ვაკის პარკის შადრევანში ორ ბავშვს დენმა დაარტყა. დაიღუპა 13 წლის გოგონა
გაზიარება
გაზიარება
ვაკის პარკში დენმა დაარტყა ორ ბავშვს
ვაკის პარკში დენმა დაარტყა ორ მოზარდს, რომლებიც შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩავიდნენ. 13 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა, მას გული გაუჩერდა. მეორე მოზარდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შემთხვევა დღეს, 13 ოქტომბერს მოხდა – ბავშვებს პარკში თამაშისას ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, ბურთის ამოსაღებად შადრევანში ჩასულებს კი მათ დენმა დაარტყა. ხეჩინაშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ ბავშვები “შოკით არიან შეყვანილი”.
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ უკვე გააკეთა პირველი კომენტარი მომხდართან დაკავშირებით – მისი თქმით, ამ ყველაფერზე პასუხი მოეთხოვება შესაბამის კომპანიებს, რომლებიც პარკის რეაბილიტაციაზე მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
საგულისხმოა, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შესახებ განცხადება კალაძემ სწორედ გუშინ, 12 ოქტომბერს, ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე გააკეთა.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მან აღნიშნა, რომ ვაკის პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ისე, რომ მისი პირვანდელი სახე სრულად აღდგეს, მნიშვნელოვანი ჩარევების გარეშე.
მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა, მათ შორის შადრევანი განახლდა.
„არსებული შადრევნების კასკადი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და არ მუშაობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, კასკადის კონსტრუქციის სრულად განახლება იმავე მასალითა და ვიზუალით, რაც არსებობდა. ამასთან, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა. დამონტაჟდა სრულიად თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, რომელიც პარკის ვიზიტორებს ნამდვილ სანახაობას შესთავაზებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
ასევე მერმა თქვა: “ვაკის პარკი ისევ შექმნის სიყვარულის, მეგობრობისა და ქალაქური თანაცხოვრების საოცარ ისტორიებს… დარწმუნებული ვარ, როდესაც სამუშაოები მთლიანად დასრულდება და ძირითადი კასკადის რეაბილიტაციაც მოხდება, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თავშეყრის, დასვენებისა და განტვირთვისთვის. გარდა ამისა, რადგან ამ სივრცით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბავშვებისთვის სპეციალური ზონა დავამატოთ, სადაც დამატებით ახალი ატრაქციონები მოეწყობა”.
ბოლო ორი წელია, ვაკის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.