ნიკა გვარამიას თქმით, აღსრულება 8 მარტამდე შეჩერდა " />

ევროსასამართლომ “რუსთავი 2”-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა

ნიკა გვარამიას თქმით, აღსრულება 8 მარტამდე შეჩერდა

ევროპის საბჭოს სასამართლომ “რუსთავი 2”-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“მინდა მივულოცო მთელს საქართველოს, ძალიან სასიხარულო ცნობა მოვიდა ამ წუთში სტრასბურგის სასამართლოდან. სრულიად უპრეცედენტო, რომელიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. სტრასბურგის სასამართლომ პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. სტრასბურგის სასამართლოს მსგავსი ზომა არ გამოუყენებია არასდროს, გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ეხება ადამიანების წამებას”, – ამბობს გვარამია.

გვარამიას თქმით, აღსრულება შეჩერებულია 8 მარტამდე, “სანამ სტრასბურგის სასამართლო გაერკვევა, შეჩერებულია აღსრულება. მოგვიანებით გაკეთდება განმარტება სტრასბურგის სასამართლოს მიერ”, – თქვა გვარამიამ.

შეგახსენებთ, 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო. უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ მოსარჩელეთა მოთხოვნა დააკმაყოფილა და ტელეკომპანიის 60-პროცენტიანი წილი ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40 პროცენტი – შპს „პანორამას“ მიაკუთვნა.


ასევე წაიკითხეთ