გახარიას ბაქოში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს " />

გიორგი გახარია ბაქოში ვიზიტს იწყებს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სავარაუდოდ, დავით გარეჯი იქნება

გახარიას ბაქოში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 9 ოქტომბერს აზერბაიჯანში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს.

აზერბაიჯანი პირველი ქვეყანაა, რომელსაც გახარია პრემიერ-მინისტრის რანგში ეწვევა.

გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 8 სექტემბერს დაიკავა, მას შემდეგ, რაც მამუკა ბახტაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

დიდი ალბათობით, ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელზეც ქართული და აზერბაიჯანული მხარეები ისაუბრებენ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობაა.

• უძველესმა სამონასტრო კომპლექსმა შესაძლოა საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს დაუპირისპიროს

• აზერბაიჯანმა დავით-გარეჯის კომპლექსთან ახალი საგუშაგო გახსნა

• მოსაზრება: რატომ გახარია?

 

მღვიმეებში გამოკვეთილი მეექვსე საუკუნის სამონასტრო კომპლექსი, რომელსაც ქართული მხარე დავით გარეჯს უწოდებს, აზერბაიჯანული კი – ქეშიშდაღს, ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყანას შორის მუდმივი დაპირისპირებისა და ინციდენტების მიზეზია.

 

საქმე იმაშია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ზღვარი პირდაპირ კომპლექსზე გადის. საქართველო ამტკიცებს, რომ დავით გარეჯი ქართული კულტურის ძეგლია. აზერბაიჯანში კი მიაჩნიათ, რომ კომპლექსი – ალბანური კულტურის ნაწილია და საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.

 

კულტურის ამ ძეგლის გარშემო დროთა განმავლობაში სიტუაცია იძაბება. უკანასკნელი გართულება 2019 აპრილში მოხდა, როდესაც გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა აზერბაიჯანის მხარეს მდებარე საზღვრის ნაწილი ჩაკეტეს და ქართველებს დავით გარეჯის მონასტერთან წვდომა შეუზღუდეს. ქართველმა აქტივისტებმა აქციების სერია ჩაატარეს, ზოგ შემთხვევაში, საქმე ქართველ აქტივისტებსა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის ინციდენტებამდეც კი მივიდა.

 

თბილისსა და ბაქოს შორის საზღვრის საკამათო მონაკვეთების დემარკაცია–დელიმიტაციის თემაზე მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა მათ რაიმე კონკრეტული შედეგი ჯერ არ მოჰყოლია. 

გახარიას ბაქოში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს საპატრიარქომ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილი გამოაქვეყნა. წერილის ადრესატი პრემიერ-მინისტრია. ილია მეორე მას სთხოვს დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხი მოაგვაროს.

წერილში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ 2019 წლიდან “ფაქტობრივად ჩამოგვართვა” კომპლექსში არსებული უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები და “იქ სრულიად შეზღუდა მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების ასვლა”.

ქართული ეკლესიის მეთაური მიუთითებს აზერბაიჯანის მხარესთან 1938 წელს და  შემდეგ 1996 წელს ორმხრივად მიღწეულ შეთანხმებებზე,  რომელთა თანახმად, “სახელმწიფო საზღვარი უნდა გაივლოს 1936-1938 წლებში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ გამოცემული 1:200 000 მასშტაბის რუკის მიხედვით”.

წერილში აღნიშნულია, რომ ამ რუკის მიხედვით, კომპლექსში შემავალი უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები საქართველოს ტერიტორიაზეა დაფიქსირებული, ხოლო ბერთუბნის მონასტერი, რომელიც ასევე დავით გარეჯის კომპლექსის ნაწილია, აზერბაიჯანის მხარეს არის მოქცეული.

“ამიტომაც, ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის ის ქმედებები, რომლითაც უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტრები 2019 წლიდან ფაქტობრივად ჩამოგვართვეს და იქ სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების ასვლა.გამოდის, რომ ამდენი ხნის რეალობა წელს ყოველგვარი ლოგიკის გარეშე შეიცვალა, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით,” – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პატრიარქის მიერ ხელმოწერილი წერილში კონკრეტული მოთხოვნებიცაა ჩამოყალიბებული:

საპატრიარქო ითხოვს, ვიდრე ორი ქვეყნის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი არ დასრულდება, აღდგეს აქამდე არსებული სტატუს-კვო და სასულიერო პირებს და ტურისტებს უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონახულების საშუალება მიეცეთ.” მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად და მით უმეტეს ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა დაუშვებელია,” – წერია განცხადებაში.

“ვფიქრობთ, ქართველი ერის მეგობარი აზერბაიჯანელი ხალხი და მათი სახელმწიფოს ხელისუფლება სწორად შეაფასებენ შექმნილ ვითარებას, მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას… ვიმედოვნებთ, ბატონო გიორგი, თქვენი ჩარევით საკითხი დადებითად გადაწყდება და საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული ისტორიული სამართლიანობა აღდგება“, – ამ სიტყვებით ასრულებს წერილს პატრიარქი.

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესზე მუშაობა წლების წინ დაიწყო, თუმცა შემდეგ რამდენიმე წლიანი პაუზა დადგა. სასაზღვრო საკითხები ორ ქვეყანას შორის კვლავ აქტუალური გახდა 2019 წლის აპრილიდან. შექმნილია სპეციალური ორმხრივი კომისია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზეც მუშაობს. უახლოეს ხანებში ამ კომისიის სხდომა თბილისში უნდა გაიმართოს.

მანამდე, დავით გარეჯი მუდმივად არის ქართული და აზერბაიჯანული მედიის ყურადღების ცენტრში. 6 ოქტომბერს, აზერბაიჯანული მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ქეშიჩკი გალა“ აამოქმედა.

აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ, მომდევნო კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში გაემგზავრება.

ასევე, მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთში, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

როგორც პრემიერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, „რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით“.


ასევე წაიკითხეთ