UNICEF-ის კვლევა: დეპრესიის ნიშნები ახალგაზრდებში და ფიქრები სუიციდზე
დეპრესიის ნიშნები ახალგაზრდებში და ფიქრები სუიციდზე
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველი მეოთხე ახალგაზრდა განიცდის საშუალო ან ძლიერი შფოთვის სიმპტომებს, ყოველ მესამეს აწუხებს დეპრესიის ნიშნები, ხოლო სტუდენტების მესამედს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც უფიქრია სუიციდზე. UNICEF-მა კვლევა საქართველოს შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში 18-24 წლის ახალგაზრდებს შორის ჩაატარა.
კვლევა 2022 წელს ჩაატარა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი ბავშვთა უფლებების ცენტრებმა. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესწავლის მიზნით ქუთაისის, ბათუმის გორის, სამცხე-ჯავახეთის, თელავის, ზუგდიდის და სოხუმის უნივერსიტეტის 2995 სტუდენტი გამოიკითხა.
საველე სამუშაოები ჩატარდა გასული წლის 17 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში. სიღრმისეული ინტერვიუები ჩატარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის საკანონმდებლო პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულ პირებთან, ადგილობრივი ხელისუფლების ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებთან.
კვლევის მიხედვით, ახალგაზრდები ფსიქიკური ჯანმრთელობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია.
სტუდენტების 72% ამბობს, რომ მისთვის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ხელისშემშლელი იყო ყოველდღიური აქტივობებისა და ურთიერთობებისთვის ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ასევე, გამოკითხული სტუდენტების 97%-ს სმენია ტერმინი „ფსიქიკური ჯანმრთელობა“, მათი მესამედი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვს და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გრძნობებსა და გამოცდილებებზე არავისთან უსაუბრია.
ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომსახურების მიღების ბარიერებს შორის დასახელდა ინფორმაციის ნაკლებობა, ასევე სპეციალისტთან ვიზიტის და მედიკამენტების მაღალი ფასები, სპეციალისტების ცოდნისა და კვალიფიკაციის მიმართ უნდობლობა და შიში, რომ მომსახურების მიღებისას არ იქნება დაცული კონფიდენციალურობა.
● როგორ ცხოვრობენ ბავშვები საქართველოში. ბევრი ციფრი და ფაქტი
● ადამიანები, ვისთვისაც ომი არ მთავრდება. შესაძლებელია თუ არა პოსტტრავმული სინდრომის დამარცხება?
● როგორ იქცევიან თვითმკვლელებად. ისტორიები აზერბაიჯანიდან
დარგის ექსპერტებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების შეფასებით, ახალგაზრდებისთვის არ არის ხელმისაწვდომი მხარდამჭერი, პრევენციული ან სარეაბილიტაციო სერვისები.
UNICEF-ში აცხადებენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებს ახალგაზრდები ყველაზე ხშირად დეპრესიით, შფოთვითი აშლილობებით ან პანიკური შეტევებით მიმართავენ. ახალგაზრდებში მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევა ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე დამოკიდებულება და მათგან გამოწვეული ფსიქიკური პრობლემებიც – პარანოია, ჰალუცინაციები, ძილის დარღვევები.
გაეროს ბავშვთა ფონდი მნიშვნელოვნად მიიჩნევს შესაბამისი სახელმწიფო სერვისების განვითარებას, რომელიც ახალგაზრდებისთვის უფასო და სტაბილური იქნება. მათი განმარტებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებისა და პროგრამების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება, იმისთვის, რომ ეს მომსახურება იყოს მათთვის საინტერესო და მიმზიდველი.