საქართველოს მთავრობა ენგურჰესზე ტურისტული კომპლექსის მოწყობას გეგმავს
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საქართველოს მთავრობა ენგურჰესზე ტურისტული კომპლექსის პროექტის განხორციელებას იწყებს.
როგორც თურნავამ აღნიშნა, საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენერგეტიკული თვალსაზრისით, არამედ ტურიზმისთვისაც უნიკალური ადგილია.
“იცით, რომ წლებია ვამუშავებდით ენგურჰესზე ტურისტული კომპლექსის შექმნას, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული უამრავი ადამიანი მოინახულებს. წელს, პრემიერის დავალებით, გადავედით პროექტის უშუალოდ განხორციელებაზე. ენერგეტიკის განვითარების ფონდს მიღებული აქვს დავალება, გამოყოფილია საწყისი ბიუჯეტი და ამ პროექტს მივიყვანთ ბოლომდე. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო გააძლიერებს მთლიანად საქართველოს”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ენგურჰესის მსოფლიო დონის ატრაქციად მოწყობის დეტალური პროექტირება 2018 წელს დასრულდა. მაშინ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ანთაძე აცხადებდა, რომ ფიზიკური სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყებოდა.
ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე. მისი განვითარების კონცეფცია ასევე განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებისთვის.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა.
_______________________________________________
● აფხაზეთში რუსული „გაზპრომი“ შედის. იქ ბინებში პირველად გამოჩნდება გაზი
● რეაბილიტაციის შემდეგ „ენგურჰესის“ გამომუშავება 10-15 პროცენტით გაიზრდება
● უშუქობა. ამბები აფხაზეთიდან
___________________________________________________
“ენგურჰესი”, რომლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდა, ახლა უკვე 10-15%-ით მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
ენგურჰესი უნიკალური ობიექტია. ჰესი პირდაპირ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაშია და ერთადერთი ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტია – აქ მუშაობენ როგორც აფხაზები, ისე ქართველები. ელექტროენერგიაც ორი მიმართულებით ნაწილდება.
1993 წელს თბილისმა აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვასთან ერთად, ამიერკავკასიაში უდიდესი ენგურის ჰიდრო ელექტროსადგურის მართვის პულტიც დაკარგა.
ენგურჰესის სამანქანო დარბაზი-ქვესადგური და ვარდნილჰესების კასკადი ოკუპირებული გალის ტერიტორიაზეა; სადგურის 270-მეტრიანი ბეტონის კაშხალი, წყალსაცავი და სადერივაციო გვირაბის ნაწილი კი – წალენჯიხის რაიონში, თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს.
ამჟამად მხარეები ერთად მართავენ ჰესს და იყოფენ მის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიას. თბილისსა და სოხუმს შორის არაფორმალური შეთანხმებით, სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40 პროცენტს აფხაზეთი მოიხმარს, 60 პროცენტს კი – საქართველო. ზამთარში კი, როდესაც ცოტა წყალია, თითქმის მთელი ელექტროენერგია აფხაზეთში მიდის.
აფხაზეთისთვის სადგური – ფაქტობრივად, ელექტროენერგიის ერთადერთი წყაროა, ამიტომ სარეაბილიტაციო სამუშაოები განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში სწორედ აფხაზეთს აყენებს.