სალომე ზურაბიშვილი ბერბოკს: მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე მეორე უარს ვერ გაიგებს
სალომე ზურაბიშვილი ანალენა ბერბოკს შეხვდა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამათული შეხვედრისას, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და “ასეთ რთულ ვითარებაში” თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის. მათ შეხვედრას მედია არ ესწრებოდა.
პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტ მხარდაჭერის გამოხატულებას.
სალომე ზურაბშვილის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ ჩამოვიდა რათა თქვას, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს.
,,აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის ნათელი დადასტურებაა“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს.
თავის მხრივ, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, აქ იმყოფება იმისათვის, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს. ,,ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორმების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.“ – განაცხადა ბერბოკმა.
● ანალენა ბერბოკი: ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში
● “შეიძლება ევროპა მართლაც არ არის სათქვენო” – დასავლელი პარტნიორები ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმაურებიან
● საპროტესტო ბანერები – აგენტების წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციებიდან
გერმანიის საგარეო საქმეთა ანალენა ბერბოკი თბილისში 23 მარტს, საღამოს ჩამოვიდა. თბილისის აეროპორტში მისი თვითმფრინავი პრობლემურად დაჯდა – გერმანული გამოცემა The Spiegel წერს, რომ თვითმფრინავის დაჯდომას ასაფრენ ბილიკზე მყოფმა სხვა თვითმფრინავმა შეუშალა ხელი. თუმცა საქაერონავიგაციამ ეს ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ გერმანული ბორტი მეორე ცდაზე ტექნიკური პრობლემის გამო დაჯდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ანალენა ბერბოკს აეროპორტში მისი ქართველი კოლეგა არ დახვედრია. ილია დარჩიაშვილის ნაცვლად გერმანელ სტუმარს მისი მოადგილე, ხათუნა თოთლაძე დახვდა.
ჩამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ბერბოკმა განცხადება გაავრცელა, სადაც ვკითხულობთ, რომ არის მცდელობები, საქართველომ პროევროპულ კურსს გადაუხვიოს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ანალენა ბერბოკმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე და “აგენტების კანონზე” ისაუბრა. მისი თქმით, ამ კანონპროექტის გაწვევის შემდეგ, საქართველოს მთავარი პოლიტიკური ამოცანაა პოლარიზაციის დაძლევა, ნდობის აღდგენა და რეფორმების სრული დამაჯერებლობით განხორციელება.