სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილს არ შევიწყალებ
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს.
მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ყურება კამერებით სასიამოვნო არ იყო.
“ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია სასიამოვნო არაა, როცა ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე. თუმცა, სამართალი და კანონის უზენაესობა ამას მოითხოვს და კანონის წინაშე ყველა ერთია. ბევრი კითხულობს დღეს პრეზიდენტი აპირებს თუ არა მის შეწყალებას. პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს.
იმიტომ რომ ირინა ენუქიძის თვალები არასოდეს დამავიწყდება, არც ყველა იმ ადამიანის, ვინც სამართალს ელოდება და ამ დღეს ვერ მოესწრო. იმიტომ რომ ერთგული ვარ იმ სულისკვეთების, როცა ვიდექით და ვებრძოდით რეჟიმს, რომელიც ფეხქვეშ თელავდა ადამიანის უფლებებს, თავისუფალ ბიზნესს და კანონს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
● “არაფრის არ შეგეშინდეთ, ხვალ მიდით არჩევნებზე”. დაკავებამდე სააკაშვილმა ვიდეოს ჩაწერა მოასწრო
● სახალხო დამცველის წინასაარჩევნო ანგარიში: მტრული გარემო მედიის მიმართ, დაშინება და მოსყიდვა
● სააკაშვილის დაკავების გამო კიევში საქართველოს ელჩი დაიბარეს
სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ათი წლის განმავლობაში, ორი ვადით ეკავა. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ “ნაციონალური მოძრაობამ” არჩევნები წააგო და მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა დასრულდა, სააკაშვილმა დატოვა ქვეყანა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.
ამ წლების განმავლობაში ის ცხოვრობდა ევროპასა და შეერთებულ შტატებში, შემდეგ კი დასახლდა უკრაინაში, სადაც ჯერ ექს-პრეზიდენტ პოროშენკოს გუნდის წევრი და ოდესის გუბერნატორი იყო, შემდეგ კი პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა.
ბოლო წლებში იგი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რეფორმების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. სააკაშვილი ამჟამად არ არის საქართველოს მოქალაქე – მოქალაქეობა მან ავტომატურად დაკარგა მას შემდეგ, რაც ექვსი წლის წინ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში, 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის დარბევასა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრაში ადანაშაულებენ. სააკაშვილია ასევე დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეების ფიგურანტი.
სააკაშვილი უკვე არის მსჯავრდებული ორ ეპიზოდზე. მას 6 წლით აქვს ერთ-ერთ საქმეზე აღკვეთილი თავისუფლება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ ძებნილ ექსპრეზიდენტს დააპატიმრებდნენ სამშობლოში დაბრუნებისთანავე.
საქართველოში ჩამოსვლის შესახებ საუბრისას თავად სააკაშვილმაც ხაზი გაუსვა, რომ არ ეშინია დაკავების.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ირჩევენ, თუმცა ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს, სადაც უნდა გადაწყდეს გაიმართება თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და დასრულდება თუ არა ქვეყანაში “ქართული ოცნების” ერთპიროვნული, ცხრაწლიანი მმართველობა.