რეპორტაჟი სოფელ პრიმორსკოედან: ჰყვებიან თვითმხილველები და გამნაღმველები" />

აფეთქებული ტყე. აფხაზეთში საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქების შემდეგ განაღმვითი სამუშაოები გრძელდება

რეპორტაჟი სოფელ პრიმორსკოედან: ჰყვებიან თვითმხილველები და გამნაღმველები

აფხაზეთში, სოფელ პრიმორსკოეში, სადაც 2 აგვისტოს საბრძოლო მასალების სამხედრო საწყობი აფეთქდა, ცხოვრება ძველ რიტმს უბრუნდება. ტურისტები ისევ დაიძრნენ აქაური გოგირდწყალბადის ცხელი წყლებისკენ.

მაგრამ სოფლის შემოგარენი ჯერ ისევ არ არის უსაფრთხო. გამნაღმველები მიმდებარე ტერიტორიას ამოწმებენ და ყოველდღიურად პოულობენ აუფეთქებელ ჭურვებს, რომლებიც აფეთქების ადგილიდან დიდ მანძილზეა მიმოფანტული.

JAMnews-ის კორესპონდენტი პრიმორსკოეში იმყოფებოდა და იქ ნანახს და გაგონილს გვიამბობს.

აფეთქების მოწმეები

დასახლებაში, არსაულის ქუჩაზე, საწყობიდან 700 მეტრში  მდებარე  ერთადერთი ხუთსართულიანი სახლის მცხოვრებნი ჰყვებიან, რომ ყველაფერი უეცრად მოხდა.

“დაახლოებით საღამოს ხუთის ნახევარი იქნებოდა. ჩვეული სიცხე იდგა, ქუჩაში თითქმის არავინ იყო. უეცრად ეზოში მეზობლის ბიჭმა ჰასიკმა შემოირბინა და ყვირილი დაიწყო, რომ ყველა სახლიდან გამოსულიყო. ატყდა ერთი ამბავი – და მაშინვე ძლიერი აფეთქება გაისმა. ამის შემდეგ გაოგნებულები ტრასისკენ გავიქეცით. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდით, რაც მოხდა. თავიდან გვეგონა, რომ ომი დაიწყო“, – ჰყვება სახლის მცხოვრები აიდა.  

„გვეგონა, რომ ომი დაიწყო“

მისი 15 წლის ქალიშვილი ამ დროს მეზობელ სადარბაზოში დაქალთან იყო, მაგრამ აიდამ ეს არ იცოდა და თითქმის ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა მასთან დაკავშირებას – რამდენიმე ხანში გოგონები უვნებლად მიიყვანეს მანქანით.

“ძალიან მძლავრი აფეთქების ტალღა იყო”, – დასძენს აიდას მეზობელი არტიომი – ბინებში კარ-ფანჯარა ჩაიმტვრა, დაზიანდა ჭერი და მთელი საოჯახო ტექნიკა, ეზოში ნაღმის ნამსხვრევები ეყარა, ახლა ყველაფრის აღდგენა ხდება, ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ეს საწყობი შეიძლებოდა აფეთქებულიყო. შიში არ გვქონია – საერთოდ არ ვიცოდით, იქ რა ეწყო“, – ამბობს ის.

2017 წლის 2 აგვისტოს გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეს მახლობლად მდებარე საბრძოლო მასალების სამხედრო საწყობის პირველმა აფეთქებამ მძლავრი დეტონაცია გამოიწვია. შემდეგ კი აფეთქებები სამ დღეს არ წყდებოდა. დაზარალდა 64 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაიღუპა ორი ქალი. აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა კილომეტრნახევარის რადიუსში საცხოვრებელი სახლები და მანქანები დააზიანა.

სამხედრო პროკურატურის მიერ აღძრულია სისიხლის სამართლის საქმე 358-ე მუხლის, მესამე ნაწილის მიხედვით – „იარაღთან და გარშემო მყოფთათვის მაღალი საფრთხის შემცველ სხვა ნივთებთან მოპყრობის წესების დარღვევა“.  

ყველაზე რთული ობიექტი

ბრიტანეთის საქველმოქმედო და ამერიკის არაკომერციულიორგანიზაცია, „Halo TRUST“, რომელიც სახმელეთო ნაღმებისა და აუფეთქებელი ჭურვების გაუვნებელყოფით არის დაკავებული შემთხვევის ადგილზე პირველი დღიდანვე მუშაობს. მისი წარმომადგენელი ისმეტ ზადე ამბობს, რომ აფეთქების მომენტიდან გამნაღმველებმა უკვე  7,000-ზე მეტი საბრძოლო მასალა გააუვნებელყვეს. მისი შეფასებით, ტერიტორიის სრულ გაწმენდას, შესაძლოა, დაახლოებით ორი წელიწადი დასჭირდეს.

„ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საცხოვრებელი ზონა, სახნავ-სათესი მინდვრები და მდელოები, შემდეგ კი უკვე თავად საწყობი და ძნელად მისადგომი ადგილები. 14 აგვისტომდე მხოლოდ იმ საბრძოლო მასალებს ვაგროვებდით, რომლებიც ზედ გზებზე, სახლებში, ეზოებში, მანქანის სახურავებზე ეყარა“, – ჰყვება ის.   

თავიდან გაუვნებელყოფის საძიებო სამუშაოებში 12 ადამიანი მონაწილეობდა. შემდეგ ჯგუფი 49 ადამიანამდე გაიზარდა.

ქართულ-აფხაზური ომიდან რამდენიმე წელიწადში –1997 წლიდან 2011-მდე „Halo TRUST“-ის გამნაღმველებმა 336 დანაღმული მინდორი განაღმეს და 9,788 ნაღმი და 50,000 საბრძოლო მასალა გააუვნებელყვეს. ისმეტ ზადე ამბობს, რომ ნაღმების შესახებ ინფორმაციის საუკეთესო წყაროდ იქცა ნადავლი ქართული  რუკები, რომლებიც აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადაეცათ და ასევე ადგილობრივებისგან მიღებული ინფორმაცია.   

Halo TRUST“-ის აფხაზეთში შემოსვლამდე აქ 479 აფეთქება მოხდა, 110 -მა მათგანმა ადამიანების სიცოცხლე შეიწირა.

ისმეტი ამბობს, რომ პრიმორსკოეში ახლნდელი სამუშაო მის პრაქტიკაში ყველაზე რთულია:

“სირთულეს მხოლოდ ის კი არ წარმოადგენს, რომ აქ უამრავი რაოდენობის სხვადასხვაგვარი საბრძოლო მასალა და რთულად მისადგომი ადგილების დიდი ფართობია. საქმე ის არის, რომ ეს დასახლებული პუნქტია“.

“ხელით არ შეეხოთ“

სოფელ პრიმორსკოეს შესასვლელთან კიდია აბრები, რომლებიც ცხელი წყაროსკენ მიმავალ გზას მიუთითებს. აქვეა გაფრთხილება, რომ ფეთქებადსაშიში ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, ფრთხილად უნდა მოიქცნენ და აბრაზე მითითებულ ტელეფონის ნომრებზე  დარეკონ.

საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის ოფიცერს ტემურ აჟიბას ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს – ის, 19 წელია, კომპანია  „Halo TRUST“-ში მუშაობს.

„ხედავ, სად  დგას პეგსები? – იქამდე უსაფრთხოა, მაგრამ მათ უკან შესვლა არ შეიძლება. ერთ დროს აქაურებს ეგონათ, რომ ამ პეგსების ქვეშ ნაღმები ეწყო, მაგრამ დავამშვიდეთ, ავუხსენით“, – ჰყვება ის.

მიუხედავად იმისა, რომ დამსვენებელთა საყვარელი ადგილისკენ – ჩანჩქერისკენ მიმავალი გზა ჭურვებისგან გასუფთავებულია, იქ მისვლა მაინც აკრძალულია. გარშემო წყალშიც და მცენარეებშიც ისევ არის აუფეთქებელი ჭურვები და ნაღმები.  

ძროხები გადარჩნენ

უზარმაზარ მდელოზე ვდგავართ, სადც ძროხები ძოვენ. გამნაღმველებს საათში ერთხელ მცირე შესვენება აქვთ. ზოგი ეწევა, ზოგიც უბრალოდ ისვენებს. სამუშაო დღე 9-დან 15 საათამდე გრძელდება. სადილისთვის ოცი წუთი აქვთ.

იმ სამი დღის განმავლობაში, როდესაც ჭურვები განუწყვეტლივ ფეთქდებოდა, არც ერთი ცხოველი არ დაზარალებულა, მიუხედავად იმისა, რომ დღე იყო და საბრძოლო მასალების საწყობიდან საძოვრამდე სულ დაახლოებით ერთი კილომეტრია.

„ძროხები მშვიდები არიან – გვერდით ჭურვი დაეცა, გვერდზე გაიხედა, ხუთიოდე მეტრით იქით გაიწია და ბალახის ცოხნა განაგრძო. აი, ცხვრები კი მშიშრები არიან. ერთი გაფაჩუნება და, მაშინვე გარბიან“, – ამბობს ტემური.

ახლა მდელოც და საძოვარიც სრულიად გასუფთავებულია.

 ამნაღმველების თქმით, ამ სამუშაოში ყველაზე რთული ამინდი და ხშირი მცენარეული საფარია.

„როდესაც ნაღმს ვპოულობთ – ვათვალიერებთ, თუ როგორ მდგომარეობაშია ის და ხელმძღვანელობას მოვახსენებთ. რთულ საბრძოლო მასალებს ადგილზევე ვაფეთქებთ. ხოლო ჩვეულებრივი ნაღმები პოლიგონზე გააქვთ და იქ ანადგურებენ“, – ჰყვება გამნაღმველთა რაზმის საველე მეთაური ასლან ადლეიბა.

აფეთქების ეპიცენტრი

 საბრძოლო მასალების საწყობი პრიმორსკოეში 1973 წლიდან მდებარეობს. ახლა მის ადგილას უზარმაზარი თხრილია. ირგვლივ დამწვარი და ფესვებიანად ამოგლეჯილი ხეებია.

გზასთან უნაგირის დამწვარი ნაწილი გდია. დაახლოებით ამ ადგილას დაიღუპა ორი სანკტ-პეტერბურგელი ტურისტი ქალი, რომლებიც საცხენოსნო ტურში გაემართნენ და აფეთქების მომენტში სწორედ საწყობის მახლობლად იმყოფებოდნენ.  

„მათ 12-13 წლის ბიჭუნაც ახლდათ. როდესაც პირველი აფეთქება გაისმა, ის ტალღამ ძალიან შორს გადაისროლა, ქალები კი აქ დაეცნენ. მაშველები მათთან ვერაფრით მიდიოდნენ, რადგან იქ ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ისინი მომდევნო დღეს გამოიყვანეს, როდესაც აფეთქებები შეწყდა, მაგრამ უკვე გარდაცვლილები იყვნენ“, – ჰყვება ტემური.  

გზის გასწვრივ გამაფრთხილებელი ნიშნები დგას, ყოველ ხუთ მეტრში თეთრ-წითელი ფერის აგურები აწყვია – მთელი ეს ადგილი, ტყეში შემავალი გზის გარდა, საშიშია. გზის პირას საბრძოლო მასალების ნამსხვრევები, ბევრი აუფეთქებელი ნაღმი და ჭურვი, ასევე – ათასობით ზარბაზანი, ავტომატი, აირწინაღი და პატრონა ყრია. ადგილზე სამხედროები მორიგეობენ.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