როგორ ცხოვრობენ ადამიანები მუდმივი ცეცხლის ქვეშ. ისტორია სტეპანაკერტიდან ფოტოსურათებით
27 სექტემბერს, მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის კონტაქტის მთელ ხაზზე, საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. მუდმივი დაბომბვის ქვეშ არის დასახლებული პუნქტებიც.
Reuters-ის ეს ფოტოები გადაღებულია სტეპანაკერტში, ყარაბაღის დედაქალაქში. ადგილობრივი მცხოვრები ნუნე მარტიროსიანი კი JAMnews-ს ომის პირობებში საკუთარი ცხოვრების შესახებ უყვება.

• ყარაბაღის ომი ბილბორდებზე ბაქოსა და ერევანში. ვიდეო
• ასე გამოიყურება ომი – სოფლებისა და ქალაქების ფოტოები ყარაბაღიდან
47 წლის ნუნე მარტიროსიანი – ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ლექტორია, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ, სამსახურში აღარ დადის. დღის ძირითად ნაწილს სარდაფში ატარებს, რომელიც მთიან ყარაბაღში ვითარების წინა ესკალაციის, 2016 წლის „აპრილის ომის“ შემდეგ, ოჯახმა თავშესაფრად გადააკეთა.

„დაბომბვის პირველი ორი-სამი დღე, სარდაფში 20-ზე მეტი ადამიანი ვიყავით, მათ შორის, ბავშვები. მაგრამ შემდეგ, ბავშვები უფრო უსაფრთხო ადგილას გავიყვანეთ და ახლა 8-10 კაცი ვიკრიბებით.
აქ, ჩვენთან, დაბომბვას თავს აფარებენ მეგობრებიც, რომლებიც ისეთ რაიონებში ცხოვრობენ, სადაც თავშესაფრები არ არის. აქ, სარდაფში, დიდხანს გვიწევს ხოლმე გაჩერება. სახლში მაშინ ავდივართ, როდესაც რაიმეს მოტანა გვჭირდება“.

„ქალაქში მაღაზიები არ მუშაობს, თითოეულს სახლიდან მოაქვს თავისი მარაგები. და კიდევ, პროდუქტებით მერია გვეხმარება.
ბოლო სამი დღეა, დაბომბვები გახშირდა. როგორც კი ჩვენი არმია ფრონტზე წარმატებას აღწევს, მაშინვე ძლიერდება სტეპანაკერტის დაბომბვა, განსაკუთრებით, დღის საათებში. გუშინ დაბომბეს შენობა, რომელშიც დედაჩემი ცხოვრობს“.

„მაგრამ ქალაქიდან წასვლას არ ვაპირებ, მართალია ასეთი შესაძლებლობა მაქვს. ბავშვების გაყვანა აუცილებელი იყო, ეს ნორმალურია, ისინი უსაფრთხოდ უნდა იყვნენ, მაგრამ ჩვენ აქ უნდა დავრჩეთ.
ყველა ჩემ დაქალს ასე მიაჩნია. ჩვენმა ქმრებმა და ვაჟიშვილებმა უნდა იგრძნონ, რომ ზურგში მათ ელიან, რომ მათ ჰყავთ ისინი, ვინც უნდა დაიცვან“.
