უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს სააკაშვილთან პოლიტიკური ანგარიშსწორება.
“სასამართლომ არ გაითვალისწინა ექიმების დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმის შესახებ. მან ასევე უარი თქვა მოქალაქის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაზე. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქესთან პოლიტიკური ანგარიშსწორება, უზრუნველყოს მისი უფლებების დაცვის გარანტია და გადასცეს უკრაინას. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დაცვას, რომელიც უნდა გათავისუფლდეს.” – წერია სამინისტროს განცხადებაში.
მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს. თუმცა მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა. გადაწყვეტილება დასკვნით სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
ენმ-ს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის თქმით “ქართულ ოცნების თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება”. პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ასევე, პარტია იწყებს ქუჩის აქციებს და აქციებს მმართველი პარტიის წევრების სახლებთან.