებში ჯდომა, ჩემთვის ერევანი მათ შორის – ეს კაფეებიცაა და ის ადამიანები, რომლებიც იქ სხედან, და მათთან ურთიერთობა. და ეს ჩვენი ქალაქის კულტურის ნაწილია. მაგრამ წლიდან წლამდე ტერიტორიას რომ არ აბეტონებდნენ, მრავალსართულიან „ობიექტებს“ რომ არ აშენებდნენ, კანონის მიხედვით რომ მუშაობდნენ, და არა კორუფციული სქემებით, ახლა კაფეების მფლობელებს ბევრი მხარს დაუჭერდა.“

„ყველაფერს სწორად აკეთებენ. ჩვენ კარგ ქალაქში გვინდა ცხოვრება, რათა საღამოობით ცენტრში სეირნობა სასიამოვნო იყოს“.

 „როგორც იქნა“.

 „თქვენი ბიზნესი რომ არ დაკარგოთ, ქვეყანასაც კი გაყიდით“.

თუმცა, ბევრი ერევნელი ქალაქის ხელმძღვანელობის მოქმედებებს დაეჭვებით შეხვდა. მათ არ სჯერათ, რომ აქ ისევ ხეები დაირგვება, რადგან ამ ტერიტორიის ქვეშ უკვე მიწისქვეშა ფარეხებია აშენებული – ხის ფესვების გასაზრდელი ადგილი არ არის. იმის შიშიც კი არსებობს, რომ აქ ისევ კაფეები და რესტორნები გაჩნდება.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