„ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ევროპაში დევნილის სტატუსის მისაღებად, სამშობლოში მათ სიცოცხლეს საფრთხე უნდა ემუქრებოდეს“ " />

ევროკავშირიდან სომხეთში დეპორტირებულთა რაოდენობა ისევ გაიზრდება

„ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ევროპაში დევნილის სტატუსის მისაღებად, სამშობლოში მათ სიცოცხლეს საფრთხე უნდა ემუქრებოდეს“

ევროპაში – სამკურნალოდ

38 წლის კარენ სარგსიანი (სახელი შეცვლილია) გერმანიაში ორი წელი ცხოვრების შემდეგ, საკუთარი ნებით დაბრუნდა სომხეთში, რათა დეპორტაცია აერიდებინა თავიდან. კარენს უკვე 12 წელია სიარული არ შეუძლია და მხოლოდ ინვალიდის სავარძლით გადაადგილდება.

„2007 წელს სომხეთში გამიკეთეს ოპერაცია და სიმსივნის მოშორებისას ექიმებმა ზურგის ტვინი დამიზიანეს. 2017 წლის აგვისტოში, ძმასთან ერთად გერმანიაში წავედი სამკურნალოდ და ორი წლის შემდეგ დავბრუნდი სამშობლოში“, – ჰყვება კარენი.

საემიგრაციო სამსახურს სრული სამედიცინო დოკუმენტაციით „ჩაბარდა“, მაგრამ უარი მიიღო. დასაბუთება – სომხეთში არსებობს შესაბამისი სარეაბილიტაციო ცენტრები და მას დახმარების მიღება საკუთარ ქვეყანაში შეუძლია.

რატომ ასწავლიან სომხები ჩინეთში ინგლისურს

სომხური სოფელი, საიდანაც ფულის გამოსამუშავებლად არავინ მიდის

ჰოლანდიელები სომხეთში

ჯანმრთელობის მდგომარეობა არ წარმოადგენს გერმანიაში თავშესაფრის მიღების საფუძველს. თუკი დაავადებულ ადამიანს სასწრაფო დახმარება ესაჭიროება, მას იღებენ, დროებით თავშესაფარსაც აძლევენ, მაგრამ მკურნალობის შემდეგ სამშობლოში აბრუნებენ. დეპორტაციას არ უკეთებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაავადებულ ადამიანს მკურნალობის გაგრძელება ესაჭიროება და ის არ არის ხელმისაწვდომი სომხეთში.

„ჩემი ნებით დავბრუნდი, იმიტომ რომ შესაძლოა ისევ დამჭირდეს სამკურნალოდ წასვლა. დეპორტაციის შემთხვევაში კი შესვლა აკრძალული მექნებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში“, – გვითხრა კარენმა.

ჯერ კიდევ გერმანიიდან კარენი გაგზავნეს საქველმოქმედო ორგანიზაცია „სომხეთის კარიტასში“. მისი დაბრუნების შემდეგ ორგანიზაციამ შეაფასა მისთვის საჭირო დახმარების ოდენობა და მისცა კიდეც.

ორგანიზაცია „სომხეთის კარიტასის“ პროგრამის „მიგრაცია და განვითარების“ სოციალური მუშაკი ვარეგინ გასპარიანი გვიყვება, რომ ამ წელს ორგანიზაციას 56-მა ოჯახმა, 157-მა ადამიანმა მიმართა, რომლებიც გერმანიიდან, ავსტრიიდან, შვედეთიდან, ჰოლანდიიდან და დანიიდან დაბრუნდნენ. 39 სომხეთში იძულებით დაბრუნდა, 6 – საკუთარი სურვილით, დანარჩენები კი გარდაუვალ დეპორტაციას გამოექცნენ.

„ძირითადად, მათი წასვლის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო, და ადამიანები იმავე პრობლემებით დაბრუნდნენ. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც გამოგონილი დიაგნოზით მიემგზავრებიან. ჩვენ პირველებს ვეხმარებით“, – ამბობს ვარეგინ გასპარიანი.

ეკონომიკური მიგრანტები

„სომხეთის კარიტასის“ სხვა პროგრამის ხელმძღვანელი, ლუსინე სტეპანიანი ამბობს: სომხეთის მოქალაქეები ტურისტული ვიზებით მიემგზავრებიან სამუშაოს საძიებლად ევროკავშირის ტერიტორიაზე. და ეს კანონიერია, მეორე საკითხია – რა საფუძვლებით რჩებიან.

„დევნილის სტატუსის მიღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი შენს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, თუკი ადამიანზე პოლიტიკური და სხვა ტიპის დევნა ხორციელდება. სომხები დღეს ეკონომიკური მიგრანტები არიან. და თუკი ისინი ამბობენ, რომ პოლიტიკურ დევნას განიცდიან საკუთარ სამშობლოში, ეს შეიძლება შემოწმდეს“, – ამბობს პროგრამა „მიგრაცია და ინტეგრაციის“ ხელმძღვანელი.

