ჭუბერში ფესტივალი ჩაატარეს, რომელმაც ნენსკრეს ხეობაში ტურისტების რაოდენობა უნდა გაზარდოს" />

კუბდარი, მახვშის სკამი და აფრიკული იავნანა ჭუბერში

ჭუბერში ფესტივალი ჩაატარეს, რომელმაც ნენსკრეს ხეობაში ტურისტების რაოდენობა უნდა გაზარდოს

ჭუბერი, რომელიც ზემო სვანეთში მდებარეობს, ნამდვილად არაა დიდი დასახლება. ეს პატარა, მშვიდი სოფელია, სადაც დაახლოებით 1000 ადამიანი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა სვანია. სვანები ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფია, რომელთაც საკუთარი ენა, ადათ-წესები და კულტურა აქვთ. ადგილობრივები საკუთარი ტრადიციების (ენის, ხელნაკეთი ნივთების წარმოების ოსტატობის, სამზარეულოს, ხალხური სიმღერებისა და ა.შ.) კულტივაციას ახდენენ. მათ უმრავლესობას მცირე მეურნეობები აქვს, ისინი მეტწილად მიწათმოქმედებითა და მესაქონლეობით ირჩენენ თავს.

ჭუბერი ულამაზესია. ის მდინარე ნენსკრას ხეობაშია ჩამალული და გარშემო უზარმაზარი მთებითაა გარშემორტყმული. მიუხედავად იმისა, რომ სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ტურისტული დანიშნულებაა, უშუალოდ ამ ნაწილში ბევრ ტურისტს ვერ ნახავთ. მესტიის რაიონს, რომლის ნაწილიცაა ჭუბერი, ტურისტები უფრო ნაკლებად სტუმრობენ.

ადგილობრივებმა გადაწყვიტეს, რომ ეს რეალობა შეცვალონ და ტურისტები უფრო მეტად დააინტერესონ ნენსკრას ხეობით.

მათ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მოხალისეების ჯგუფთან ერთად გასულ უქმეებზე ფესტივალი ჩაატარეს, რომელიც სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის გაზიარებასა და ნენსკრას ხეობაში ტურიზმის ხელშეწყობა-განვითარებას ისახავდა მიზნად.

ნენსკრას ხეობა – ხედი ჭუბერიდან

ფესტივალის საბანაკე ტერიტორია

ფესტივალის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მოხალისეებმა და სოფელში მცხოვრებმა ადამიანებებმა მოსამზადებელი სამუშაოები წამოიწყეს – ღონიძიებისათვის გამოყოფილ ადგილზე ელექტროობა გაიყვანეს, სცენა ააგეს, ტუალეტები დაამონტაჟეს და მდინარეზე ნენსკრაზე გადებული ძველი ხიდიც კი შეაკეთეს. ეს ყველაფერი ადგილობრივებს ფესტივალის შემდეგაც გამოადგებათ.

მოსამზადებელი სამუშაოები, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს

მდინარე ნენსკრაზე გადებული ხიდი შეკეთდა და მასზე განათების მოწყობილობები დამონტაჟდა. სულ ბოლოს კი ეს ნაგებობა ბავშვებმა მორთეს


ფესტივალის გამოყოფილ ტერიტორიას ბევრი სხვადასხვა „ადგილობრივი“ სტუმრობს

 მისალმების აღმნიშვნელი წარწერა სამ (ინგლისურ, ქართულ და სვანურ) ენაზე

“We are Svaneti”, ასე ერქვა ფესტივალს, რომელიც 15-17 ივლისს ჭუბერში ჩატარდა. ამ ღონისძიებას 13 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. ბულგარეთიდან, შეერთებული შტატებიდან, ნიგერიიდან, ეგვიპტიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს სვანურ კულტურასთან ზიარების უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ.

ჭუბერელებისათვის ეს ღონისძიება სხვა სოფლებში მცხოვრები მეგობრებისა და ნათესავების ნახვის შესაძლებლობადაც იქცა, იმიტომ რომ ყოველდღიური საქმეების გამო აქაურებს ერთმანეთთან სტუმრად მისვლის დრო არ აქვთ.

ისინი საუბრობდნენ, მღეროდნენ, კუბდარს შეექცეოდნენ და ერთად ყოფნა უხაროდათ.

აქ ჩამოსულ ადამიანებს კარვებში ეძინათ, ახლადგამომცხვარ კუბდარს მიირთმევდნენ, ღამით კი ადგილობრივებთან ერთად ტრადიციული ქართული ცეკვებისა და სიმღერების თანხლებით ერთობოდნენ. სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ რამდენიმე დღით ჭუბერის ცხოვრების ნაწილად იქცნენ.

