საქართველოში შესაძლოა გაჩნდეს სივრცეები, სადაც ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლებათ სტუმრობა
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოში შესაძლოა გაჩნდეს უსაფრთხო რესტორანი, ღამის კლუბი და სასტუმროები, სადაც ვაქცინირებულ ადამიანებს შეეძლებათ სტუმრობა.
ამის შესახებ თურნავამ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის დავალებით მუშაობს იმ ღონისძიებათა გეგმაზე, რომელიც წაახალისებს ბიზნესს და მოსახლეობას, რათა კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს ინიციატივა მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვისაც:
„ბიზნესს კარგად ესმის, რომ ერთადერთი ხსნა არის ვაქცინაცია. ვმუშაობთ და განვიხილავთ, რომ გარკვეული უსაფრთხო რესტორნის, უსაფრთხო ღამის კლუბის, უსაფრთხო სასტუმროს სტატუსები იყოს, რომელიც იქნება მიმზიდველი არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც.“
თურნავამ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველა მოლოდინისა და რისკისა, მთავრობამ მაინც გადაწყვიტა გაეხსნა საერთაშორისო ფრენები და გაეხსნა ბაზარი საერთაშორისო ვაქცინირირებული ტურისტებისთვის.
“ასევე 40-მდე ქვეყანაა, საიდანაც ტურისტები უბრალოდ „პისიარ“ ტესტით შემოდიან, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
____________________________________
● საქართველოში ერთ ვიზიტზე ყველაზე მეტ ფულს აშშ-ის და არაბეთის მოქალაქეები ხარჯავენ
● ისტორიული ვარდნა: 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად 2020 წელს შემცირდა
● ამირან გამყრელიძე საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღას პროგნოზირებს
● NDI: საქართველოში გამოკითხულთა 53 პროცენტი კორონავირუსის აცრას არ გაიკეთებდა
● საპატრიარქო არ ჩაერთვება ვაქცინაციის პროპაგანდაში – ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქს შეხვდა
___________________________________
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID 19-ის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 9 ადამიანი. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც.
პარალელურად, საქართველოში, კორონავირუსზე ვაქცინაცია ნელი ტემპებით მიმდინარეობს.
ქვეყანაში ამჟამად ორი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი – “ფაიზერი” და “ასტრაზენეკა”. რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში შემოვიდა ჩინური ვაქცინის 100 000 დოზაც, თუმცა მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭების შემდეგ გამოიყენებენ.
საქართველო კორონავირუსის პანდემიის გამო შარშან, მარტში ჩაიკეტა. თუმცა მანამდე, 2019 წელს, საქართველოს 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია და ტურიზმმა ჯამში ქართულ ეკონომიკას 3.2 მილიარდი დოლარი მოუტანა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.