საქართველოში, სავარაუდოდ, Johnson & Johnson-ის ვაქცინის 50 ათასი დოზა შემოვა
გაზიარება
გაზიარება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში სექტემბრიდან, სავარაუდოდ Johnson & Johnson-ის ვაქცინის 50 000 დოზა შემოვა.
“ჩვენი გათვლებით, აგვისტოში ჩვენ დავხარჯავთ ნახევარ მილიონ დოზა ფაიზერს ანუ მილიონი დოზით შევხვდებით სექტემბერს. აქედან 300 000 იქნება მეორე დოზებისთვის და 350 ათასი ადამიანი დამატებით შეგვიძლია ავცრათ სექტემბერში ორჯერადად, ამიტომ გთხოვთ, მეტ აქტივობას. თუ მილიონ დოზას გავაკეთებთ სექტემბერში, ჩვენ სექტემბრის ბოლოს სერიოზულად გავტეხავთ წელში ამ პანდემიას”, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, აქტიურად განიხილება ე.წ. ბუსტერის საკითხიც. რომელიც – როგორც გამყრელიძე ამბობს – როგორც სამეცნიერო ლიტერატურიდან, ისე მისი პირადი მოსაზრებით, საჭირო გახდება.
“როგორც გრიპის დროს ჩვენ ყოველწლიურად ვიკეთებთ ვაქცინას, ეს ბუსტერია ყოველწლიური, აქაც საჭირო გახდება, რადგან ესეც რესპირაციული ვირუსია. ეს იქნება 6 თვის, 8 თვის, 10 თვის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნები თავისი კვლევების საფუძველზე ამბობენ, მაგრამ დღეს – არა”, – ამბობს გამყრელიძე.
მისივე თქმით, 12 წელს ზემოთ მოზარდების აცრას საქართველო, სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს და მზადდება გარკვეული წანამძღვრები, თუ როგორ უნდა მოემზადოს ქვეყანა მოზარდების აცრისთვის:
“რა თქმა უნდა, ჩვენთვის დამატებითი არგუმენტი იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილება.”
ეპიდვითარების გაუარესების გამო, 2 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების გადადების მოთხოვნით გამოვიდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
ბოლო თვეებია საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსით 6000-მდე ინფიცირების და 50-მდე გარდაცვალების შემთხვევაა.
18 აგვისტოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ინფიცირების ტემპი ისევ მაღალია და სტაბილიზაციის ნიშნები არცერთ რეგიონში არ არის.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა არ იქნება, სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.