გერმანელმა დეპუტატებმა ერთდროულად მიიღეს სომხებისგან მადლიერება, თურქეთისგან კი - ბრალდებები " />

ბუნდესტგმა სიტყვა “გენოციდი” წარმოთქვა

გერმანელმა დეპუტატებმა ერთდროულად მიიღეს სომხებისგან მადლიერება, თურქეთისგან კი - ბრალდებები 

 გერმანიაში

2 ივნისს გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ხოცვა აღიარებულია გენოციდად.

რეზოლუციის განხილვის პროცესში ბუნდესტაგის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ გერმანიას არ აქვს უფლება, კიდევ ერთხელ გახდეს ერთი საუკუნის წინ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილე. მათი თქმით, ეს რეზოლუცია არ არის ბრალდება თურქეთის წინააღმდეგ, ეს, უბრალოდ, 1915 წლის მოვლენების მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მიგებას ემსახურება.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა დიტმარ ნიტამ განაცხადა: “ჩვენ გავჩუმდით მაშინ, როდესაც თურქეთის მოკავშირეები ვიყავით, მაგრამ დღეს მომხდარს ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება უნდა მივცეთ და გენოციდს გენოციდი უნდა ვუწოდოთ. დაზარალებულები და მათი შთამომავლები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ და ელოდებიან ასეთ მკაფიო განსაზღვრებას.”

Reuters-ის ფოტო: გერმანიის სომხური სათვისტომო მადლობას უხდის ბუნდესტაგის დეპუტატებს

საკუთრივ დოკუმენტის ტექსტში აღნიშნულია: “პარლამენტი გმობს “ახალგაზრდა თურქების” ხელისუფლების იმ ქმედებებს, რომლებმაც ოსმალეთის იმპერიაში სომხების თითქმის სრული განადგურება გამოიწვია…. “ახალგაზრდა თურქების” ხელისუფლების ბრძანებით, 1915 წლის 24 აპრილს ოსმალურ კონსტანტინოპოლში მილიონზე მეტი სომხის წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი რბევა და დეპორტაცია დაიწყო. მათი ბედი მასობრივი განადგურების, ეთნიკური წმენდის, დეპორტაციისა და დიახ, გენოციდის (Völkermord) მაგალითია, რითაც XX საუკუნე გამოირჩა.

ბუნდესტაგი წუხს ზემოაღნიშნულ მოვლენებში ოსმალეთის იმპერიის მოკავშირის, გერმანიის რაიხის უარყოფითი როლის გამო. რაიხმა, გერმანელი პოლიტიკური მოღვაწეებისა და მისიონერების აშკარა ცნობების მიუხედავად, არაფერი იღონა იმისთვის, რომ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ეს დანაშაული აღეკვეთა. ბუნდესტაგი გერმანიის ისტორიულ პასუხისმგებლობას აღიარებს.”

მას შემდეგ, რაც ბუნდესტაგმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით “სომხებისა და სხვა ქრისტიანული უმცირესობების გენოციდის ხსოვნის 101 წლისთავი”, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა: “ჩვენ გვსურს, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის დიალოგის დაწყებას შევუწყოთ ხელი”. ამასთან, კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია მზად არის, ყველა ასპექტში განაგრძოს ურთიერთობა თურქეთთან, რადგან ამ ორ ქვეყანას ბევრი რამ (კერძოდ კი, გერმანიაში მცხოვრები სამმილიონიანი თურქული სათვისტომო) აკავშირებს ერთმანეთთან.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის არსებული ურთიერთობა უახლოეს მომავალში დარეგულირდება.  

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღნიშნა: “ეს გერმანული ბუნდესტაგის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა. თურქეთის ასეთი რეაქცია მოსალოდნელი იყო და იმედი მაქვს, უახლოესი დღეებისა და უახლოესი კვირების განმავლობაში შევძლებთ, ისე დავალაგოთ ჩვენი ურთიერთობა, რომ თავი ავარიდოთ გადაჭარბებულ რეაქციას. გერმანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ორი მეზობელი ქვეყანა – თურქეთი და სომხეთი – არამხოლოდ ლაპარაკობდნენ ერთმანეთზე, არამედ ერთმანეთსაც ესაუბრებოდნენ.” 

მსოფლიოში

მსოფლიო პრესამ გამოაქვეყნა ინფორმაცია რეზოლუციის მიღების შესახებ და განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ თურქეთის ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი ნეგატიური რეაქციის მიუხედავად, ბუნდესტაგის დეპუტატებმა ხსენებულ ინიციატივას მხარი დაუჭირეს. სააგენტო Reuters-ის სტატია ასეთი სათაურით გამოქვეყნდა: “გერმანიამ სომხების გენოციდის შესახებ მიღებული რეზოლუციით თურქეთი გააბრაზა.”

საერთაშორისო გამოცემები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ რეზოლუცია სწორედ იმ პერიოდში მიიღეს, როდესაც გერმანიისა და მთელი ევროკავშირის ინტერესშია, თურქეთმა ევროპისკენ დაძრული მიგრანტების ნაკადი შეაკავოს.

თურქეთში

რეზოლუციის მიღებამდე თურქეთის პრემიერმინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კენჭისყრის შედეგების იგნორირებას აპირებდა, თუკი გერმანია გენოციდს აღიარებდა, რადგან “1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს სომხებს ჩვეულებრივი რამ დაემართათ, რაც ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს.”

თუმცა თურქეთმა, იგნორირების ნაცვლად, მძაფრი პროტესტი გამოხატა ბუნდესტაგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიფ ტაიფ ერდოღანმა აღნიშნა, რომ პრემიერმინისტრ ბინალი ილდირიმთან გამართული თათბირის შემდეგ ბერლინიდან თურქეთის ელჩი გამოწვევის საკითხი დადგა: “ბუნდესტაგის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სერიოზულ გავლენას იქონიებს თურქულ-გერმანულ ურთიერთობებზე. ელჩის დაბრუნებისთანავე ჩვენს სამომავლო ნაბიჯებს განვიხილავთ.”

