სასამართლო, არჩევნები, ანაკლიის პორტი - ამ საკითხებმა ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო " />

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მთავარი გზავნილები საქართველოს ხელისუფლებას

სასამართლო, არჩევნები, ანაკლიის პორტი - ამ საკითხებმა ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 11 ივნისს ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პონპეომ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა და რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომლებიც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას და ანაკლიის პორტის პროექტს ეხებოდა. მოკლედ გთავაზობთ მაიკ პომპეოს მთავარ გზავნილებს საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ასევე ამ გაზავნილებზე რეაქციებს საქართველოში.

ნატო, რუსეთი, სამხედრო მხარდაჭერა

“თქვენ შეერთებული შტატების მხარდაჭერა გექნებათ ნატოში გაწევრიანების გზაზე”.

– “საქართველომ იბრძოლა საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად რუსეთის აგრესიის, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციისა და მის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის ფონზე”.

-“რუსეთის მტრული დამოკიდებულება კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ვამაყობთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვისთვის მზადყოფნის პროგრამის მიმართ”. მისი თქმით,  ამერიკა გააგრძელებს საქართველოსადმი სამხედრო მხარდაჭერას “თვითკმარი ძალის გასაწვრთნელად და აღსაჭურვად, რომელიც შეძლებს საქართველოს ტერიტორიის დაცვას.”|

 –“საქართველოს ზრდა, როგორც თავისუფალი ქვეყნის, თითქმის ერთსაუკუნოვანი საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ადასტურებს, რომ ის სწორ გზაზეა”.

სასამართლო, არჩევნები და ანაკლიის პორტის პროექტი

პომპეოს განცხადების ის ნაწილი, რამაც საქართველოში განსაკუთრებული ყურდაღდება მიიპყრო:

– “ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ქართული დემოკრატია მოიცავდეს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს”.

– “პრემიერ-მინისტრთან ერთად განვიხილეთ საქართველოს პარლამენტის ვალდებულება უზრუნველყოს, რომ სამთავრობო უწყებები ემორჩილებოდნენ კანონს და ასრულებდნენ იმ დაპირებებს, რაც მათ მოქალაქეებს მისცეს”.

-“მე გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს (ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის) პროექტს. პროექტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან და ხელს შეუშლის იმას, რომ საქართველო მოექცეს რუსეთის ან ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ. ამ მოჩვენებით მეგობრებს საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ ამოძრავებთ”.

ხელისუფლების რეაქცია

– „შეხვედრაზე მხოლოდ პოზიტიური კუთხით იყო სახელმწიფო მდივნის მხრიდან გაცხადებული და აღიარებული ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით,”განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

-“რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, არის გამოწვევები და სწორედ ამიტომ დავიწყეთ ჩვენ მუშაობა რეფორმის მეოთხე ტალღაზე, ეს ნაწილი რეფორმის ჩვენ წარმატებით დავასრულეთ… ჩვენ მზად ვართ ჩვენი პარტნიორების  ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინოთ,“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ. 

– „ანაკლიის პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს და უფრო მეტიც, ჩვენ ვეხმარებით კონსორციუმის წევრებს, რომ მათაც შეასრულონ თავიანთი ვალდებულები,“ – განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ.

ანაკლიაში საქართველოში პირველ ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს ანაკლიის განვითარების კონსორციუმიახორციელებს.

 

პროექტის განხორციელება მას შემდეგ შეფერხდა, რაც ხელისუფლებასთან პრობლემები გაუჩნდა ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს – იგი “TBC ჯგუფისხელმძღვანელია, რომელიც “ანაკლიის კონსორციუმის” თანადამფუძნებელია. დღემდე არ გაფორმებულა შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან, რომელიც არის მთავარი წინაპირობა უცხოელი ინვესტორების მიერ პროექტში 400 მილიონი დოლარის ინვესტირებისთვის.  

 

ექსპერტების აზრით, დღესდღეობით ანაკლიის პორტი მთავარი პროექტია, რომელიც საქართველოში ხორციელდება. ზოგი მას თავისი მნიშვნელობით შევარდნაძის ეპოქაში დაწყებულ ნავთობსადენსბაქოთბილისიჯეიჰანსაც კი ადარებს.

 

პროექტის წარმატებით დაინტერესებულია აშშ. ამ პროექტში ბევრი კერძო ამერიკული ინვესტიციაა ჩადებული.

 

პორტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია საქართველოსთვის, რადგან იგი გზას გაუხსნის ცენტრალური აზიის ტვირთებს ევროპისკენ და პირიქით. პირველ ქართულ ღრმაწყლოვან პორტს, რომელიც ანაკლიაში შენდება, პრეტენზია აქვს, რომ თურქეთისა და რეგიონის სხვა ქვეყნების პორტების სერიოზული კონკურენტი გახდეს.

 

მთლიანობაში, ინვესტიციის საერთო რაოდენობა 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი

“ეს გზავნილები არის ძალიან საგანგაშო. ის, რომ სახელმწიფო მდივანმა ჩათვალა აუცილებლად ამ გზავნილების საჯაროდ გაჟღერება, ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ეს გზავნილები საქართველოს ხელისუფლებას დახურულ კარს მიღმა მრავალჯერ აქვს მიღებული, მაგრამ როგორც ჩანს არ აქვს შესრულებული ის რეკომენდაციები, რასაც აქამდე ღებულობდნენ,”- აცხადებს პარლამენტის წევრი ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობიდან” სალომე სამადაშვილი.  

– “ეს განცხადებები არის უაღრესად საგანგაშო. განსაკუთრებით ის, რაც ეხება სასამართლოს და დემოკრატიას. ეს ეხება ქვეყნის ფუნქციონირებას, ეს არის მინიშნება იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ვალდებულია ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები 2020-ში,”-აცხადებს პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა. 

– „უნდა აუცილებლად მივხედოთ ჩვენ სასამართლო სისტემას,  უნდა ჩავატაროთ დემოკრატიული და თავისუფალი. ჩვენ უნდა ავაშენოთ და პრობლემები არ შევუქმნათ  ანაკლიის პორტს… რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გზავნილების ყურადღება უნდა მივაქციოთ და სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ყველაფერი იმისთვის, რომ ამ სფეროებში კითხვის ნიშნებია აღარ დარჩეს,“- განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

None found


ასევე წაიკითხეთ