ყოფილი პატიმრები ოსვენციმში 75 წლის შემდეგ ჩავიდნენ
ყოფილი პატიმრები ოსვენციმში
პოლონეთში, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმი (აუშვიცი) საბჭოთა ჯარებმა 1945 წლის 27 იანვარს გაათავისუფლეს. ახლა, ყოფილი ბანაკის ტერიტორიაზე ღია მუზეუმია, რომელიც შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
ყოველწლიურად, 27 იანვარს, მთელი მსოფლიო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს.
რადიო თავისუფლების ცნობით, ყოფილი სიკვდილის ბანაკის ადგილას, ამჯერადაც სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართა. მათში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს ათობით სახელმწიფოს მეთაურმა, ასევე, 200-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთაც ჰოლოკოსტი გადაიტანეს, მათ შორის, ოსვენციმის ბანაკის პატიმრებმა.
მთავარ ფოტოზე ჩანან გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი, რომლებიც ერთმანეთს ეხვევიან. ყოფილ ოსვენციმის ბანაკში გამართული სამახსოვრო ღონისძიების შემდეგ, ისინი ერთად გაფრინდნენ ბერლინში. ეს ფოტო Reuters-ის ფოტოგრაფმა, ფაბრიციო ბენშმა (Fabrizio Bensch) ბერლინის აეროპორტში, 2020 წლის 27 იანვარს გადაიღო.
მათ შორის, ვინც ოსვენციმში ჩავიდნენ, იყვნენ პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი. რუსეთს კი პოლონეთში მისი ელჩი წარმოადგენდა.
ვლადიმირ პუტინი მონაწილეობდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ სხვა ღონისძიებაში, რომელიც ისრაელში გაიმართა.
მაგრამ ის პოლონეთში არ დაპატიჟეს – რუსეთთან მეორე მსოფლიო ომის შესახებ დავის გამო.
ოსვენციმი მსოფლიოში ჰოლოკოსტთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია.
მსოფლიო ებრაელთა კონგრესის პრეზიდენტმა რონალდ ლაუდერმა ხაზი გაუსვა, რომ ახლანდელ ღონისძიებებში აქცენტი გაკეთდა არა პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობაზე, არამედ სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ.
ბევრი მათგანისთვის ეს, შესაძლოა, ბანაკის გათავისუფლების მრგვალი თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის ბოლო შესაძლებლობა იყოს.