ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უზრა ზეიამ საქართველოში ვიზიტი გუშინ დაიწყო, რათა ხაზგასმით აღენიშნა აშშ-ის ღრმა შეშფოთება, რომ მმართველი პარტიის ქმედებები და რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს.
მათივე განმარტებით, ზეიას ვიზიტით უნდოდა აღენიშნა ადამიანის უფლებების პატივისცემისა და ყველასთვის ფუნდამენტური თავისუფლებების მნიშვნელობა. ამასთანავე, მდივნის მოადგილე ზეიამ განმეორებით დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
ვიზიტის პირველ დღეს მოადგილემ შეხვედრები გამართა უფლებადამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან და საქართველოს პრეზიდენტთან.
შეხვედრა პრეზიდენტთან
საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ეზრა ზეიასთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა.
სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს იყო არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უალტერნატივო არჩევანი ქვეყნის ევროპული გზაა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არჩევნებზე იქნება საზოგადოების სრული მობილიზაცია, არასამთავრობო სექტორის და ახალგაზრდებისა და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საკუთარ ევროპულ არჩევანს.
შეხვედრაზე ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განხილვისას საუბარი შეეხო სამხედრო წვრთნების გადადებას და მის შესაძლო შედეგებს.
“განხილულ იქნა „ქართული ქარტიის“ მნიშვნელობა, რომელიც წარმოადგენს პრეზიდენტის მიერ შედგენილ სამოქმედო გეგმაა, რათა უმოკლეს ვადაში შესრულდეს ევროკავშირის რეკომენდაციები. ქარტიაზე ხელმომწერმა პარტიებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რათა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები, საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროპული გზის ლიდერობისათვის და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი იმის დადასტურებაა, რომ ამერიკისათვის მნიშვნელოვანია ქართველ ხალხთან სიღრმისეული პარტნიორობა და აშშ კვლავაც გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას.
მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების საკმაო გამოწვევებით აღსავსე ანტიდემოკრატიულმა ცვლილებებმა საფრთხის ქვეშ ჩააგდო ქვეყნის ევროატლანტიკური გზა, რომელიც ქართველის ხალხის ნებას გამოხატავს”, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
შეხვედრა ხელისუფლებასთან
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეიამ ქართული ოცნების ქალ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა:
ვესაუბრე ქართული ოცნების ქალ ლიდერებს დემოკრატიული ნორმების და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ ქართული ოცნების ქმედებებმა შეაფერხა პროგრესი ამ მიზნისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და ანტიამერიკული დეზინფორმაცია.
სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეხვედრებს დღეს გააგრძელებს.