ორგანიზატორთა საერთაშორისო ჯგუფის წარმომადგენლები – კლარა (ჩეხეთიდან) და როზა (ესპანეთიდან)

კუბდარი სვანური კერძია. ეს ხორცის ერთგვარი ღვეზელია. ფესტივალის მიმდინარეობისას სტუმრებს ჭუბერელი და ხაიშელი დიასახლისების მიერ დამზადებული კუბდარის დაგემოვნება შეეძლოთ

ადგილობრივების მიერ მომზადებული ტრადიციული სვანური საჭმელი – ნენსკრაში დაჭერილი, მაყალზე შემწვარი და დამარილებული თევზი. ამ კერძის დაგემოვნება საღამოობით შეიძლებოდა კოცონთან – ტყემლით, არყითა და ქართული სიმღერებით.

უგემრიელეს კერძებთან ერთად ადგილობრივებმა სიმღერისა და ცეკვის წარმოდგენებიც მოამზადეს. ფესტივალის სტუმრებს ხელნაკეთი ნივთებისა და კალიგრაფიული ნამუშევრების შეძენა და დათვალიერებაც შეეძლოთ.

ჭუბერელი ორესტი ცინდელიანი მხატვარია. მან ფესტივალზე მახვშის სკამი მოიტანა. მახვში სვანურად ოჯახის უფროსს ნიშნავს. ასეთი სკამი ყველა სვანურ ოჯახს აქვს.

ლილე (მარჯვნიდან მეოთხე) ხელოვნების მასწავლებელია. იგი სოფელ ჭუბერის სკოლაში მუშაობს. გაკვეთილების შემდეგ ის ხელოვნების წრესაც უძღვება, სადაც მსურველებს ხელნაკეთი ნივთების დამზადებას ასწავლის. მისმა მოსწავლეებმა ფესტივალისთვის ულამაზესი ნივთები დაამზადეს.

ნენსკრას გუნდის მიერ გამართულმა წარმოდგენამ გულგრილი არავინ დატოვა

წარმოდგენის დაწყებამდე ყველა ძალიან ღელავდა

მაგრამ საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მაყურებელი ნასიამოვნები დარჩა.

ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე „ვორკშოპიც“ ჩატარდა, მაგალითად, სტუმრებს შეეძლოთ, ხელნაკეთი ნივთების დამზადების, გიტარაზე დაკვრისა და მდინარე ნენსკრაში თევზაობის გაკვეთილებს დასწრებოდნენ.

ჭუბერში არც მეტი არც ნაკლები აფრიკული სიმღერების „ვორქშოფიც“ გაიმართა. მას სტუმრად ჩამოსული ნიგერიელი მუსიკოსი ტულუ უძღვებოდა. იგი ფესტივალის მონაწილეებს აფრიკულ ხალხურ სიმღერებს ასწავლიდა და შემდეგ მათთან ერთად სცენაზე მღეროდა.

ბუშტების გაბერვა ყოველთვის სახალისოა!

 

ადგილობრივი ბავშვები ტურისტებს თევზაობას ასწავლიან

“ვორკშოპებმა” ბევრი ფარული არტისტი და მსახიობი გამოავლინა

ბავშვებმა თვითნაკეთი სატრანსპორტო საშუალება წარმოადგინეს

“ფეტივალმა აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სოფლების ტრადიციების დაცვა და შენარჩუნება. თუკი ზემო სვანეთის ეს მარგალიტი მომავალშიც მიიღებს საჭირო მხარდაჭერას და სათანადოდ განვითარდება, ეს ადგილი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ობიექტად ჩამოყალიბდება, რომელიც ტურისტებს განსაკუთრებულ თავგადასავლებს შესთავაზებს,” – განაცხადა ლენიმ ფესტივალის დეტალებზე საუბრისას. იგი შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა და ჭუბერში „სლექლაინი“ გამართა. ეს თავისებური „ატრაქციონი“ ფესტივალის ერთ-ერთ უმთვრესი გასართობი და გამოწვევა იყო.

გარი ჩხვიმიანი ადგილობრივი აქტივისტია. იგი სოფელში ძიუდოს სკოლის დირექტორად მუშაობს. ბავშვობაში აფხაზეთში ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად აცდენდა სკოლას და ჭუბერში ჩამოდიოდა. ამჟამად ის თავის საოცნებო მხარეში ცხოვრობს, მის პოპულარიზაციას ეწევა და აქაურობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებშია ჩართული.

“ეს ფესტივალი არამხოლოდ ჩემთვის, არამედ მთელი სოფლისთვისაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ადამიანებმა სვანეთი, სოფელი ჭუბერი გაიცნეს. ამ ფესტივალზე ჩვენ ბევრი მეგობარი შევიძინეთ, რაც ამ ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია,” – ამბობს ლიკა, ადგილობრივი მაცხოვრებელი.

ადგილობრივი მოსახლეობაც და ჭუბერის სტუმრებიც იმედს გამოთქვამდნენ, რომ “We are Svaneti!” ერთჯერადი ღონისძიება არ არის და უკვე მომავალი ზაფხულის გეგმებზე საუბრობდნენ.

 


ასევე წაიკითხეთ