წულუკიანთან სასამართლოში დავა მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოიგო
სასამართლო დავა წულუკიანის წინააღმდეგ
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” (SJC) ინფორმაციით, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის საკადრო წმენდის დროს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა, გიორგი ჯამბურიამ სასამართლო დავა მოიგო.
გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.
გიორგი ჯამბურია სამსახურიდან 2022 წლის იანვარში გაათავისუფლეს, რასაც წინ უძღოდა მუზეუმში რეორგანიზაციის გამოცხადება. SJC-ის შეფასებით, აღნიშნული რეორგანიზაციის რეალური მიზანი, სტრუქტურული ცვლილებების და ოპტიმიზაციის ნაცვლად, არასასურველი კადრების ჩამოშორება იყო და გამოყენებულ იქნა თანამშრომლების მასობრივი დათხოვნის მიზნით:
“შესაბამისად, ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა, მათ შორის, ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მუზეუმში ახალი მენეჯმენტის მიერ ჩატარებული შეფასების პროცესი არ ემსახურებოდა გიორგი ჯამბურიას კომპეტენციის და უნარ-ჩვევების შეფასებას და ამდენად, მისი გათავისუფლება უსაფუძვლო იყო, რაც სასამართლომ გაიზიარა.”
● “სიკვდილი ხალხის მტრებს, სამშობლოს გამყიდველებს” – პროტესტი წულუკიანის წინააღმდეგ
● ქართულმა კინოაკადემიამ ფილმი, რომელიც ივანიშვილის ხეებს ეხება, ჩვენებებიდან მოხსნა
● “ხელყოფილია სვანური ცეკვა” – კულტურის სამინისტრო სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება
კულტურის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ ეროვნული მუზეუმიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს. სამინისტრო მიზეზად “რეორგანიზაციას” ასახელებს. გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილმა საკითხზე კულტურის სამინისტროს სასამართლოში დავა მოუგო.
2022 წლის 26 ოქტომბერს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მხრიდან ჩატარებული საკადრო წმენდის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა მოქალაქემ, გუგა გოგაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში შრომითი დავა მოიგო.
“კულტურის სექტორში მასობრივ გათავისუფლებაზე სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მეორე პრეცედენტია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კულტურის სფეროს სხვა გათავისუფლებულთა შრომითი დავებისთვის – წერია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებაში.
წარმოებაში ამ ეტაპზე არის ამ ტიპის 10 საქმე, რომელთაგან მხოლოდ სამზეა გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებები და სამივე შემთხვევაში ბათილად იცნო გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხეებს დაეკისრათ განაცდურის ანაზღაურება და სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა. სასამართლოში პირველი დავა ეროვნული მუზეუმის ყოფილმა თანამშრომელმა, დინარა ვაჩნაძემ მოიგო.
“მინისტრ წულუკიანს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს კულტურის სფეროს მაღალპროფესიონალი კადრების დევნა მათი პროფესიული და განსხვავებული მოსაზრებების გამო და გაითვალისწინოს გათავისუფლებული თანამშრომლების ორგანიზებული წინააღმდეგობის მოთხოვნა, შესაბამისი კომპეტენციისა და გამოცდილების ადამიანებს მიეცეს საშუალება, გააგრძელონ მუშაობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, სამუზეუმო ექსპონატებისა და ეროვნული საგანძურის დასაცავად”. – წერია “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” (SJC), საია-ს და ISFED განცხადებაში, რომლებიც თეა წულუკიანის მიერ სამინისტროდან გათავისუფლებულთა ნაწილის ინტერესებს სასამართლოში იცავენ.