წარუმატებელი მცდელობების შემდეგ ძამბოლატ თედეევი ოკუპირებული ცხინვალის პოლიტიკაში კვლავ გამოჩნდა
ძამბოლატ თედეევი
ძამბოლატ თედეევი, ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატი პარტიიდან “სამართლიანი რუსეთი, პატრიოტები – სიმართლისთვის“ და რუსეთის თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ ასპარეზზე ოფიციალურად დაბრუნდა. თუმცა, ამ ეტაპზე გაურკვეველია, რა პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს. მისი წინა მცდელობები რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად უშედეგოდ დასრულდა.
ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაბადებული თედეევი წარსულში თავადაც ცდილობდა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი გამხდარიყო.
პარტია “ალანიის პატრიოტების“ მესამე ყრილობაზე, რომელიც უკვე მისი გავლენის ქვეშ გაიმართა, თედეევი თავმჯდომარედ აირჩიეს. ყრილობა დაემთხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი თანამშრომლისა და კგბ-ს ყოფილი ოფიცრის, მურატ ვალიევის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენას.
თედეევის თქმით, პარტიის მთავარი ამოცანა სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობამდე მოქალაქეების პრობლემებისა და მოთხოვნების მიტანაა.
“ჩვენი პოზიცია არასოდეს შეცვლილა, თუმცა ახლა საკუთარი პლატფორმა გვაქვს, სადაც შეგვიძლია ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის ინტერესები დავიცვათ. დღეს ადამიანები ქვეყანას ტოვებენ, რადგან სამუშაოს ვერ პოულობენ. მიუხედავად საინვესტიციო პროგრამებისა, რომლებიც ახალი ბიზნესის შექმნას უნდა უწყობდეს ხელს, უმუშევრობა კვლავ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.
ბევრი საკითხია გადასაჭრელი, მაგრამ დღეს იმედი გვაქვს, რადგან თქვენ შექმენით პარტია, სადაც საკუთარი პოზიციის გამოხატვა შეგვიძლია. უნდა გავერთიანდეთ და ერთად ავაშენოთ რესპუბლიკის მომავალი,“ — განაცხადა მან ყრილობაზე.
ვალიევის კანდიდატურაზე საუბრისას თედეევმა ირიბად მიანიშნა, რომ ის, შესაძლოა, ე.წ. “ტექნიკური კანდიდატი“ იყოს. მან მოვალეობის შემსრულებელ პრეზიდენტსა და საპრეზიდენტო არჩევნების ფავორიტ მარატ კამბოლოვს მოუწოდა, ვალიევსა და მის მხარდამჭერებს დაეყრდნოს.
ამასთან, თედეევმა 2011 წლის მოვლენებიც გაიხსენა, როდესაც დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
“იყო დრო, როდესაც არჩევნებში მონაწილეობა მსურდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მომცეს. დღეს ვხედავ, რომ მარატს უფრო დიდი შესაძლებლობები და კავშირები აქვს, შეუძლია მეტი გააკეთოს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ის უნდა დაეყრდნოს ჩვენ ყველას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მურატ ვალიევის წარდგენის შემთხვევაშიც კი, მარატმა ის და ჩვენი გუნდი პარტნიორებად აღიქვას.
მოდით, ამჯერად საკუთარი ამბიციებიც ცოტა გვერდზე გადავდოთ. ბოლოს და ბოლოს, ყველამ ვიცით ჩვენი შესაძლებლობები,“ — განაცხადა მან.
თედეევის განცხადებებს ოკუპირებულ რეგიონში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ადგილობრივი ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ის ხელისუფლებისთვის რეალური კონკურენციის გასაწევად არ ემზადება და ვალიევის კანდიდატურა, შესაძლოა, მხოლოდ მოლაპარაკებების გასაძლიერებლად გამოიყენოს. სხვები არ გამორიცხავენ, რომ თედეევი კამბოლოვთან თანამშრომლობისთვის ცდილობს საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის გამოყენებას.
2011 წლის პოლიტიკური კრიზისი სამხრეთ ოსეთში დღემდე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევა. მაშინ თედეევი ედუარდ კოკოითის ხელისუფლებას დაუპირისპირდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირეს, მხარი ყოფილი განათლების მინისტრის, ალა ჯიოევას კანდიდატურას დაუჭირა.
ჯიოევას ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ შედეგები გააუქმა. ამას რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა, სადაც ოპოზიცია, ჯიოევასა და თედეევის ხელმძღვანელობით, უშედეგოდ ცდილობდა საკუთარი გამარჯვების დაცვას.
კრიზისი კომპრომისით დასრულდა. ედუარდ კოკოითი გადადგა, მიუხედავად იმისა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა ისედაც იწურებოდა. ოპოზიციამ საპროტესტო აქციები შეწყვიტა, ხოლო განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის მარტში დაინიშნა, თუმცა მათში ალა ჯიოევას მონაწილეობა აღარ მიუღია.
მას შემდეგ თედეევი პერიოდულად ცდილობდა სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის დაბრუნებას, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგის გარეშე. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მან თანამშრომლობა დაიწყო სახალხო პარტიასთან, რომლის ბირთვს ედუარდ კოკოითის ყოფილი მხარდამჭერები წარმოადგენდნენ.
ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით, თედეევის ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ, პარტია დათანხმდა მისი მხარდამჭერების საარჩევნო სიაში შეყვანას, თუმცა ამ ალიანსმა პარლამენტში მმართველი პოზიციების მოპოვება ვერ შეძლო.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა რედაქციიის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. რედაქცია იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო