ვინ და როგორ ითვლის მათ?" />

აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრების სიების ისტორია

ვინ და როგორ ითვლის მათ?

პოლიტპატიმრები აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და „მტკივნეული“ პრობლემაა. საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, ადგილობრივ აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებთ, თუ რამდენი პოლიტიკური პატიმარია ქვეყანაში. მაგრამ ვინ და როგორ ადგენს ამ სიებს?

განსაზღვრება ტერმინისა „პოლიტპატიმარი“ ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციის მიხედვით

+

ადამიანი პოლიტპატიმრად ითვლება იმ შემთხვევაში, თუკი:

• მისი დაკავება და ევროპის ადამიანის უფლებების კონვენციითა და მისი თანმდევი ოქმებით უზრუნველყოფილი რომელიმე ძირითადი გარანტიის ხელყოფით მოხდა;

• თუკი ადამიანის დაპატიმრების გადაწყვეტილება პოლიტიკური მიზეზების საფუძველზე იქნა მიღებული და მისთვის თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულთან არაა დაკავშირებული;

• თუკი პატიმრობის ვადა და პირობები აშკარად არ შეესაბამება დანაშაულს და ამ ზომებს პოლიტიკური მოტივები აქვს;

• თუკი ადამიანი სხვა პირებთან შედარებით დისკრიმინაციულ საფუძველზე იქნა დაკავებული და ამ ზომებს პოლიტიკური მოტივები აქვს;

• თუკი დაკავება აშკარად უსამართლო მოკვლევის შდეგად მოხდა და ეს ხელისუფლების პოლიტიკური მოტივებით შეიძლება აიხსნას.

უკანასკნეწლ სიაში 119 სახელია შესული. ჩამონათვალში ფიგურირებენ ჟურნალისტები, ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივისტები. პოლიტპატიმრებად მიჩნეული მსჯავრდებულების ყველაზე დიდ ნაწილს რელიგიური აქტივისტები წარმოადგენენ ( სულ 86 ადამიანი). ზემოაღნიშნული ადამიანების გარდა, სიაში ერთი უფლებადამცველის სახელიც ფიგურირებს.

შეიძლება ითქვას, რომ ეს საკითხი აზერბაიჯანს მისი უახლესი ისტორიის განმავლობაში გამუდმებით სდევს თან. ზოგიერთი ამბობს, რომ ახლა უფრო ხშირად აპატიმრებენ ადამიანებს, ვიდრე ადრე, სხვებს კი რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვთ. ამ საკითხში უკეთ გასარკვევად ჩემს ნაცნობ რამდენიმე უფლებადამცველს ვურეკავ.

ერთ-ერთი მათგანია რასულ ჯაფაროვი, ახალგაზრდა იურისტი, რომელსაც თავადაც აქვს პოლიტპატიმრობის გამოცდილება. იგი მეუბნება, რომ თუკი მთელი ამ ისტორიის ყველა დეტალი მაინტერესებს, ის ვერ დამეხმარება. მირჩევს, მის კოლეგას, ანარ მამედლის დავუკავშირდე. მამედლი შედარებით უფროსია და ჯერ კიდევ 2000-იან წლებში შეუერთდა უფლებადამცველთა მოძრაობას. დიახ, ისიც მცირე ხნის წინ გაათავისუფლეს.

“ეს მოძრაობა სათავეებთან სამი ადამიანი დგას. ესენი არიან ლეილა იუნუსი, არზუ აბდულაევა და ელდარ ზეინალოვი”, – აღნიშნა მან.

ვინ არიან ეს ადამიანები?

+

არზუ აბდულაევა, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის აზერბაიჯანული კომიტეტის თავმჯდომარე. ყარაბაღის ომის დროს სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო მძევლების უფლებებს იცავდა, მოგვიანებით კი ლტოლვილთა უფლებებთან დაკავშირებული პრობლემებით იყო დაკავებული არზუ აბდულაევა „აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის“ წევრი იყო და პოლიტპატიმრების – პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამხედრო პირების – სიებს ადგენდა.

