ახალგაზრდები, რომლებიც 25 წლის იუბილეს სომხეთთან ერთად აღნიშნავენ" />

დამოუკიდებლობის თანატოლები

ახალგაზრდები, რომლებიც 25 წლის იუბილეს სომხეთთან ერთად აღნიშნავენ

1991 წლის 21 სექტემბერს სომხეთში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეების თითქმის 95 % მონაწილეობდა. ამომრჩეველთა 99%-ზე მეტმა მხარი დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული რესპუბლიკის გამოცხადებას დაუჭირა.  

21.09.2016

25 წლის სახელმწიფოში ამ პერიოდში ფორმირებული დამოუკიდებლობის თაობა ცხოვრობს

სონა მელიქჯანიანი, 25 წლის, სოციოლოგი

ყოველ წელს, როდესაც დამოუკიდებლობის დღე ახლოვდება, სიამაყით ვიხსენებ, რომ მე და ჩემი ქვეყანა ტოლები ვართ. დამოუკიდებლობა ჩემთვის მჭიდრო კავშირშია თავისუფლებასთან. მე მომწონს, რომ თავისუფლად ცხოვრება და იმის გაკეთება შემიძლია, რაც კარგია ჩემთვის და სხვა ადამიანების უფლებებს არ არღვევს.

მიხარია და ვამაყობ იმით, რომ დამოუკიდებელ სომხეთში დავიბადე და თავისუფლად ცხოვრების, აზროვნებისა და მოქმედების საშუალება მაქვს. როგორც აინშტაინი იტყოდა: “საზოგადოების მორალური პროგრესი მხოლოდ და მხოლოდ პიროვნების დამოუკიდებლობაზეა დამოკიდებული.”

მიკაელ მალხასიანი, 25 წლის, ისტორიკოსი

სომხეთის სახელმწიფოებრიობის აღდგენა რამდენიმე საუკუნის მანძილზე ჩვენი ხალხის ათეულობით თაობის სანუკვარ ოცნებას წარმოადგენდა, რადგან ერის არსებობისა და განვითარების გარანტიად  სწორედ სახელმწიფოებრიობა მიიჩნეოდა.

ჩემთვის  დამოუკიდებლობის ცნება ასოცირდება სახელმწიფოებრიობის ცნებასთან, რომელიც სტაბილური განვითარების საშუალებას იძლევა. დამოუკიდებლობა საშუალებას მაძლევს, რომ თავი საკუთარი ხალხის, საკუთარი საზოგადოების, ასევე გლობალიზაციის პროცესს დაქვემდებარებული სამყაროს ნაწილად ვიგრძნო.

მარიამ მელქუმიანი, 25 წლის, ფსიქოლოგი

ჩემთვის დამოუკიდებლობა თავისუფლად ცხოვრების, განათლების მიღებისა და “შემოქმედებითობის” საშუალებაა და ჩემი მშობლიური საზღვრისპირა ქალაქ ბერდიდან იწყება. დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად თითოეული ჩვენგანისგან საჭიროა პატიოსნება, პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი თავის სიყვარული. საკუთარი სახისა და ღირებულებების შენარჩუნებისთვის გაცნობიერებული დამოუკიდებლობაა საჭირო. ბედნიერი ვარ იმით, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობ.

არმენ სიმონიანი, 25 წლის, გეოლოგი

როდესაც სამშობლო გაქვს, როდესაც საკუთარ დამოუკიდებელ სახელმწიფოში თავისუფლად ცხოვრობ, უბრალო იდეით უნდა იხელმძღვანელო – ვალდებული ხარ, შენი წმინდა ვალია, დაიცვა ის, მის განვითარებას შეუწყო ხელი და შენი სამშობლოს ღირსეული შვილი იყო.

ჩემი აზრით, სამშობლოს დამოუკიდებლობისა და განვითარების წინაპირობა ახალი თაობის ცოდნის დონეა. თვალყური უნდა ვადევნოთ მეცნიერებას და მისი ყველა მიმართულება სამშობლოს ინტერესებს უნდა მოვარგოთ. პროფესიით გეოლოგი ვარ და ამან ჩემი ქვეყნის დაფასება მასწავლა. ჩემი პროფესის საშუალებით, თითოეული ქვისა და ბუჩქის ბატონ-პატრონად ვგრძნობ თავს.

ყველას ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს და ჩვენს ქვეყანასა და ხალხს მშვიდობას ვუსურვებ.

ვიდეო: ლიუსი სარგსიანი

კადრები კონცერტიდან „დამოუკიდებლობის თაობა“, რომელიც გაიმართა 21 სეტემბერს, ერევანში, დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში. ორკესტრისა და გუნდის ნაკრებში ამ თაობის 1100 წარმომადგენელი იყო ჩართული. ისინი ერევნიდან, სომხეთის რეგიონებიდან, ყარაბაღიდან და სათვისტომოებიდან შეკრიბეს. პროექტის ავტორი დირიჟორი სერგეი სმბატიანია, რომელიც ასევე დამოკიდებელი თაობის წარმომადგენელია. კონცერტზე სომეხი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდა.

გამოქვეყნდა: 21.09.2016


ასევე წაიკითხეთ