აკრძალვა ითვალისწინებს სრულ იზოლაციას, მათ შორის, აკრძალულია რუსეთში რაიმე სახის საერთაშორისო ტურნირის ჩატარებაც კი. დეტალები და პასუხები კითხვებზე" />

რატომ მოხსნეს რუსეთი საერთაშორისო შეჯიბრებებიდან? 5 ისტორია დოპინგის სკანდალების შესახებ

აკრძალვა ითვალისწინებს სრულ იზოლაციას, მათ შორის, აკრძალულია რუსეთში რაიმე სახის საერთაშორისო ტურნირის ჩატარებაც კი. დეტალები და პასუხები კითხვებზე

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) რუსეთს ოთხი წლით აუკრძალა საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა.

აკრძალვა ვრცელდება 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებსა და მამაკაცთა შორის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ყატარში, 2022 წელს გაიმართება.

ასევე, რუსეთი ვერ შეძლებს განაცხადის შეტანას საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობაზე.

სპეციალისტები გვახსენებენ, რომ მაინც არსებობს რამდენიმე ტურნირი, რომლებზეც ეს აკრძალვა არ ვრცელდება. მაგალითად, ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი მამაკაცთა შორის, რომელიც 2020 წელს ტარდება. იმდენად, რამდენადაც მისი ორგანიზატორი არის უეფა, კონტინენტური ორგანო და არა ფიფა ანუ გლობალური – WADA-ს ბრძანების შესრულება სავალდებულო არ არის.

რთული სათქმელია, დაეხმარება თუ არა ეს შესაძლებლობები ვლადიმირ პუტინს, რომელიც ფანატიკურად უყურებს რუსეთის სპორტულ გამარჯვებებს, როგორც მისი პოლიტიკური სიძლიერის დადასტურებას. მაგრამ WADA-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაინც შეგვიძლია ვუწოდოთ ექსტრემალური.

რატომ მივიდა ყველაფერი აქამდე? – 5 ნათელი ისტორია, როგორც მაგალითი.

მასობრივი დოპინგის პროგრამა რუსულ სპორტში სახელმწიფო დონეზე

WADA-მ მანიპულაციებში დაადანაშაულა, არც მეტი, არც ნაკლები, თვითონ მოსკოვის სახელმწიფო ანტისადოპინგო ლაბორატორია.

პროგრესის სიჩქარე: 2000 წლიდან 2006-მდე დოპინგის მოხმარებაში გამოიჭირეს 60 რუსი სპორტსმენი. 2007-დან 2017 წლამდე პერიოდში კი – 646

WADA-მ მანიპულაციებში დაადანაშაულა, არც მეტი, არც ნაკლები, თვითონ მოსკოვის სახელმწიფო ანტისადოპინგო ლაბორატორია.

WADA-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ დოკუმენტები, რომელიც მოსკოვის ლაბორატორიამ მათ 2019 წლის დასაწყისში გადასცა, ნაწილობრივ გაყალბებულია. შედეგად, ახლა შეუძლებელია დასკვნის გაკეთება 298 რუსი სპორტსმენიდან 145-ზე, რომლებიც ადრე ეჭვმიტანილები იყვნენ აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში.

WADA მივიდა დასკვნამდე, რომ ლაბორატორიის დოპინგტესტების მონაცემთა ბაზაში ცვლილებები შეჰქონდა სისტემის ადმინისტრატორს, ევგენი მოჩალოვს, ლაბორატორიის დირექტორის, ელენა მოჩალოვას ქმარს. საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშიდან დგინდება, რომ ლაბორატორიაში მუშაობდა მთელი „განულების გუნდი“.

შედეგად, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო მსოფლიო ანტისადოპინგო კოდექსისთვის შეუსაბამოდ აღიარეს და ჩამოართვეს სამომავლო მუშაობის ლიცენზია.

„მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ“ – სპორტსმენებისა და ჟურნალისტების რეაქცია

რუსმა სპორტსმენებმა, მედიამ და სოციალურმა ქსელებმა საკმაოდ ერთგვარი რეაგირება მოახდინეს რუსული სპორტის იზოლაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.

„უამრავი სპორტსმენი გვყავს, რომლებიც სახელმწიფო დუმაში სხედან, ოცზე მეტი ოლიმპიური ჩემპიონი! შეეძლოთ მათ დოპინგის შესახებ კანონის შეცვლა? ეს ხომ მათ მიიღეს, და აი, მორჩა! ის მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ. თავიდანვე ვთქვი, რომ WADA-ს მხარეს ვარ“, – განაცხადა ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბიატლონში, ალექსანდრ ტიხონოვმა, რომლის სიტყვებს Znak.com აქვეყნებს.

დოპინგის ახალი სკანდალის შესახებ მოსაზრება გამოთქვა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, სტენლის თასის ორგზის მფლობელმა, ჰოკეისტმა, ვიაჩესლავ ფეტისოვმა. მან რუსეთს „ყველაზე შერცხვენილი ქვეყანა“ უწოდა.

_________________________________________

რამდენიმე „სირცხვილის ისტორიაზე“ დაწერა რუსულმა „ნოვაია გაზეტამ“. აქ, რამდენიმე მათგანს მოვიყვანთ.

