„ვიღაც სერიოზულად ფიქრობს, რომ ჟურნალისტის ტირადის გამო, შესაძლოა, ომი დაიწყოს?“" />

გინება პუტინის მისამართით რუსთავი 2-ის ეთერში. პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კომენტარები

„ვიღაც სერიოზულად ფიქრობს, რომ ჟურნალისტის ტირადის გამო, შესაძლოა, ომი დაიწყოს?“

კვირა საღამოს, გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ მაყურებელი ერთ წუთზე მეტხანს, რუსულ ენაზე ისმენდა გინებას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის და მისი დედის მისამართით.

სწორედ ასე გადაწყვიტა წამყვანმა გიორგი გაბუნიამ საკუთარი საავტორო გადაცემის დაწყება.

ამან საზოგადოების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. „რუსთავი 2“-ს კი 8 ივლისის ღამით, მაუწყებლობის დროებით შეჩერებაც კი მოუხდა.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პირდაპირ ეთერში საგანგებო განცხადებით გამოვიდა და ტელეკომპანიის სახელით მაყურებელს ბოდიში მოუხადა.

მისი თქმით, „არხი კატეგორიულად არ იზიარებს არა  გაბუნიას მოსაზრებას, არამედ გამოხატვის ფორმას“.

„ის, რაც იყო გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“, არ წარმოადგენს არხის სარედაქციო პოლიტიკას… ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ საკითხს თვითრეგულირების ორგანოში და აუცილებლად მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, ავტორთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.

გადაცემის ეთერში გასვლიდან მალევე, ტელეკომპანიის შენობასთან სტიქიურად დაიწყო მოქალაქეთა საპროტესტო აქცია, რომლებიც უკმაყოფილოები იყვნენ ჟურნალისტის განცხადებებით.

„რუსთავი 2“-თან აქციაზე გასვლისკენ მოქალაქეებს მოუწოდებდნენ ულტრამემარჯვენე ორგანიზაციები, მაგალითად, ისეთი, როგორიც არის „ქართული მარში“, რომლის ლიდერებიც ანტიდასავლური რიტორიკით, ასევე, ეროვნული და სექსუალური უმცირესობების მისამართით აგრესიით გამოირჩევიან.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან „რუსთავი 2“-ის დახურვასა და ჟურნალისტის დასჯას მოითხოვდნენ. მათი აზრით, გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტის პროვოცირება მოახდინა, რომელიც „ამას ასე არ დატოვებს“ და საქმე, შესაძლოა, რუსეთთან ახალ ომამდე მივიდეს.

სწორედ ჟურნალისტების უსაფრთხოების გამო შეაჩერა „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა, რომელიც 8 ივლისს, დილით განახლდა.

ჟურნალისტის უცენზურო მონოლოგზე ოპერატიულად მოახდინა რეაგირება საქართველოს ხელისუფლებამაც.

იმავე ღამით სპეციალური განცხადებები გააკეთეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და ხელისუფლების სხვა წევრებმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი საერთოდ განცხადება გაავრცელა, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას მომხდარზე რეაგირებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო სიტყვის თავისუფლებასთან და, თავის მხრივ, წარმოადგენს წმინდა წყლის პროვოკაციას“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობასა და სიტყვის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს, „შესაბამისი შეფასება მისცენ ტელეკომპანიისა და კონკრეტული ჟურნალისტის ქცევას, რომელმაც უხეშად დაარღვია საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები“.

ქვეყნის პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ „უპირობოდ გმობს სიძულვილის ენასა და სიტყვიერ აგრესიას“.

„ისინი (ჟურნალისტის გამონათქვამები) ეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციებს და ემსახურება მხოლოდ ქვეყანაში დაძაბულობის აწევას“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებით“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებაში.

ტელეწამყვანის უცენზურო გამონათქვამები გააკრიტიკა ქართულმა ოპოზიციამაც, თუმცა, ისინი ასევე გამოვიდნენ ტელეკომპანიის საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევისა და სიტყვის თავისუფლებისათვის ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ.