ლეილა იუნუსი, „მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორი. 89 წელს თანამოაზრეებთან ერთად პარტია „აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტი“ დაარსა. მოგვიანებით უფლებადამცველის საქმე აირჩია – ქალებისა და პოლიტპატიმრების უფლებებს იცავდა. 2014 წელს მასა და მის მეუღლეს სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა დასდეს ბრალად და დააპატიმრეს. ლეილას 8,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, არიფს კი შვიდი წლით აღუკვეთეს თავისუფლება. 2015 წელს, სასამართლომ იუნუსებს პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალა (ორივე მათგანის ჯანმრთელობის გაუარესების გამო). 2016 წელს იუნუსების წყვილს სამკურნალოდ ჰოლანდიაში ჩასვლის უფლება მისცეს.

ელდარ ზეინალოვი, “აზერბაიჯანის უფლებადამცველთა ცენტრის” უფროსი. 90-იანი წლების დასაწყისიდან საპატიმროების მდგომარეობისა და პატიმრების საცხოვრებელი პირობების მონიტორინგს ახორციელებს.

Арзу Абдуллаева

არზუ აბდულაევა

როგორ დაიწყო ყველაფერი

ელდარ ზეინალოვს ვრცელი და ცარიელი ოფისი აქვს. ოდესღაც აქ ადამიანები სივიწროვესა და ხმაურში მუშაობდნენ. ახლა კი კედლებთან მტვრიანი საქაღალდეებით სავსე კარადები დგას. აქვე აწყვია ძველი გაზეთებიც . ბოლო წლებში ბევრი რამ შეიცვალა (მაგალითად, გართულდა გრანტების მიღება) და მუშაობა გაჭირდა. უფრო სწორად, თითქმის შეუძლებელი გახდა მუშაობა.

ერთ-ერთ საქაღალდეზე იდო წერილი, რომელიც, ერთი შეხედვით, მკრთალი ფლომასტრით იყო ნაწერი. მაგრამ ეს ფლომასტერი არ იყო. პატიმარმა ეს მიმართვა სისხლით დაწერა. «პოლიტპატიმრის წერილია?» – ვკითხე ელდარს. «არა, უბრალო პატიმარმა დაწერა. 90-იანი წლების ამბავია. საჩივარია არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით».

Эльдар Зейналов

ელდარ ზეინალოვი

პოსტსაბჭოთა პერიოდის დასაწყისში ძალიან ცოტა იყო იმ მსჯავრდებულთა რიცხვი, რომელთაც შეიძლება „პოლიტპატიმარი“, ეწოდოს. ამ ტიპის მსჯავრდებულები 1992 წელს გაჩნდნენ, როდესაც ექსპრეზიდენტ მუთალიბოვის რამდენიმე მომხრე (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ვაჰიდ ჰუსეინოვი და ამავე უწყების ერთ-ერთი განყოფილების უფროსი) დააკავეს.

საპატიმროებში ხვდებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც „ეროვნული ფრონტის“ მმართველობის პერიოდში ხელისუფლების სათავეში იმყოფებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე მათგანი მაინც. მათ შორის იყო თავდაცვის ყოფილი მინისტრი რაჰიმ ჰაზიევიც, რომელსაც ყარაბაღის კონფლიქტის დროს ქალაქ შუშას სომხებისთვის ჩაბარება დასდეს ბრალად.

მაგრამ მაშინ (1993 წელს) პოლიტპატიმრების რაოდენობა არ იყო ისეთი დიდი და არც სიების შედგენა იყო საჭირო. ამასთან, იმ პერიოდში საკუთრივ უფლებადამცველობითი საქმიანობა ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაში იყო.

ელდარ ზეინალოვი

“შეიძლება ითქვას, რომ იმ წლებში ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის უფლებადამცველთა მოძრაობების თანამედროვე ტრადიცია, რომლის საფუძველსაც პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული ადამიანების დაცვა წარმოადგენს. დიდი ხნის მანძილზე ყურადღების მიღმა რჩებოდა უბრალო ადამიანების პრობლემები, გენდერის საკითხი, ჰომოფობია და სხვა მოვლენები. და ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან სწორედ „ეროვნული ფრონტის“ წევრები იქცნენ პირველ უფლებადამცველებად. ანუ უფლებადამცველების პირველი მოძრაობა ოპოზიციისათვის თავდაცვის საშუალებას წარმოადგენდა”.

უფლებადამცველი და ყოფილი პოლიტპატიმარი ანარ მამედლი:

«პოლიტპატიმრების პირველი სია 90-იანი წლების მეორე ნახევარში გამოჩნდა, როდესაც აზერბაიჯანის ევროსაბჭოში გაწევრიანების საკითხი დაისვა. სხვადასხვა დროს ამ სიებში 50-დან 70-მდე ადამიანის სახელი ფიგურირებდა. სიებს პოლიტიკური მოძრაობები და უფლებადამცველები ადგენდნენ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 15 წელზე მეტია, რაც ეს სიები არსებობს, აზერბაიჯანის ხელისუფლება არ აღიარებს (და არც ადრე აღიარებდა), რომ ქვეყანაში ასეთი ტიპის მსჯავრდებულები არსებობენ».

IMG_1454

ამდენად, სიები 1995 წელს გამოჩნდა და სახალხო ფრონტის წევრების მიერ იყო შედგენილი. ამ პარტიის ზოგიერთი წევრი დაპატიმრებული იყო. იმ სიაში 50-ზე მეტი ადამიანი ფიგურირებდა. ჩამონათვალი ძირითადად ამ პოლიტიკური ძალის მომხრეებისა და უპარტიო ოპოზიციონერების გვარებისგან შედგებოდა.

თუმცა, ელდარ ზეინალოვის თქმით, იმ პერიოდში გაცილებით მეტი პოლიტპატიმარი აღინიშნებოდა – თუკი შეიარაღებული ამბოხებების მონაწილეებსაც ამ კატეგორიას მივაკუთვნებთ. მაგალითად შეიძლება გავიხსენოთ ალიქრამ გუმბათოვი და კიდევ 20 ადამიანი, რომლებიც აზერბაიჯანის სამხრეთ რეგიონებში თალიშ-მუღანის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნას ცდილობდნენ.

1994 წელს გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ პრემიერმინისტრი სურეთ ჰუსეინოვი და მისი 250 თანამოაზრე, რომლების სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობდნენ. 1995 წელს სპეცდანიშნულების დანაყოფის ნაწილმა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, როვშან ჯავადოვი ხელმძღვანელობდა, უარი თქვა შეგუებოდა იმას, რომ ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები შეწყდა. სპეცრაზმის დაუმორჩილებლობამ ბაქოში შეიარაღებული შეტაკება გამოიწვია. ინციდენტის შედეგად ჯავადოვი მოკლულ იქნა, მისი 576 თანამოაზრე კი დააპატიმრეს. ამას გარდა, 1996 წელს „ისლამურ პარტიასთან“ (სწორედ იმ ორგანიზაციასთან, რომლის ლიდერები და წევრებიც მოძრაობა „მუსლიმური ერთობის“ წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან ციხეში) დაკავშირებული პირველისაქმე აღიძრა.

ელდარ ზეინალოვი:

“ამდენად პოლიტპატიმრების იმ სიაში, რომელიც პირადად მე შევადგინე, 2000 წლისთვის 900 ადამიანის სახელი ფიგურირებდა. Amnesty International-ის ფორმულირება საკმაოდ ვრცელია და ამ განსაზღვრების მიხედვით, ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება დაერქვას „პოლიტპატიმარი“ – მ.შ. იმ პირებსაც, რომლებმაც შეიარაღებული პოლიტიკური ამბოხება მოაწყვეს”.

მიუხედავად ამისა, 1998 წელს „აზერბაიჯანის ეროვნული ფრონტის“ სიებში პოლიტპატიმრების სახით მაინც მხოლოდ 50 ადამიანი იყო შეყვანილი.

როგორ უნდა დავითვალოთ?

არსებობს იმის უამრავი ფორმულირება და განსაზღვრება , თუ ვინ უნდა მივიჩნიოთ პოლიტპატიმრებად. ამას გარდა, ზუსტი რაოდენობის დადგენას ხელს უშლის ისიც, რომ ვიდრე პოლიტპატიმრების ნაწილი ციხიდან გამოდის, სხვებს აპატიმრებენ. ამდენად, პოლიტპატიმრები აზერბაიჯანში არის მოვლენა, რომელიც გამუდმებით მოძრაობს.

მოდით, კრიტერიუმებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ევროსაბჭოს სხდომებზე ოფიციალური აზერბაიჯანის წარმომადგენლები ხშირად უსვამდნენ ხაზს იმას, რომ არ არსებობდა ზუსტი განსაზღვრება, თუ რას ნიშნავს ცნება „პოლიტპატიმარი“ და ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში საერთოდ არ არიან პოლიტპატიმრები.

ელდარ ზეინალოვი

ევროსაბჭომ მხოლოდ 2012 წელს მიიღო რეზოლუცია, რომელიც პოლიტპატიმრის ცნების ფორმულირებას შეეხება და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს დოკუმენტი ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციონერების დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე იქნა მიღებული. ოფიციალური ბაქოს წარმომადგენლები ორგანიზაციის სხვა წევრებს პოლიტპატიმრის განსაზღვრის კრიტერიუმების შემუშავებისკენ მოუწიდებდნენ.

ანარ მამედლი:

ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ დეფინიციად ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ შემუშავებული განსაზღვრება ითვლება. უკვე სამოც წელზე მეტია, რაც ეს კრიტერიუმები არსებობს და ამ ნორმებს მრავალი უფლებადამცველი ეყრდნობა. მნიშვნელოვანია Human Rights Watch-ის კრიტერიუმებიც. საკუთარ შეფასებები აქვთ გაეროს წარმომადგენლებსაც.

Amnesty International-ის მიერ შემოთავაზებული დეფინიცია საკმაოდ ვრცელია. ამ განსაზღვრების მიხედვით, “პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევა ნებისმიერი პატიმარი, რომლის საქმეშიც არსებითი პოლიტიკური ელემენტი აღინიშნება. ასეთად შეიძლება იქცეს: პატიმრის ქმედების მოტივაცია, საკუთრივ ქმედება, ან მიზეზები, რამაც ხელისუფლებას მისი დაპატიმრება აიძულა”.

ელდარ ზეინალოვის თქმით, ამ კრიტერიუმის მიხედვით, პოლიტპატიმრებად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის ადამიანები, რომლებიც შეიარაღებული ამბოხების მცდელობის გამო დააკავეს და დღემდე პატიმრობაში არიან. ამჟამად 400 ამბოხებული იხდის სასჯელს.

ევროსაბჭოს კრიტერიუმები კი გაცილებით უფრო მკაცრია. პოლიტპატიმრების ცნების განმსაზღვრელი დოკუმენტი სულ ხუთი მუხლისგან შედგება, რომელთაგან მეოთხეში აღნიშნულია, რომ “პირები, რომლებსაც ტერორისტული დანაშაულის გამო აღეკვეთათ თავისუფლება, ვერ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებად, თუკი ისინი ამ დანაშაულისთვის სახელმწიფო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მიხედვით არიან გასამართლებულნი”.

სარკმელი ევროპაში

ზეინალოვი კიდევ ერთ საქაღალდეს ხსნის. ამჯერად ჩვენ წინაშე ძველი გაზეთების დასტაა. „სარკე“, „ბაქოს უწყებანი“, „რეალური აზერბაიჯანი“. ეს გამოცემები აღარ არსებობს. 2000-იანი წლების დასაწყისისა და შუა პერიოდის ნომრები. გასახსენებელი ამ შემთხვევაშიც ბევრია.

ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ 2000-იანი წლები ახალ ეტაპს წარმოადგენდა. იმ პერიოდში დაიწყო სასამართლო რეფორმა, რომლის მიზანიც მრავალსაფეხურიან, რამდენიმე ინსტანციის მქონე სასამართლოს შექმნა წარმოადგენდა. ამას გარდა, ქვეყანა ევროსაბჭოში გაწევრიანებას აპირებდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პოლიტიკური საქმეების (ისევე როგორც სხვა საეჭვო საქმეების) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში გადაცემის საშუალება ჩნდებოდა.