პირველი ისტორია – „წარუმატებელი საჩუქრები პუტინს“

2018 წელს, რუსეთის ნაკრებს არ მისცეს პიონჩანში, ზამთრის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება. „სუფთა“ რუს სპორტსმენებს კი ნება დართეს, ნეიტრალური სტატუსით ეასპარეზათ. მათ აკრძალული ჰქონდათ ნებისმიერი ეროვნული სიმბოლიკის დემონსტრირება და რუსეთის სახელმწიფო ჰიმნის შესრულება.

ეს ყველაფერი კი მოხდა 2014 წლის სკანდალის გამო, როდესაც WADA-მ პირველად აღმოაჩინა რუსულ სპორტში, დოპინგის მოხმარების სახელმწიფო სისტემის არსებობა. ეს სოჭის ზამთრის ოლიმპიადიდან მალევე მოხდა და სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა ვლადიმირ პუტინისთვის, რომელსაც ოლიმპიადა ჩაფიქრებული ჰქონდა, როგორც პირადი პოლიტიკური და პროპაგანდისტული ტრიუმფი.

ტრიუმფი მაშინ გრანდიოზულ საერთაშორისო სირცხვილად გადაიქცა – WADA-მ დაადგინა, რომ სოჭში, რუსი სპორტსმენების ნაცვლად, შარდის ანალიზებს სპეცსამსახურების ოფიცრები აბარებდნენ.

მეორე ისტორია – „არასწორი აბები“ 

რუსეთის ერთ-ერთმა ულამაზესმა მოცურავემ და რიოს 2016 წლის ოლიმპიადის ორგზის ვერცხლის მედალოსანმა, იულია ეფიმოვამ 2014 წელს დოპინგტესტი ვერ გაიარა. მონრეალის ლაბორატორიამ მას დეჰიდროეპიანდროსტერონი აღმოუჩინა.

ეფიმოვამ განაცხადა, რომ ჭარბი წონის საწინააღმდეგო აბებს სვამდა და არ წაუკითხავს ინსტრუქცია, იქ კი ეწერა, რომ ნივთიერება, რომელსაც აბები შეიცავდა – დოპინგი იყო.

ეფიმოვას ადვოკატმა მოახერხა და სპორტსმენს მხოლოდ 16-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. თუმცა, მოცურავეს ჩამოართვეს ევროპის ჩემპიონატის ყველა მედალი.

2016 წელს ის კიდევ ჩავარდა დოპინგზე, ამჯერად, ჩოგბურთელ მარია შარაპოვასთან, მოციგურავე ეკატერინა ბობროვასა და რამდენიმე სხვა რუს სპორტსმენთან ერთად.

მესამე ისტორია – „ბინძური შტანგები“

ერთდროულად ექვსი წამყვანი რუსი ძალოსანი გამოიჭირეს აკრძალული პრეპარატების მოხმარებაში 2009 წელს. მათ შორის იყო ოლიმპიური ჩემპიონი, დმიტრი ბერესტოვი (ფოტოზე), ორგზის ევროპის ჩემპიონი სვეტლანა პოდობედოვა და 2001 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი, ვალენტინა პოპოვა.

მათ ყველას ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, რუსეთის ძალოსნობის ფედერაცია კი 250 ათასი დოლარით დააჯარიმეს.

2008 წლიდან დღემდე, 30-ზე მეტი რუსი ძალოსანი ჩავარდა დოპინგზე, რის შედეგადაც, რუსეთს 8 ოლიმპიური მედალი ჩამოერთვა.

მეოთხე ისტორია – „ბირთვი სტანოზოლოლით“

ევროპის 2002 წლის და მსოფლიოს 2003 წლის ჩემპიონმა, ირინა კორჟანენკომ ათენის ოლიმპიურ თამაშებზე კარგად ისროლა ბირთვი და ყველას აჯობა. ეს 2004 წელს მოხდა. 48 საათის შემდეგ კი დოპინგსინჯმა აჩვენა ორგანიზმში სტანოზოლოლის არსებობა (ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და „პოპულარული“ დოპინგი სპორტში).

ვინაიდან, 1999 წელს, კორჟანენკო ერთხელ უკვე იყო დასჯილი დოპინგის მოხმარებაზე – ამჯერად მას სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

საკუთარი ოლიმპიური ოქროს მედალი მას არ დაუბრუნებია და ბანკის სეიფში ინახავს, მიუხედავად ყველა მუქარისა და წესების დარღვევისა.

მეხუთე ისტორია – პრიმადონა ალინა კაბაევას ფუროსემიდი

 

რუსული მხატვრული ტანვარჯიშის პრიმადონებმა, ალინა კაბაევამ და ირინა ჩაშინამ 2001 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ჯილდო დაკარგეს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ავსტრალიის ანტისადოპინგო ლაბორატორიამ ორჯერ გამოავლინა პრეპარატ ფუროსემიდის (ძლიერი შარდმდენი, რომლის დახმარებითაც შეიძლება ორგანიზმის გაწმენდა სხვადასხვა სახის დოპინგის კვალისგან) მოხმარება.

 


ასევე წაიკითხეთ