“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა საჩივარი, რომელიც საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრის ფარულობის მასობრივ დარღვევას შეეხება.
საია დავობს, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლი – თავისუფალი არჩევნების უფლება.
ორგანიზაციის განცხადებით, საჩივარში აღნიშნულია, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება.
:საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საჩივარში ასევე დავობს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს.
საია მიიჩნევს, რომ ეს საჩივარი თავისი შინაარსით პრეცენდენტულია.
“და სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, კონვენციის ჭრილში შეაფასოს როგორც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა, ისე არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის სისტემის სამართლიანობა“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ქვეყნის ბედისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა სრულიად განსხვავებულ რეალობაში აღმოჩნდა. ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტია “ქართულმა ოცნებამ” ხმების 54 პროცენტი მიიღო. ეს 12 პროცენტით მეტია ეგზიტპოლის შედეგებზე.
ამ მონაცემების არ სჯერათ არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო დამკვირვებლებს. მათ მიერ აღმოჩენილებმა ათასობით დარღვევამ და გაყალბების სისტემურმა სქემამ არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
არჩევნებიდან უკვე თითქმის ხუთი თვე გავიდა და ამ დრომდე მისი შედეგები საერთაშორისო თანამეგობრობას არ უღიარებია. ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელმაც საპარლამენტო არჩევნები აღიარა, ვიქტორ ორბანია.