საქართველოს პარლამენტის წინ უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ
საქართველოს დახმარება უკრაინას
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, სადაც უკრაინის მხარდასაჭერი აქციები ყოველდღე იმართება, 2 მარტს ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი გაიხსნა.
ადგილზე მოქალაქეებს ომში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა ნივთი მიაქვთ. როგორც სააგენტო ინტერპრსნიუსს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკოლოზ გაბელიამ განუცხადა, მოსახლეობას აქ მოაქვს ტანსაცმელი, მედიკამენტები, არამალფუჭებადი საკვები და ა.შ.
უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას საქართველოში უკრაინის საელჩოს დახმარებით გაგზავნიან. ამისთვის, საჭიროა, ნივთების რაოდენობამ 40 ტონა შეადგინოს.
ამასთან, ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი 3 მარტსაც იმუშავებს და მსურველ მოქალაქეებს ადგილზე ნივთების მიტანა დაახლოებით, 12:00 საათიდან შეეძლებათ.
პარლამენტის წინ 2 მარტს უკრაინის მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა.