ადგილობრივებმა საბაგირო გზის ამუშავების შემდეგ მაშინვე გახსნეს 15 სასტუმრო სახლი. თუმცა, ისინი ზოგჯერ ცარიელია." />

“მომეცი ფრთები”. ტატევერ

ადგილობრივებმა საბაგირო გზის ამუშავების შემდეგ მაშინვე გახსნეს 15 სასტუმრო სახლი. თუმცა, ისინი ზოგჯერ ცარიელია.

რა არის ტატევერი

ბოლო დროს გორისში აღარ უკვირთ, როდესაც ინგლისური საუბარი ისმის. ფრაზა “Do  you speak English?” კი, თავისთავად, ჩვეულებრივ შეკითხვად აღიქმება. ვინც ინგლისური არ იცის, ისიც მშვენივრად ხვდება, რომ თანამოსაუბრე ტურისტებს დახმარება სჭირდებათ. ისინი, როგორც წესი, ან სასტუმროს, ან რესტორანს ან ღირსშესანიშნაობებს ეძებენ ხოლმე. სწორედ ამ სიტყვებით მომმართა ახალგაზრდა ჩინელმა ქალმა, რომელსაც აინტერესებდა, როგორ უნდა მიეღწია ტატევამდე.

ნდობით გადაშალა გზამკვლევი და შესძახა: “როგორც იქნა, ვნახავ ყველაზე გრძელ საბაგირო გზას!” როგორც კი დავიწყე ახსნა-განმარტებებისა და ინსტრუქციების მიცემა, გვერდით ჩავლილი სამარშრუტო მიკროავტობუსი გააჩერა და გაჰყვა. აღნიშნული ტრანსპორტი სულ სხვა მიმართულებით მიდიოდა. იმედია, გოგონამ მაინც ჩააღწია ტატევამდე და საბაგირო გზაც მოეწონა.

“ტატევერ” სომხურიდან ითარგმნება, როგორც “მომეცი ფრთები”. გეგმის მიხედვით, ამ პროექტს “ფრთები უნდა შეესხა” მთელი რეგიონისთვის – ტურისტების მოზიდვით ადგილობრივებს შემოსავალი გაუჩნდებოდათ და სიუნიკის რეგიონის ეკონომიკური განვითარებაც დაჩქარდებოდა. სომხეთის ამ კუთხის ბუნება განსაკუთრებულად ლამაზია, თუმცა, საკმაოდ მკაცრი კლიმატური პირობებით გამოირჩევა. რთული ლანშაფტი კი იმის ერთ-ერთი მიზეზია, რომ აქაური გზები არ არის მაინცდამაინც კეთილმოწყობილი. ვოროთანის ხეობაში გამავალი ცამეტკილომეტრიანი გზის გავლას, სულ ცოტა, 40 წუთი სჭირდება და მგზავრობა უკიდურესად რთულია.

ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც საბაგირო გზა გაიხსნა. ბაგირის გზა, რომელიც სოფელ ალიძორს ტატევთან აკავშირებს, ლამაზი ხედებით გამოირჩევა; ცნობილია იმით, რომ ყველაზე გრძელ საბაგირო გზად არის მიჩნეული  მსოფლიოში და გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი. მისი სიგრძე 5752 მეტრია, მგზავრობას კი 12 წუთი სჭირდება.

რა სარგებელს იღებენ რეგიონის მცხოვრებნი

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით და ყოველთვის ტურისტულ მხარედ იყო მიჩნეული, მოსახლეობის შემოსავლის ძირითად წყაროს მაინც სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა. საბაგირო გზამ კი შემოსავლის ახალი წყაროები გააჩინა.

გორისის 49 მცხოვრები საბაგირო გზა “ტატევერზე” მუშაობს. “დასაქმების მხრივ, ჩვენ ყოველთვის ადგილობრივებს ვანიჭებთ უპირატესობას,”- აცხადებს საბაგირო გზის დირექტორი, ვაგე ბაღდასარიანი.

საბაგიროს თანამშრომლებს საკმაოდ კარგი ხელფასები აქვთ. მათი ანაზღაურება საშუალო ხელფასებზე მაღალია.

