საქართველოში საარჩევნო უბნები გაიხსნა და კენჭისყრა მიმდინარეობს
საქართველოში საარჩევნო კენჭისყრის პროცედურა 08:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. მთელი ამ დროის განმავლობაში აკრძალულია პოლიტიკური პარტიების რეკლამა და აგიტაცია.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 43 საარჩევნო სუბიექტი. მერის არჩევნებში ის კანდიდატი გაიმარჯვებს, რომელიც არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. ამასთან, საარჩევნო რეფორმის შედეგად, 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.
საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს პოლიტიკოსებმა, საარჩევნო უბანზე იყო მისული მმართველი პარტია ” ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილიც, თუმცა მან უბანი კომენტარის გარეშე დატოვა.
“დროას” დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღევანდელი არჩევნები საქართველოს მომავალს დიდი ხნით განსაზღვრავს.
“არა ოპოზიციისთვის, არამედ პირველ რიგში, ქვეყნისთვის არის ეს რეფერენდუმი. დღეს მოქალაქეებს აქვთ ის მთავარი ძალა, რაზეც ვამბობთ, რომ ხალხი არის ძალაუფლების წყარო. როცა ხალხი წყვეტს, ასე მოსწონთ ცხოვრება თუ არა.
ასევე, მათ აქვთ ძალიან დიდი, მრავალფეროვანი არჩევანი. შეუძლიათ, აირჩიონ ნებისმიერი ოპოზიციური პარტია და მართლა საფუძველი ჩაუყარონ იმას, რომ არც ერთი ხელისუფლება არ იყოს თავგასული, არ ჩაგრავდეს ადამიანებს. ამიტომ, დიახ, ეს არის არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს ძალიან დიდი ხნით”. – თქვა ელენე ხოშტარიამ.
დაფიქსირდა პირველი ინციდენტიც. გლდანის საარჩევნო ოლქის ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებელსა და პოლიციას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. დამკვირვებელი შუშანა მაცაბერიძე აცხადებს, რომ საარჩევნო უბანთან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული და დაშვებულ დისტანციას არ იცავენ.
თავად კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადგილზე უსაფრთხოების მიზნით არიან, მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ისინი უბნის თავმჯდომარეს არ გამოუძახებია.