საგარეო საქმეთა სამინისტრო: ყარაბაღში იარაღი საქართველოს გავლით არ მიდის
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ უარყოფს გავრცელებულ ცნობებს აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით საქართველოს გავლით სამოქალაქო ფრენების მეშვეობით სამხედრო გადაზიდვების შესახებ. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა.
მისი თქმით, სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება. საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები რომლებიც სრულდება საქართველოს საჰაერო სივრცეში მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალქო ხასიათისაა.
„საქართველოს მხრიდან შეჩერდა სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი სახმელეთო და საჰაერო გზით როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით. ამიტომ კიდევ ერთხელ გვინდა განვაცხადოთ, რომ სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება. საქართველოს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ფრენები რომლებიც სრულდება საქართველოს საჰაერო სივრცეში მხოლოდ ჰუმანიტარული და სამოქალქო ხასიათისაა“, – განაცხადა დარსალიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველო კვლავ აგრძელებს თავისი საერთაშორიოს ვალდებულებების შესრულებას ჰუმანიტარული და სამოქალაქო მათ შორის კომერციული ტვირთების გატარების მხრივ.
• საქართველო არ გახდება სამხედრო ტრანზიტის ქვეყანა – სესიაშვილი
• ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები ყარაბაღის კონფლიქტზე. კომენტარები
ცნობებს სამხედრო ტვირთების საქართველოს გავლით ტრანზიტის შესახებ საგარეო უწყება ინფორმაციით მანიპულირებად აფასებს.
„საინფორმაციო საშუალებებში გააქტიურდა ინფორმაციით მანიპულირება, თითქოსდა სამხედრო გადაზიდვები საქართველოს გავლით ხორციელდება სამოქალაქო ფრენების მეშვეობით. კონკრეტული გადამზიდავის და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა, სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები. დარღვევის აღმოჩენის და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, საქართველო მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.
მისი თქმით, დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO-ს წინაშე.