ყარაბაღში მძიმედ დაჭრილი რუსი ჟურნალისტი ერევანში გადაიყვანეს
8 ოქტომბერს, მთიან ყარაბაღში, ქალაქ შუშაში დაჭრილი რუსი ჟურნალისტი იური კოტიონოკი ერევანში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც სომხური Telegram-არხი, „ბაგრამიან-26“ იტყობინება, მთელი ღამის განმავლობაში, სტეპანაკერტში, დაჭრილი ჟურნალისტის გადასარჩენად, ქირურგების რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა. ის ამ დრომდე ხელოვნურ კომაშია.
კოტიონოკი გულ-მკერდის, მუცლისა და კიდურების არეში დაიჭრა – მან დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა.
• როგორ ცხოვრობენ ადამიანები მუდმივი ცეცხლის ქვეშ. ისტორია სტეპანაკერტიდან ფოტოსურათებით
• ცხოვრება მიზანქვეშ: სოფელი აზადი აზერბაიჯანში ფრონტის ხაზზე. ფოტო
ვებგვერდ „Сегодня․ру“-ს მთავარი რედაქტორი იური კოტიონოკი, პორტალ „Офицеры России“-ის ჟურნალისტი, ლევონ არზანოვი და რუსეთის მოქალაქე გრანტ ბალადიანი, რომელიც ჟურნალისტებს ახლდა თან, იმ დროს დაიჭრნენ, როდესაც ქალაქ შუშაში, ყაზანჩეცოცის ტაძარში იმყოფებოდნენ და დაბომბვის შედეგებს იღებდნენ.
რუსული მედიის ცნობით, რუსი ჟურნალისტები განმეორებითი დაბომბვის შედეგად დაიჭრნენ.
ლევონ არზანოვს ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.