ოპოზიციამ სარჩელი წააგო, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს" />

აფხაზეთი: სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბას გამარჯვება დაადასტურა

ოპოზიციამ სარჩელი წააგო, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს

20 სექტემბერს, აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, 8 სექტემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რაულ ხაჯიმბას გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ.

ამრიგად, მისმა მოწინააღმდეგემ ოპოზიციიდან, ალხას კვიცინიამ წააგო ცესკოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი, რომლითაც არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდა.

 აფხაზეთში რაულ ხაჯიმბა მეორე ვადით აირჩიეს

ქართველები აფხაზეთში გვარებს იცვლიან და, ამასთან ერთად, ეროვნებასაც

თუმცა, კვიცინიას ადვოკატმა, ინგა გაბელიამ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება 20 დღის ვადაში, საკასაციო წესით გასაჩივრდება.

ოპოზიციის კანდიდატის, ალხას კვიცინიას გუნდმა კენჭისყრის მეორე ტურის შედეგების გამოცხადების საღამოსვე გააკეთა განცხადება 8 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნების ფინალური შედეგების უკანონობის შესახებ. რაულ ხაჯიმბამ, რომელიც მეორე ვადით იყრიდა კენჭს, ხმათა 47,39 % მოაგროვა, მისმა ოპონენტმა, ალხას კვიცინიამ კი – 46,17 %. დავის მიზეზი არის „აფხაზეთის პრეზიდენტის არჩევნების“ კანონის მე-19 მუხლი. მასში ერთმნიშვნელოვნად არ არის აღწერილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულის გამოვლენის საკითხი, რაც განსხვავებული შეფასებების საფუძველი გახდა. 

 

მეორე ტურამდე სამი დღით ადრე, აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საარჩევნო შტაბებთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა, რომ გამარჯვებულად ჩაითვლებოდა ის კანდიდატი, რომელიც ხმათა უბრალო უმრავლესობას დააგროვებდა.

 

სწორედ ეს გააპროტესტა ალხას კვიცინიამ. 11 სექტემბერს, მან უზენაეს სასამართლოში შეიტანა სარჩელი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ცესკოს 2019 წლის 9 სექტემბრის მიღებული გადაწყვეტილების უკანონოდ და არასწორად გამოცხადების შესახებ.

სასამართლო სხდომა გადაჭედილ დარბაზში მიმდინარეობდა, ჟურნალისტები ყურადღებით აკვირდებოდნენ საკითხის განხილვას ოპოზიციასა და ცესკოს შორის. უზენაესი სასამართლოს შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა.

სასამართლო სხდომის პარალელურად სოხუმში ორი აქცია იმართებოდა – ერთი ოპოზიციის, მეორე – ხელისუფლების.

პირველები ქალაქის პარკში შეიკრიბნენ, ოპოზიციური პარტია „ამცახარის“ ოფისთან ახლოს, მეორენი კი – სამთავრობო შენობების კომპლექსის წინ.

 17 სექტემბერი

პრეზიდენტობის კანდიდატის, ალხას კვიცინიას არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა აფხაზეთის უზენაეს სასამართლოში, 17 სექტემბერს, სკანდალით გაგრძელდა.

მოსარჩელის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ინგა გაბელიამ სხდომის დასაწყისში, საქმის განმხილველ მოსამართლეთა აცილება მოითხოვა. მისი თქმით, „სასამართლოს შემადგენლობა თავიდანვე დარღვევებით იყო შედგენილი“.

კვიცინიას ადვოკატის სასამართლოსადმი უნდობლობა წინა ისტორიას უკავშირდება.

ამ საქმეზე თავდაპირველად დანიშნულმა მოსამართლე ანრი ბარციცმა თვითაცილება მისცა, იმდენად, რამდენადაც მას ნათესაური კავშირი ჰქონდა პრეზიდენტობის კანდიდატ ალხას კვიცინიასთან და რაულ ხაჯიმბას მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულ ასლან ბარციცთან.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ბარციცის ნაცვლად განმხილველი კოლეგიის შემადგენლობაში შეიყვანა ოქსანა ფილია.

სწორედ ამას აპროტესტებს ოპოზიცია.

„პირველ რიგში, სასამართლოს თავმჯდომარეს შემადგენლობის შეცვლა შეუძლია მხოლოდ საქმის განმხილველი მთლიანი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში. მეორეც, მოსამართლე ანრი ბარციცის აცილება დაუშვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ეს კი აფხაზეთის ადმინისტრაციული სამართალწარმოების კოდექსს ეწინააღმდეგება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ინგა გაბელიამ.

ამ ბრალდებებს არ ეთანხმებიან მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ პრეზიდენტობის კანდიდატის, ალხას კვიცინიას სარჩელის განმხილველი სასამართლო შემადგენლობის აცილების ვერანაირ საფუძველს

სასამართლო შემადგენლობის აცილების საფუძვლის არარსებობის შესახებ განცხადება გააკეთა გენერალური პროკურორის წარმომადგენელმა, ელენა ჭითანავამაც.

24 საათის განმავლობაში უზენაესი სასამართლო განიხილავს მოსამართლეთა შემადგენლობის აცილების საკითხს. ამ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ თავმჯდომარეს შეუძლია.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