საქართველოს პრეზიდენტი: ევროპა არის მშვიდობა, რაც არ უნდა ლაპარაკობდნენ ვიღაცები რაღაც ფრონტებზე
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის დღეებზე სიტყვით გამოვიდა
ევროპის დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპა არის მშვიდობა, რაც არ უნდა ლაპარაკობდნენ “ვიღაცები რაღაც ფრონტებზე.”
“ეს არის ისტორიაში ერთადერთი ასეთი ქვეყნების გაერთიანება, რომელმაც შეუნარჩუნა ამ ქვეყნებს თავიანთი იდენტობა სრულად და შეუნარჩუნა მათ მშვიდობა, არც ერთ ქვეყანას არ დაესხა თავს ევროპა, ეს არის ნამდვილი მშვიდობიანი მომავალი, რაც არ უნდა ვიღაცები ლაპარაკობდნენ რაღაც ფრონტებზე, რაც სრულიად გაუგებარია. ჩვენი მშვიდობიანი, ჩვენი თავისუფალი მომავალი არის მათთან ერთად, მაგრამ ჩვენი იდენტობით, ჩვენი ღირებულებებით და ჩვენი განვითარებით, რაც მთავარია.
ეს გზა უნდა გავიაროთ, ყველანაირად ყველა უნდა ვაიძულოთ, რომ ჩვენ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ. ყველა, ვინც აქ დგახართ, ძალიან ბევრ თქვენგანს ჰყავს ოჯახი ევროპაში, არის ნამყოფი ევროპაში, სწავლობდა ევროპაში ან იმედი აქვს, რომ ისწავლის ან იმუშავებს ევროპაში.
ჩემი იმედი ცოტა სხვანაირია, ჩემი იმედია, რომ ევროპა აქ შემოვიყვანოთ, აქ მივიღოთ ყველაფერი ის, რისთვისაც ჩვენ მივდივართ ევროპაში, აქ იყოს ის ცხოვრების სტანდარტი, ის სამუშაო სტანდარტები, აქ იყოს ის კეთილდღეობა, რასაც სხვაგან ვეძებთ.” – აღნიშნა პრეზიდენტმა.
● საქართველოს პრეზიდენტი: ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ ალიანსში ჩვენი ინტეგრაციისთვის
● ჰელსინკის კომისია ზურაბიშვილს პოლიტპატიმრების შეწყალებისკენ მოუწოდებს. რას ამბობს კელი დეგნანი
● “რატომ არ გესმით ხალხის მოთხოვნა? მათ უნდათ ევროპა და არა რუსეთი” – საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში
აღსანიშნავია, რომ პირველ მაისს, საქართველოს თავდაცვის ძალებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს NATO-ში ინტეგრაციის გზის განმტკიცებისთვის.
მისივე თქმით, ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტი ამ კუთხით საეტაპო აღმოჩნდება.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ აგრესიული იმპერიალიზმი, “რაც არ უნდა ანაქრონულად ჟღერდეს”, ახალი სისასტიკით და დაუნდობლობით იჩენს თავს. მისი თქმით, უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ 14 თვის წინ გაჩაღებულმა ომმა მსოფლიო შეძრა, რადგან აბუჩად იქნა აგდებული ყველა საერთაშორისო სამართლის და ჰუმანიტარული პრინციპი.