ოპოზიციამ და ექსპერტებმა, ასევე, მკაცრად გააკრიტიკეს ხელისუფლების რეაქცია.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა პარტია „ევროპული საქართველოდან“, სერგი კაპანაძემ, Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„რატომ შეიკრიბნენ ეს ადამიანები „რუსთავი 2“-ის შენობასთან? რისი შეეშინდათ? ომის? ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ ჟურნალისტის ტირადის გამო, შესაძლოა, ომი დაიწყოს? ამის ეშინია პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს? ის, რაც ჟურნალისტმა განაცხადა, ძალიან მიუღებელი იყო, მაგრამ ასეთი რამის გამო ომები არ იწყება. ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული“.

„დამშვიდდით, მეგობრებო, მსოფლიო ისტორიაში არასოდეს ყოფილა ომი, რომელიც ჟურნალისტის გინების გამო შეიძლება დაიწყოს“, – წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე, პოლიტიკური მიმომხილველი, გია ხუხაშვილი.

პუბლიცისტმა ზაალ ანდრონიკაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, „ყველაზე არაადეკვატური უწოდა ქართული დიპლომატიის მთელ ისტორიაში“.

თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის დედის მისამართით გინების ფაქტის გამოძიებას მოითხოვენ.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ „ეს იყო ჟურნალისტის მხრიდან პროვოკაცია, რომელიც მიმართული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ“.

„სწრაფად უნდა დაიწყოს ამ ფაქტის გამოძიება. ვფიქრობ, ეს არ იყო უბრალოდ ემოციური გამოსვლა. აუცილებელია სასწრაფოდ გარკვევა, ვინ დაუკვეთა გაბუნიას განცხადების გაკეთება, რომლის შემდეგაც, შესაძლოა, ქვეყანაში რუსული ჯარები შემოვიდეს. ხელისუფლება მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლოს, რომ ეს იყო პროვოკაცია. სასწრაფოდ დაიწყონ გამოძიება“, – უთხრა ლაგაზიძემ გაზეთ „კვირის პალიტრას“.

გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა ბევრმა ქართველმა ჟურნალისტმაც, რომლებმაც განაცხადეს, რომ ეს ეწინააღმდეგება პროფესიის პრინციპებს.

სპეციალური განცხადება გააკეთა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“. მასში ნათქვამია, რომ „რუსთავი 2“-ის არაეთიკური გამონათქვამები ზიანს აყენებს სხვა ქართულ მედიასაშუალებებს და ამცირებს მათდამი ნდობას“.

თუმცა, გზავნილის ავტორები ასევე ხაზს უსვამენ, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული სიტუაცია მედიის თავისუფლების შეზღუდვამდე არ უნდა მივიდეს.

„ასეთი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები ხელს უწყობს ხელისუფლების სურვილს მედიასაშუალებების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ასეთი ცვლილებების მხარდაჭერას საზოგადოებაში, მით უმეტეს, რომ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, მაღალი თანამდებობის პირებმა და სხვა საზოგადო ფიგურებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება მედიის თვითრეგულირების შეზღუდვასთან დაკავშირებით“, – შიშობენ ჟურნალისტები.

ამ მომენტისათვის, დედის გინების ვიდეო წაშლილია Youtube-იდან უცენზურო გამონათქვამებსა და სიძულვილის ენასთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო.

ის არ დევს არც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ვებგვერდზე.

ივნისის ბოლოს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა საქართველოს პარლამენტში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლის გამო, რომელმაც, ამასთან ერთად, სპიკერის სავარძელი დაიკავა.

საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთმა 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში მგზავრების გადაყვანა აუკრძალა, ქართულ ავიაკომპანიებს კი რუსეთის ფედერაციაში ფრენა. კრემლში განაცხადეს, რომ აკრძალვა შესაძლოა გაუქმდეს, როდესაც საქართველოში სიტუაცია „არარუსოფობიურ კურსს“ დაუბრუნდება.

 


ასევე წაიკითხეთ