მთლიანობაში, 1995 წლიდან 2000 წლამდე ქვეყანაში პოლიტპატიმრების რაოდენობა მცირდებოდა. ბევრი პატიმარი ამნისტიით თავისუფლდებოდა – მათ შორის იყვნენ როგორც მშვიდობიანი ოპოზიციონერები, ისე უმცროსი რანგის მეამბოხეები. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურ მოხსენებებში აღნიშნავდა, რომ აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების რაოდენობა მცირდებოდა და რომ ეს „დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“ იყო.

2001 წელს, აზერბაიჯანის ევროსაბჭოში შესვლის წინა პერიოდშ, მასობრივი შეწყალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პოლიტპატიმრების სიები მცირდებოდა.

სიის შემცირების პროცესი გრძელდებოდა – მაგრამ სულ სხვა მიზეზით. საქმე ისაა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ განიხილავს იმ საქმეებს, რომლებმაც აზერბაიჯანის ერთიან ევროპულ სივრცეში გაწევრიანებამდე ყველა შესაძლო ინსტანცია გაიარეს. და ამიტომ მათი სახელები დროთა განმავლობაში საერთოდ გაქრა შესაბამისი სიებიდან.

მაგალითად, აზერბაიჯანის უფლებადამცველი ორგანიზაციების ფედერაციის მონაცემებით, 2002 წელს შედგენილ სიაში 107 ადამიანის გვარი იყო აღნიშნული, ამასთან, ყველა მათგანი ბოლო ორი წლის მანძილზე იყო გასამართლებული. 2011 წლისთვის თითქმის ყველა მათგანი გათავისუფლებული იყო.

უხლოესი პერიოდი

სწორედ მაშინ გაჩნდა არჩევნების (საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩენების) დროს ადამიანების დაპატიმრების დღეს უკვე კარგად ნაცნობი ტრადიცია. ძველ პოლიტპატიმრებს ათავისუფლებდნენ, მათ ნაცვლად კი სხვებს აპატიმრებდნენ პოლიტიკური ნიშნით. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში კი უფლებადამცველი ორგანიზაციების ფედერაციამ 51 ადამიანი აღრიცხა. იმავე ორგანიზაციის მონაცემებით, მათი რაოდენობა 60-მდე გაიზარდა.

პოლიტპატიმრების „მიმოქცევაში“ ახალი მიმართულების მიმცემად იქცა 2014 წლის ზაფხულის ცნობილი მოვლენები, როდესაც როდესაც გისოსებს მიღმა თავად სიების შემდგენი უფლებადამცველები – ლეილა იუნუსი, რასულ ჯაფაროვი, ინტიგამ ალიევი და ანარ მამედლი – აღმოჩნდნენ

თავად იუნუსმა, როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციების ფედერაციის მმართველი ორგანოს წარმომადგენელმა, ივლისში, მის დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, წარმოადგინა სია, რომელშიც 108 ადამიანის სახელი იყო შეტანილი.

Лейла

ლეილა იუნუსი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ფოტო: “რადიო თავისუფლება”

უკანასკნელი სია

დღეს აზერბაიჯანში 119 პოლიტპატიმარია, მაგრამ ეს სიაც ნომინალურია. ერთი მხრივ, ამ სიაში „მუსლიმური ერთობის“ ის წევრები შედიან, რომლებმაც ნარდარანის დასახლებაში შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას, რომელიც სოფელში სპეცოპერაციის ჩასატარებლად შევიდა. ინციდენტის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ორი პოლიციელი. „მუსლიმური ერთობის“ ლიდერი, თალეჰ ბაგიროვი ცნობილია თავისი გამონათქვამებით იმის შესახებ, რომ რელიგია სახელწიფოსგან არ უნდა გაემიჯნათ. მისი აზრით, მმართველობის საუკეთესო ფორმა შარიათზე დაფუძნებული სისტემაა.

