სამინისტრომ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გადაყვანა შესთავაზა
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით კლინიკა“ვივამედში”გადაყვანას შესთავაზებენ. მინისტრის განმარტებით, “ვივამედში” ექსპრეზიდენტს ჩაუტარდება გამოკვლევები და “საჭიროების შემთხვევაში” შესაბამისი მკურნალობა.
ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა, მინისტრი ხაზს უსვამს იმას, რომ სააკაშვილი შერჩევით იღებს მხოლოდ მედიკამენტების გარკვეულ ნაწილს, რითაც, საკუთარი გადაწყვეტილებით, “ფაქტობრივად უარს ამბობს სრულფასოვან მკურნალობაზე.”
“ასევე, იგი საკვებსაც იღებს საკუთარი გადაწყვეტილებით, მხოლოდ შერჩევით და ბუნებრივია, ამით საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას.
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, ვმოქმედებთ ყოველთვის ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს შესაძლო გართულებების თავიდან არიდების მიზნით, გაუკეთდება შეთავაზება, რომ გაყვანილ იქნეს კლინიკა ვივამედში, სადაც მას ჩაუტარდება გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.
საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის შეფასებით, საქართველოს პატიმარი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ოჯახი, მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს.
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე სახალხო დამცველის რეკომენდაციებს სერიოზულად მიუდგეს.
უკვე შვიდი თვეა, მიხეილ სააკაშვილი, დაპატიმრებულია. ექსპრეზიდენტი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც ის 2021 წლის 1 ოქტომბერს, ფარულად დაბრუნდა საქართველოში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ამიტომ, ამ ხნის განმავლობაში, პროტესტის ნიშნად ორჯერ შიმშილობდა. მათ შორის, პირველ შემთხვევაში შიმშილობა 51 დღე გაგრძელდა.
მაშინ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ მკურნალობა დასჭირდა. იგი სამკურნალოდ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
არსებობდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაც. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდა, სახელმწიფოს კი დაავალა, უზრუნველეყო პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა.