საქართველოში ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. პროტესტი გრძელდება ჭიათურაშიც
გაზიარება
გაზიარება
საქართველოში ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ, ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ხელფასის მომატებას ითხოვენ.
პროტესტი გრძელდება ჭიათურის რაიონის სოფელ შუქურთშიც, სადაც აქციის მონაწილეებმა რამდენიმე დღის წინ პირი ამოიკერეს და ამ ფორმით “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ განხორციელებული სამუშაოები გააპროტესტეს, რის გამოც საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობამდეა მისული.
გუშინ კი სოფელ შუქრუთში, კიდევ ერთმა მოქალაქემ ამოიკერა პირი პროტესტის ნიშნად და მოშიმშილეების აქციას ამ ფორმით შეუერთდა.
როგორც ბორჯომის ქარხნის გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები კომპანიასთან, თუმცა ადმინისტრაცია დასაქმებულთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს.
აქციის მონაწილეები ასევე საუბრობენ კომპანიის მხრიდან მუქარაზე. მათი განმარტებით, ბორჯომის ქარხნის ადმინისტრაცია მათ სამსახურში დაბრუნებას კატეგორიულად სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრება.
“ახლაც, ჩვენ რომ აქ ვდგავართ, ურეკავენ დასაქმებულებს და აშინებენ, ემუქრებიან, თუ არ შემოხვალთ სამსახურში, დატოვებთ სამსახურსო. ეს გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ დასაქმებულთა სამუშაო უფლებები, ხელფასები და პირობები არ გაუმჯობესდება”, – აცხადებს აქციის მონაწილე “ფორმულასთან” საუბრისას.
აქციის მეორე მონაწილის თქმით, არ არსებობს მათთვის კვირა და დასვენება, ხოლო დღიური ხელფასი მხოლოდ 17 ლარია:
“გვეუბნებოდნენ მოვგვარდებითო, მაგრამ არ ვართ მოგვარებულები, ამიტომ გავიფიცეთ”.