მეორე მხრივ კი ამ ჩამონათვალში არ არიან ის ადამიანები, რომლებიც 90-იანი წლებში დააპატიმრეს. აქედან გამომდინარე, სიაში მყოფ ყველა პოლიტპატიმარს შეუძლია, ევროპული სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილების იმედი ჰქონდეს.

ელდარ ზეინალოვი

“ეს სია საკამათოა და მეტწილად კონსენსუსის შედეგად იქნა ფორმირებული. რეფერენდუმის წინ ბევრი ადამიანი იყო აღშფოთებული იმ ცვლილებით, რომელიც, სახალხო კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, კონსტიტუციის ერთ-ერთ მუხლში შევიდა. აღნიშნული რეგულაცია უფლებების“ ბოროტად გამოყენებას“ შეეხება. მაგრამ სინამდვილეში, ზუსტად ასეთი მუხლია შესული ევროპის საბჭოს კონვენციაში „ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის შესახებ“. რელიგიური მოღვაწეების შემთხვევაში ეს პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ადამიანები საკუთარ თავისუფლებას სხვა პირების თავისუფლების შეზღუდვისთვის იყენებენ. სწორედ ასეთი შეფასება შეიძლება მიეცეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნის იდეას ».

უფლებადამცველებს შორის სხვა მოსაზრებაც არსებობს. ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ ვერავინ დაამტკიცა ის, რომ „მუსლიმური ერთობა“ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავდა. ამ საქმესთან დაკავშირებით გამართული სასამართლო სხდომები არ ყოფილა საჯარო და ამიტომ ძნელია იმის მტკიცება, რომ „ერთობის“ წევრებმა გადააბიჯეს იმ ზღვარს, რომელიც რელიგიურ საზოგადოებას და ტერორისტული დაჯგუფებისგან მიჯნავს.

.ამჟამად პოლიტპატიმრების საქმეების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფებში ცნობილი უფლებადამცველები (სამირ ქიაზიმლი, ჰალიდ ბაგიროვი, ანარ მამედლი, რასულ დაფაროვი და მრავალი სხვა) შედიან.

.რასულ ჯაფაროვის თქმით, სიის განახლება წელიწადში რამდენჯერმე ხდება და გათავისუფლებული და დაპატიმრებული მსჯავრდებულების „მიმოქცევაზეა“ დამოკიდებული.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევაგროვოთ ინფორმაცია და შევისწავლოთ ჩვენთვის წარმოდგენილი ყველა საქმე, – ამბობს რასულ ჯაფაროვი, – უნდა გაირკვეს, თუ რამდენად შეესაბამება თითოეული ეს „ქეისი“ პოლიტპატიმრის განსაზღვრის კრიტერიუმებს. ხშირად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ან განსასჯელის უფლებები სხვაგვარად იქნა დარღვეული. ასეთ შემთხვევებში ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, კარგი ადვოკატი ვიპოვოთ, ან ეს საქმე პრესაში გავაშუქოთ. ზოგადად, საქმეებს სანდო იურისტების, მეგობრებისა და ნათესავების საშუალებით ვიღებთ. ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი დოკუმენტი მოვაგროვოთ, რის შემდეგაც მოპოვებული საბუთების შესწავლას ვიწყებთ”.

ჯაფარლის თქმით, მომდევნო სია თებერვლის ბოლოს, ან მარტის ბოლოს გამოქვეყნდება: „ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია. საქმე ისაა, რომ, ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით, მარტში ამნისტიის მორიგ სერიას უნდა ველოდოთ. იმედი გვაქვს, რომ შეწყალებულთა შორის პოლიტპატიმრებიც იქნებიან.

1004008_10151696528621764_1971399570_n

საარქივო მასალა. ელდარ ზეინალოვი (მარჯვნივ) და სიკვდილმისჯილთა კორპუსის ვეტერანი, ფაზილ თაღიევი (“ფედეი”). თაღიევმა 7 წელი გაატარა დახვრეტის რიგში


ასევე წაიკითხეთ