ევროკავშირის ლიდერები აპირებენ საქართველო არჩევნებამდე გააფრთხილონ, რომ მისი ხელისუფლება ევროკავშირისკენ ქვეყნის გზას საფრთხის ქვეშ აყენებს, ამის შესახებ გამოცემა Reuters წერს, რომელმაც 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერების სამიტის დასკვნის პროექტის ტექსტი მოიპოვა.
“საქართველომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ხოლო მოსახლეობის გამოკითხვა აჩვენებს, რომ მოქალაქეები ევროკავშირთან გაერთიანების მომხრენი არიან. ქართული ოცნების მეგობრული რიტორიკა რუსეთის მიმართ, სადაო კანონი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებისგან უცხოელ აგენტებად დარეგისტრირებას ითხოვს, კანონმდებლობა, რომელიც ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს – ამ ყველაფერმა დასავლურ ქვეყნებში შეშფოთება გამოიწვია”, – წერს გამოცემა.
დასკვნის პროექტის ტექსტის მიხედვით, ბლოკი კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს “ქართველ ხალხს მათ ევროპულ გზაზე”, მაგრამ, ასევე “ადასტურებს თავის სერიოზულ შეშფოთებას” საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ:
ევროპის საბჭო აღნიშნავს, რომ მოქმედების ეს გზა საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ და ფაქტობრივად აჩერებს გაწევრიანების პროცესს. ევროპის საბჭო ელის, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოს დაგეგმილ არჩევნებზე თავისუფალ და სამართლიან გარემოს
აღსანიშნავია, რომ 14 ოქტომბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა. მან სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში მოლდოვასთან შედარებით შავი სურათია.
“განვიხილეთ სიტუაცია მოლდოვაში და საქართველოში. ორივე ქვეყანა გადამწყვეტი არჩევნების წინაშეა მომდევნო კვირებში. მოლდოვა აღწევს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირისკენ გზაზე, მიუხედავად რუსეთის მხრიდან მზარდი დაშინებისა… საქართველოში [მოლდოვასთან შედარებით] უფრო შავი სურათია.
მმართველი პარტიის ქმედებები, განცხადებები და წინასაარჩევნო დაპირებები უკან ხევენ ქვეყანას ევროკავშირის გზიდან და ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალებს იძლევა. ამიტომ, ევროკავშირში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია…
მოდით, დაველოდოთ დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც იქნება გადამწყვეტი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის და მისი ევროკავშირში გაწევრიანების გზისთვის.” – განაცხადა ბორელმა.
15 ოქტომბერს ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს სხდომაზე საქართველოზე იმსჯელებენ.
სხდომა ლუქსემბურგში გაიმართება და როგორც ევროკავშირის ვებ გვერდზე დღის წესრიგშია აღნიშნული, მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. საკითხის მომხსენებელი გერმანიის დელეგაცია იქნება.