საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა: ევროკავშირთან საქართველოს მოლაპარაკებები არ უნდა გაეხსნას
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა რუსულ კანონზე
საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტი მიიღო, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას, თუ კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ ამოქმედდა. რეზოლუციის ავტორი ემანუელ მაკრონის პარტიის წევრი, ბენჟამინ ჰადიდია.
რეზოლუციის ტექსტში ასევე ნათქვამია, რომ რომ კანონი შთაგონებულია რუსეთის ფედერალური კანონით და შეუთავსებელია ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებთან და პრინციპებთან, არღვევს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას გაცემულ რამდენიმე რეკომენდაციას.
საფრანგეთი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, შეასრულოს ის რეკომენდაციები, რომლებიც თან ახლდა ვენეციის კომისიის დასკვნას კანონის შესახებ.
“დღეს მე წარვადგენ რეზოლუციას ევროპულ საკითხთა კომიტეტში, რომელიც საქართველოს მოუწოდებს, გააუქმოს უცხოური ჩარევის შესახებ კანონი. ევროპის გული თბილისში ცემს. მხარი დავუჭიროთ ქართველებს.
ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, “ქართული ოცნების” ხელისუფლების არალიბერალური ქმედებების, ოპონენტებისა და ჟურნალისტების დევნისა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გავლენის მიუხედავად.” – დაწერა ადადიმ X-ზე.
აღნიშნული რეზოლუციით საფრანგეთის პარლამენტი გმობს პოლიციის რეპრესიებს დემონსტრაციებზე და უკანონო დაკავებებს, ასევე დაშინებისა და შევიწროების მცდელობებს ოპონენტების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს “საქართველოს მოსახლეობის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს პროტესტი.”
“საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა მტკიცედ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, რადგან ამ კანონის მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალ ფუნქციონირებას, დამოუკიდებელი მედიის არსებობას და შეუთავსებელი იქნება იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომელიც ევროკავშირს გააჩნია.” – ვკითხულობთ რეზოლუციის ტექსტში.