რეზოლუციის მიღების შემდეგ კი პრემიერმინისტრმა, გერმანიის პარლამენტის “არასწორი გადაწყვეტილების” გამო, პასუხისმგებლობა “რასისტულ სომხურ ლობის” დააკისრა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლიუთ ჩავუშოღლუმ კი “ტვიტერში” გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ბრალი დასდო გერმანიას: “საკუთარი ქვეყნის ისტორიის შავი ფურცლების დასამალად,  პარლამენტის უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო გადაწყვეტილებით, არ შეიძლება სხვა ქვეყნის ისტორიას მოსცხო ჩირქი.” 

სომხეთში

სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, იოახიმ გაუკს, კანცლერ ანგელა მერკელსა და ბუნდესტაგის თავმჯდომარეს, ნორბერტ ლამერტს მადლობის წერილები გაუგზავნა: “ეს ნაბიჯი დემოკრატიისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების პრიორიტეტულობაზე მიუთითებს და ხაზს უსვამს გერმანიის თანმიმდევრულ როლს ამ ღირებულებების დაცვის საქმეში. ესა არის გზავნილი მთელი სამყაროს მისამართით, რომ კაცობრიობის წინაშე თუნდაც ასი წლის წინათ ჩადენილი დანაშაული არამხოლოდ გვახსოვს, არამედ ზუსტ სამართლებრივ შეფასებასაც ვაძლევთ.”

რეზოლუციის მიღებას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედვარდ ნალბანდიანიც გამოეხმაურა: “გერმანიის პრეზიდენტის, იოახიმ გაუკის განცხადება სომეხთა გენოციდის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ბუნდესტაგის მიერ მიღებულ ამ რეზოლუციასთან ერთად, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ეს არის გერმანიის მხრიდან არამხოლოდ სომეხთა გენოციდის აღიარება და მისი დაგმობის მოწოდება, არამედ ეს ზოგადად გენოციდისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის თავიდან აცილებას ემსახურება.

ერევანში, გერმანიის საელჩოსთან დროშებით, ყვავილებითა და მადლობის წერილებით ხელდამშვენებული ახალგაზრდები შეიკრიბნენ. შეკრებილები სომხურ და გერმანულ ენებზე მადლობის სიტყვებს სკანდირებდნენ.

 ფოტო: News.am

სოციალურ ქსელებში

ფეისბუკის სომეხი მომხმარებლები მთელი დღის განმავლობაში მოვლენის დეტალების ამსახველ მასალებს აზიარებდნენ, ბუნდესტაგის დეპუტატებს მადლობას უხდიდნენ და პოლიტიკური მოღვაწეების გამონათქვამებს განიხილავდნენ.

პირველი ტენდენცია: თურქი პოლიტიკოსები ისეთივე ბარბაროსები არიან, როგორებიც მათი კოლეგები იყვნენ ასი წლის წინათ

ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია თურქეთის პრემიერმინისტრ ილდირიმის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, 1915 წლის მოვლენები “ჩვეულებრივი ამბავია”.

“მისთვის გენოციდი ჩვეულებრივი ამბავია. და ამით ყველაფერია ნათქვამი. აი, რატომ არ აღიარებს თურქეთი გენოციდს – მათ ქვეყანაში მომხდარს არანორმალურად არ მიიჩნევენ. ეს მათთვის ძალიან ჩვეულებრივია. აბსოლუტურად ბარბაროსული მიდგომაა.”

მეორე ტენდენცია: რაღაც იცვლება მსოფლიოში

“თურქეთში იმედი ჰქონდათ, რომ რეზოლუციას არ მიიღებდნენ. მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც გერმანიაში კენჭისყრამდე გაცილებით ადრე მიიღეს.  ეს მოხდა, თუმცა ყველა ხვდებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება გერმანიისა და თურქეთის ურთიერთობებს დაძაბავდა. ბერლინის მიერ გენოციდის აღიარება სხვა ქვეყნების მხრიდან ამ მოვლენის ადეკვატურად შეფასებას გაუხსნის გზას.”

მესამე ტენდენცია: ცხოვრებაში შემთხვევითი არაფერია

“ბუნდესტაგმა სომხების გენოციდი აღიარა 2 ივნისს – სწორედ იმ დღეს, როდესაც ბერლინის სასამართლომ სომეხი შურისმაძიებელი, თალაათ ფაშას მკვლელი, სოგომონ ტეილერიანი გაამართლა. ეს სიმბოლურია. დღეს ტეილერიანის გამართლების 95 წლისთავის აღნიშვნა მოხერხდა.”


JAMnew-ის დოსიე:

  • 
ათასობით ათასი სომეხი დაიღუპა 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში. ნაწილი მოკლეს, ნაწილი კი ხრიოკი ადგილებზე გადაასახლეს, სადაც ისინი შიმშილითა და წყურვილით დაიხოცნენ;
  • სომხეთი აცხადებს, რომ საერთო ჯამში, დაახლოებით მილიონნახევარი ეთნიკურად სომეხი დაიღუპა;
  • თურქეთი მიიჩნევს, რომ ეს ციფრი ბევრად ნაკლები იყო.
 თურქეთი უარყოფს ტერმინს – “გენოციდი”, და ამბობს, რომ დაღუპულ სომეხთა უმრავლესობა პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო შეტაკებებს შეეწირა, ისევე როგორც ათასობით ეთნიკურად თურქი. 

გამოქვეყნდა: 03.06.2016


ასევე წაიკითხეთ