საარჩევნო უბნები საკარანტინე სივრცეებში თვითიზოლაციაში მყოფებისთვის - ცესკო-ს შეთავაზება
ცესკო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს გეგმას, თუ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა ხმის მიცემაში კოვიდინფიცირებულებმა, თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფმა პირებმა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კვირის ბოლოს კოვიდინფიცირებულებს, თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფებს უკვე ეცოდინებათ როგორ შეძლებენ 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
• გავრილოვი, პროპორციული, რკინის ღობე – რით დაგვამახსოვრდება მეცხრე მოწვევის პარლამენტი
• რას ნიშნავს ეს არჩევნები? გია ნოდიას თვალსაზრისი
„ჩვენ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ ამაზე და მთავარი არგუმენტი იყო, რომ ყველაფერი გააკეთოს საარჩევნო ადმინისტრაციამ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ კონსტიტუციური უფლების განხორციელების უფლება. ჩვენი დღევანდელი შეთავაზება არის ის, რომ საკარანტინე სივრცეებში გავხსნათ უბნები, კოვიდინფიცირებულებისთვის გავხსნათ უბნები და ამავდროულად, მათ ვინც ბინებში გადიან როგორც სამედიცინო მომსახურებას, შეიძლება ეს იყოს კოვიდინფიცირებული მსუბუქი ფორმით, მაგრამ თვითიზოლაციაშია, მათ მოვემსახუროთ გადასატანი ყუთებით – ეს არის ჩვენი შეთავაზება”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 569 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, სულ ქვეყანაში დადასტურდა 12 841 შემთხვევა, აქედან 6 867 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 102 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში – 1 393.