საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არ უთქვამს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტების დავალიანებას სრულად საქართველოს ბიუჯეტი დაფარავდა. მისივე განმარტებით, “პრემიერმა თქვა, რომ ვალი არის 40 მილიონი ლარი”, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ.
15 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს ფინანსური დავალიანება გაუნულდებოდათ.
პრემიერის ინფორმაციით, ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება. მან განათლებისა და ფინანსთა მინისტრებს დაავალა, დაუყოვნებლივ დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ მოაგვარონ საკითხი.
21 სექტემბერს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განმარტა, რომ სახელმწიფომ კერძო უნივერსიტეტებს არსებული დავალიანების ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება შესთავაზა, რასაც, მისივე განცხადებით, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა ყველა სასწავლო დაწესებულება დათანხმდა.
“პრემიერს არ უთქვამს, რომ 40 მილიონ ლარს დავხარჯავთ – პრემიერმა თქვა, რომ ვალი არის 40 მილიონი ლარი, რომელიც სტუდენტებს ჩამოეწერებათ. ის, თუ რამდენს დავხარჯავთ, დაახლოებით ორ თვეში გამოჩნდება, როდესაც პროცესი დასრულდება. ბიუჯეტიდან დიდი და მნიშვნელოვანი თანხის დამატება საჭირო არ იქნება. განათლების სამინისტრო თავისი რესურსით ამ თანხების დაფინანსებას უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, 40 მილიონი ლარი არ დაიხარჯება.” – თქვა კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ თუ რომელიმე უნივერსიტეტი სტუდენტების დავალიანების დაფარვაში მონაწილეობას არ ისურვებს, ამას მათ ვერავინ აიძულებს. მისი განმარტებით, კერძო უნივერსიტეტებს სახელმწიფოს 20%-იანი მონაწილეობას შესთავაზეს და თანხმობის შემთხვევაში, მათ მოუწევთ, სტატუსშეჩერებულ სტუდენტს დავალიანების 80% ჩამოაწერონ.
“არავინ არავის არაფერს აძალებს. თუ კერძო უნივერსიტეტებს არ ენდომებათ, მათ შეუძლიათ ამაზე უარი თქვან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შეთავაზება უნივერსიტეტებისთვის მისაღები იქნება.“ – განმარტა მან.