სასულიერო პირის ანტისემიტური განცხადება აქციაზე გააპროტესტეს
“ქუთაისი ანტისემიტიზმის გარეშე” – ამ ლოზუნგით გაიმართა დღეს აქცია ქუთაისში, სადაც სასულიერო პირების მიერ გაკეთებული ანტისემიტური განცხადებები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანია, ყველას აჩვენონ, რომ რამდენიმე ადამიანის პოზიცია არ გამოხატავს მთელი ქუთაისის აზრს.
აქცია მოჰყვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ქადაგებას, რომლის დროსაც მან ებრაელებს უწოდა “ქრისტიანთა მდევნელი” და “ურწმუნო მოდგმა”.
მიტროპოლიტმა თქვა, რომ “ბრძოლა დღესაც გრძელდება, ეს ეთნიკური ნიშნით არ განისაზღვრება, ეს არის ურწმუნო მოდგმის ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ”.
მან პარალელი გაავლო ებრაელებს, “ურწმუნო მოდგმასა” და უფლებადამცველებს შორის, რომლებიც დღეს ეკლესიას აკრიტიკებენ და შესაბამისად, ამით იუდაური თემის გზას აგრძელებენ.
მას შემდეგ, რაც იოანე გამრეკელის განცხადება საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაგმო, მას გამოექომაგა კიდევ ერთი სასულიერო პირი – ქუთაისის სამების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ილია კარკაძე.
მან თქვა, რომ “არსებობს სიონისტური დაჯგუფებები, რომლებიც “მიწიური პროცესიდან არაკეთილი ძალის მხარეს დგას”.
ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) გამოეხმაურა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, იოანე გამრეკელის ანტისემიტურ ქადაგებას და მას “უკიდურესად შემაშფოთებელი” უწოდა.
ორგანიზაციამ მოუწოდა იოანე გამრეკელს, ბოდიში მოუხადოს თავისი განცხადებებისთვის.
სასულიერო პირების განცხადებებს გამოეხმაურა ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორიც და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაგმოს ანტისემიტური გამოსვლები.
______________________________________________________________________________
● დასავლეთი თუ რუსეთი? საით მიყავს ქვეყანა ქართულ ეკლესიას
● სასულიერო პირი, რომელიც პანდემიას უარყოფდა, კორონავირუსით გარდაიცვალა
● უცხოელებთან მისვლა საკმარისი არაა, ჩვენთანაც მოვიდნენ – მეუფე იაკობი ოპოზიციას მიმართავს