სააკაშვილის დაკავების გამო კიევში საქართველოს ელჩი დაიბარეს
საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავების გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
“მედიაში ვხედავთ ინფორმაციას უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვეულია საქართველოს საელჩო უკრაინაში, რათა მიღებულ იქნას ოფიციალური ინფორმაცია ამგვარი დაკავების საფუძვლებისა და გარემოებების შესახებ”, – განაცხადა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ.
ასევე, სააკაშვილის დაკავებაზე უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ფეისბუქზე განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია.
“ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეშფოთებულია ამ ამბებით და საქართველოში გამოთქმული განცხადებების ტონით სიტუაციის შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით. უკრაინა მიმართავს ქართულ მხარეს, რათა გაირკვეს ყველა გარემოება და მიზეზი უკრაინის მოქალაქის მიმართ ასეთი ნაბიჯისა”, – დაწერა მან.
● ჩამოვა – არ ჩამოვა. რას ფიქრობენ საქართველოში სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე და რა იქნება შემდეგ?
● რეფერენდუმი, კოკაინი და სისხლიანი ბანერები. მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ 2 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში
● რას ვირჩევთ 2 ოქტომბერს? ხუთი ნიშანი, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოში თვითმმართველობა არ არის
სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ათი წლის განმავლობაში, ორი ვადით ეკავა. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ “ნაციონალური მოძრაობამ” არჩევნები წააგო და მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა დასრულდა, სააკაშვილმა დატოვა ქვეყანა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.
ამ წლების განმავლობაში ის ცხოვრობდა ევროპასა და შეერთებულ შტატებში, შემდეგ კი დასახლდა უკრაინაში, სადაც ჯერ ექს-პრეზიდენტ პოროშენკოს გუნდის წევრი და ოდესის გუბერნატორი იყო, შემდეგ კი პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა.
ბოლო წლებში იგი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რეფორმების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. სააკაშვილი ამჟამად არ არის საქართველოს მოქალაქე – მოქალაქეობა მან ავტომატურად დაკარგა მას შემდეგ, რაც ექვსი წლის წინ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში, 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის დარბევასა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრაში ადანაშაულებენ. სააკაშვილია ასევე დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეების ფიგურანტი.
სააკაშვილი უკვე არის მსჯავრდებული ორ ეპიზოდზე. მას 6 წლით აქვს ერთ-ერთ საქმეზე აღკვეთილი თავისუფლება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ ძებნილ ექსპრეზიდენტს დააპატიმრებდნენ სამშობლოში დაბრუნებისთანავე.
საქართველოში ჩამოსვლის შესახებ საუბრისას თავად სააკაშვილმაც ხაზი გაუსვა, რომ არ ეშინია დაკავების.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ირჩევენ, თუმცა ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს, სადაც უნდა გადაწყდეს გაიმართება თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და დასრულდება თუ არა ქვეყანაში “ქართული ოცნების” ერთპიროვნული, ცხრაწლიანი მმართველობა.