ხელისუფლებამ სიუნიკის ოლქში ინოვაციური ბიზნეს-ფორუმის ორგანიზება მოახდინა " />

ასობით ტექნოლოგიური საწარმო და ახალი აეროპორტი – ბიზნესის განვითარების ნაბიჯები სომხეთის სამხრეთ რეგიონში

ხელისუფლებამ სიუნიკის ოლქში ინოვაციური ბიზნეს-ფორუმის ორგანიზება მოახდინა

სომხეთში რიგით მეოთხე ინოვაციური ბიზნეს-ფორუმი ჩატარდა. ამჯერად ის სოფელ ტატევში გაიმართა და „ჩემი ნაბიჯი სიუნიკის ოლქისთვის“ ერქვა.

„ჩემი ნაბიჯი“ – საპროტესტო აქციის სახელწოდებაა, რომლითაც სომხეთში „ხავერდოვანი“ რევოლუცია დაიწყო.  ამ სახელს ახლა ასევე ატარებს მმართველი საპარლამენტო ფრაქცია. და ამავე სახელწოდებით ტარდება ინოვაციური ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც რევოლუციის ლიდერი, ამჟამად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს. ინიციატივის მიზანია, რაც შეიძლება, მეტი ისეთი მეწარმის მიზიდვა, რომლებიც მზად არიან, რომ სომხეთის ოლქების ეკონომიკურ განვითარებას დაეხმარონ.

რაზე მოხერხდა შეთანხმება 

ის პროგრამები, რომლებიც სომხეთის სამხრეთ რეგიონში ბიზნეს-ფორუმზე იყო წარმოდგენილი, სხვადასხვა სფეროს ეხებოდა. კერძოდ, საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიების კავშირი ამ რეგიონში ტექნოლოგიური მუშახელის ჩამოყალიბებას აპირებს.

 „ვაპირებთ, სიუნიკის ოლქში 150 ტექნოლოგიური საწარმო შევქმნათ… HighTech -ის სფეროში – 1500, სხვა სფეროებში კი – 3000 სამუშაო ადგილი იქნება“, –  განაცხადა  საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიების კავშირის ხელმძღვანელმა კარენ ვარდანიანმა.

მისი თქმით, ინვესტიციების საერთო თანხა დაახლოებით 2,2 მილიარდ დრამს (4,5 მილიონი დოლარი) შეადგენს, რაც ბიუჯეტში 7,5 დრამის (15 მილიონი დოლარი) შემოსავალს მოიტანს. მათ შორის, მოგვარდება ჯარისთვის უპილოტო აპარატების წარმოება.

ფორუმის ფარგლებში ოლქის ხელმძღვანელობისგან გაისმა ცნობა იმის შესახებ, რომ ქალაქ კაპანში მდებარე აეროპორტი თავიდან აღიჭურვება და ისევ ამოქმედდება – ახლა უკვე საერთაშორისო სტანდარტებით:

 „საბჭოთა წლებში კაპანის აეროპორტში დღეში – 10-12, განსაკუთრებულ დღეებში კი 16 რეისი იყო. 2017 წელს „სიუნიკის განვითარებისა და ინვესტიციების ფონდმა“ დააარსა სააქციო საზოგადოება „სიუნიკის აეროპორტი“. თემმა 2017 წლის სექტემბერში აეროპორტი ფონდს კონცესიურ მმართველობაში გადასცა“, – განაცხადა სიუნიკის ოლქის გუბერნატორის მრჩეველმა გორ ტადევოსიანმა.

აეროპორტი უკვე 60 პროცენტით გარემონტებულია და რეკონსტრუქციის შემდეგ საათში 100-მდე ადამიანის მომსახურებას შეძლებს. პროექტის ფარგლებში უკვე ინვესტირებულია 800 მილიონი დრამი, მთლიანობაში პროექტი 2,3 მილიარდი დრამი  (დაახლოებით 5 მილიონი დოლარი) დაჯდება.

რა არის უკვე ამოქმედებული

საინვესტიციო ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობენ როგორც დამწყები, ისე შემდგარი ბიზნესმენები, რომლებიც მათ თავიანთ წარმატებებს უზიარებენ.

სიუნიკის ოლქში ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებებად სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და ტურიზმი მიიჩნევა.

ერთ-ერთი ადგილობრივი რძის ნაწარმის მწარმოებელი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი სამველ სედრაქიანი მოჰყვა, რომ მან ბიზნესი რამდენიმე წლის წინათ ნულიდან დაიწყო. ახლა საწარმო უკვე რძეს 400 სოფლიდან ყიდულობს და საკუთარი პროდუქციის ექსპორტი მოაგვარა:

 „ჩვენ სომხეთში სპეციალიზებული მაღაზიები გვაქვს. ასევე პროდუქციას ვგზავნით რუსეთში და დსთ-ს სხვა ქვეყნებში“.

 სამველ სედრაქიანი თავისი ბიზნესის განვითარების მთავარ პრობლემად ლოგისტიკას მიიჩნევს:

 „ჩვენი მანქანები ხშირად საქართველო-რუსეთის საზღვარზე იჭედება. ეს პრობლემა რომ გადაწყდეს, ექსპორტის მოცულობას მნიშვნელოვნად გავზრდიდით“. 

რით არის მიმზიდველი სიუნიკი

სიუნიკის ოლქი – ინვესტიციების მოცულობის მხრივ ლიდერობს. აქ განლაგებულია სამთომომპოვებელი კომპანიები. ირანის საზღვარზე კი 2017 წლის დეკემბრიდან თავისუფალი ეკონომიკური ზონა მოქმედებს.

აქ საქონელი თვითღირებულებით იყიდება – dutyfree-ის რეჟიმით. ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ სომხეთისა და ირანისთვის ეს სივრცე, შესაძლოა, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის შესაძლებლობად იქცეს, რადგან სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობს, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობს, და ექსპორტის შეღავათიანი პირობებით სარგებლობს.

თავისუფალ ეკონომიკურ ზონა „მეგრიში“ მომუშავე მეწარმეები გათავისუფლებულები არიან საშემოსავლო, ასევე – დღგ-ს, სააქციზო და საბაჟო მოსაკრებლის გადასახადისგან. ისინი მხოლოდ მოგების გადასახადს იხდიან.

სომხეთის ამ რეგიონში მდებარეობს ასევე მსოფლიოში ყველაზე გრძელი რევერსული საბაგირო გზა „ტატევის ფრთები“. მისი სიგრძე 5752 მეტრია, ის გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი.

 • „მომეცი ფრთები“. ტატევერი

რას წარმოადგენს ფორუმი 

ადრე ასეთი საინვესტიციო ბიზნეს-ფორუმები ქვეყნის ლორის, არარატის და გეგარკუნიკის ოლქებში ჩატარდა. ღონისძიების ფორმატი გულისხმობს, რომ ახალგაზრდა მეწარმეები წარმოადგენენ საკუთარ პროექტებს, რაშიც ფულის ჩადებას სხვა ბიზნესმენებიც შეძლებენ.

ამ ფორუმების ფარგლებში ტარდება ასევე  ქვეყნის ამ რეგიონებისთვის სახასიათო ადგილობრივი პროდუქციის გამოფენები.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