მგზავრთა ნაკადის მიხედვით, ადვილად შეიძლება იმის გარკვევა, თუ როგორ იცვლება წლიდან წლამდე ტურისტების რაოდენობა. 2010 წელს, როდესაც “ტატევერი” გაიხსნა, მგზავრთა საერთო რაოდენობა სამი თვის მუშაობის შემდეგ 9 ათასი ადამიანი იყო; 2014 წელს კი სტუმრების რაოდენობა 100 ათასამდე გაიზარდა. წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, საბაგირო გზა უკვე 75 ათას ტურისტს მოემსახურა. ტატევის მცხოვრებებმა გაითვალისწინეს ტურისტების მოძრაობის ასეთი დინამიკა და ძალიან მოკლე დროში ტატევში 15 სასტუმრო სახლი გაიხსნა.

რა არ არის საკმარისი?

სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული სასტუმრო სახლები ვერ ივსება. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რომ ტატევერმა ადგილობრივ მცირე ბიზნესს ‘ფრთები შეასხა’, თუმცა, საბაგირო გზამ ერთმნიშვნელოვნად სტიმული მისცა შრომისმოყვარე კერძო მეწარმეებს. 

ტატევის მკვიდრის, სარო მარტიროსიანის ოჯახი სასადილოსა და სასტუმროს ტიპის სახლს ფლობს. ორივე ობიექტი შემოსავლიანია, მაგრამ მოგება ძალიან მცირე გამოდის. საროს თქმით, მისი ოჯახი პატარა სასტუმროდან მიღებულ შემოსავალზე არ არის დამოკიდებული. “ძირითად შემოსავალს მეფუტკრეობით ვიღებთ, დაახლოებით 200 სკა გვაქვს. ბოლო დროს თაფლის რეალიზაციას ჩამოსულ ტურისტებს შორისაც ვახერხებთ,”- განაცხადა მან.

ტატევის მცხოვრებმა ნორვარდ მოვსისიანმაც გახსნა სასადილო. “როდესაც ტურისტები შემოდიან სასადილოდ, ჩემი ხელით მოხარშულ მურაბასაც ვთავაზობ ხოლმე, რომელსაც ჩემივე დაკრეფილი ბალახით ვამზადებ. თუკი ნებისმიერი სხვა ოჯახიც ასე მოიქცევა და მხოლოდ საკუთარი ბოსტანით არ იქნება დაკავებული, აუცილებლად მიიღებს სათანადო შედეგს,”- ამბობს ნორვარდი.

 

“პრობლემა ისაა, რომ ტურისტების უმრავლესობა ტატევში მხოლოდ ერთი დღით ჩამოდის, – აღნიშნავს ადგილობრივი სასტუმროს დირექტორი, შაგენ ზეითუნციანი, – საჭიროა ახალი პროექტები, რომლებიც ტურისტებს ერთ დღეზე უფრო დიდხანს დააყოვნებდა. ეს ყველა ადგილობრივი მოსახლისთვის ხელსაყრელი იქნება.”

თუმცა, სამწუხაროდ ასეთი პროექტები ჯერჯერობით არ არსებობს. ადგილობრივები არცთუ უსაფუძვლოდ ფიქრობენ, რომ მხოლოდ საბაგირო გზით რეგიონი ვერ განვითარდება. აუცილებელია, აღდგეს გზები, რომ ამ კუთხის რვა თემი დაუკავშირდეს ერთმანეთს.

“ყველა ლაპარაკობს რეგიონის განვითარებაზე, მაგრამ ვინ რას აკეთებს? ჯერჯერობით არაფერი გაკეთებულა, სკოლის რემონტს თუ არ ჩავთვლით,”- განაცხადა სოფლის თემის ხელმძღვანელმა, ალიძორ მარატ გერასიმიანმა.

თუკი გორისში გადაწყვეტთ გაჩერებას, სასტუმროში ერთი ღამის გატარება 12 ათასი დრამი დაგიჯდებათ, ჰოსტელში კი – ორჯერ უფრო ნაკლები. ადგილობრივ რესტორანში ორჯერადი კვება დაახლოებით 5 ათასი დრამი (ათი დოლარი) ღირს. საბაგირო გზით ტატევის სამონასტრო კომპლექსში მოსახვედრად 3500 დრამის (შვიდ დოლარზე ოდნავ მეტის) გადახდა მოგიწევთ. ბილეთი ორივე მიმართულებით 5 ათასი დრამი დაგიჯდებათ. ტატევში ერთი დღით დასვენება, სულ ცოტა, 12 ათასი დრამი (დაახლოებით 25 დოლარი) ღირს; 6 ათასი – ჰოსტელში ღამის გასათევად, დანარჩენი ექვსი კი კვებაზე დაგეხარჯებათ. 

 

გამოქვეყნებულია: 04.08.2016


ასევე წაიკითხეთ