ლუსინე სტეპანიანმა ისიც განმარტა, რატომ იზრდება დაბრუნებულთა რიცხვი:

„სირიის კრიზისის დროს ევროპამ საკუთარი საზღვრები გაუხსნა მილიონობით დევნილს. მას შემდეგ დასაკმაყოფილებელი სტანდარტები გამკაცრდა. ისინი ამბობენ: ჩვენ უკან ვაბრუნებთ ეკონომიკურ მიგრანტებს, რათა იმათი დახმარების შესაძლებლობა გვქონდეს, ვის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება“.

სამშობლოში დაბრუნება

რეადმისიის შეთანხმება – საკუთარი მოქალაქეების დაბრუნება, რომლებმაც დაარღვიეს საემიგრაციო კანონმდებლობა – სომხეთსა და ევროკავშირს შორის ძალაში 2014 წლის 1 იანვარს შევიდა.

2019 წლის პირველ კვარტალში, ტერიტორიული მართვისა და განვითარების სამინისტროს საემიგრაციო სამსახურმა ევროკავშირის ქვეყნებიდან 1030 მოთხოვნა მიიღო 2045 მოქალაქესთან დაკავშირებით, მათი 83% დაკმაყოფილდა. ანუ სამსახურმა დაადასტურა, რომ ეს ადამიანები სომხეთის მოქალაქეები არიან და დაბრუნება შეუძლიათ.

მათ, ვისაც საბუთებთან დაკავშირებით არ აქვთ პრობლემები, სომხეთში საემიგრაციო სამსახურის ჩარევის გარეშე აბრუნებენ. შესაბამისად, ზუსტი მონაცემები მათ შესახებ არ არსებობს. ამის მიუხედავად, 2018-2019 წლებში აღინიშნება დეპორტირებულთა რაოდენობის მკვეთრი მატება.

„მიზეზი – გასულ წელს, სომხეთში მომხდარი პოლიტიკური ცვლილებებია. სომხეთი უკვე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება. ამას გარდა, სომხეთის ბევრმა მოქალაქემ, რომელთაც დევნილის სტატუსი ჰქონდათ და ეგონათ, რომ მშვიდად იცხოვრებდნენ ევროკავშირში, არ იცოდნენ, რომ სტატუსი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ გადაიხედება ხოლმე. ხშირად ეს სტატუსი უქმდება. იმიტომ, რომ მიზეზები, რომელიც მათ წარადგინეს, უკვე განეიტრალებულად ითვლება“, – ამბობს საემიგრაციო სამსახურთან კავშირზე პასუხისმგებელი ნელი დავთიანი.

ის გვიხსნის, რომ თუკი ადრე ადამიანთა საქმეები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ, შესაძლოა 20 წელი განეხილათ, დღეს გადაწყვეტილებები 24 საათის განმავლობაში მიიღება. მაგალითად, გერმანიაში, საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლები პირდაპირ აეროპორტში სწავლობენ საქმეებს. და ზოგიერთები აეროპორტის ტერიტორიის დატოვებასაც კი ვერ ახერხებენ.

„ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ: ევროკავშირში დევნილის სტატუსის მისაღებად, სომხეთში მათ სიცოცხლეს საფრთხე უნდა ემუქრებოდეს. ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა გადაიხადონ გერმანელებმა მეტი გადასახადი, რათა უკეთეს ცხოვრებაზე მეოცნებე სომხებმა მათ ქვეყანაში უფასოდ იცხოვრონ?“, – ამბობს ნელი დავთიანი.

ადამიანებს ხშირად შუაღამისას ადეპორტებენ, ისე, რომ საკუთარი ნივთების მოგროვების საშუალებასაც კი არ აძლევენ. ბევრი ჰყვება, რომ ისინი თვითმფრინავებამდე ხელბორკილებით მიჰყავთ.

ნელი დავთიანი ამტკიცებს, რომ ადამიანებს მხოლოდ სამი გაფრთხილების შემდეგ ადეპორტებენ:

„ჩვენი ევროპელი კოლეგები გვიყვებიან, რომ ბევრი სომეხი უკიდურეს ზომებს მიმართავს, რათა არ დაბრუნდეს. ერთმა ქალმა ბავშვი ფანჯრიდან გადაკიდა და იმუქრებოდა, რომ ხელს გაუშვებდა. სწორედ ამიტომ მკაცრი ბრძანებაა, რომ ადამიანების დეპორტირება ხელბორკილებით მოახდინონ, ღამით და მოულოდნელად. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ეს სწორედ ადამიანების უსაფრთხოებისთვის კეთდება“.

რეინტეგრაცია

ჯერჯერობით, დაბრუნებულებს დახმარებას მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციები უწევენ.

ერთ-ერთი მათგანი – ევროპული ქსელი „დაბრუნება და რეინტეგრაცია“ – დაკავებულია შემდეგი საკითხებით:

• ორგანიზებას უწევს სამედიცინო შემოწმებას

• ანაზღაურებს საცხოვრებლის ქირას ექვსი თვის განმავლობაში

• ეხმარება ბიზნესის წამოწყების მსურველებს

• უშვებს ადამიანებს პროფესიული გადამზადების კურსებზე

სომხეთის მოქალაქეები აგრძელებენ ევროპულ ქვეყნებში გამგზავრებას და იქ დარჩენას საემიგრაციო კანონების დარღვევით. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ეს სომხეთის ხელისუფლებას ხელს უშლის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მოლაპარაკებებში.


ასევე წაიკითხეთ